ყველზე მეტად სამშენებლო ლარგს და ვაჭრობის სექტორს უჭირს
ქეთო გოგოხია
09.10.2023

ყველაზე მწვავე პრობლემა, რაც დღეს ბზინესს აწუხებს, კადრებთან დაკავშირებული საკითხია. დეფიციტია როგორც კვალიფიციური კადრის, ასევე სამუშაო ძალასთან დაკავშირებით. ფაქტობრივად არ მოიძებნება არც ერთი სფერო, სადაც ეს პრობლემა არ შეინიშნება. ოფიციალური კვლევებითაც დადასტურდა, რომ კომპანიებში კიდევ უფრო გამწვავდა კადრების დეფიციტის პრობლემა.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მესამე კვარტლის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვით, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობა, ისევე როგორც მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი, ყველა სექტორში დადებითად შეფასდა. პოზიტიური შეფასებებისა და ოპტიმისტური განწყობების მიუხედავად, მიმდინარე კვარტალში გამოკითხული კომპანიები, ასევე, საუბრობენ გამოწვევებზე,  რომელიც ხელს უშლის მათ ბიზნესსაქმიანობას.

,,2023 წლის მესამე კვარტალში, კიდევ უფრო გამწვავდა კადრების დეფიციტის პრობლემა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვან ხელის შემშლელ ფაქტორად მიიჩნევა ბოლო რამდენიმე კვარტალია.

სპეციალისტების ნაკლებობის პრობლემა, განსაკუთრებით მძაფრად დასახელდა მშენებლობის სექტორის მიერ, რადგან ქვეყანაში არსებული, მწვავე საკადრო დეფიციტის ფონზე, სექტორში გამოკითხულ კომპანიათა 9%-მა დააფიქსირა თანამშრომელთა შემცირება მესამე კვარტალში, ხოლო სამუშაო ძალის დეფიციტი, ვაჭრობის სექტორისთვის აღმოჩნდა ყველაზე კრიტიკული“, - აღნიშნულია კვლევაში.

კვალიფიციური კადრის დეფიციტზე საუბრობს სოციოლოგი პაატა აროშიძე, რომლის ინფორმაციით, პრობლემაა როგორც აგრარულ სექტორში, ასევე წარმოების სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ვაჭრობაში, მშენებლობაში, ტექნოლოგიურ პროფესიებში და სხვა. აგრონომები, დარგის ექსპერტები, ტექნოლოგები თუ სხვა მაღალი დონის სპეციალისტები ქვეყანაში ძალიან ცოტაა. რთულია მასშტაბური აგროპროექტების მენეჯერების, სპეც-ტექნიკის ოპერატორების, ტექნიკოსების თუ დამხმარე სპეციალისტების მოძიება.

,,მუშახელის დეფიციტს ბიზნესი ძალიან მწვავედ გრძნობს. დიდ ქალაქებში ამ მხრივ პრობლემას განიცდიან ისეთი სექტორები, როგორიცაა მშენებლობა, ვაჭრობა,  სამეწარმეო საქმიანობა, ტექნოლოგიური მიმართულება და მრავალი სხვა, ძნელად მოიძებნება სფერო, სადაც ეს საკითხი მოგვარებულია. დეფიციტური პროფესიების რაოდენობა იზრდება, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ ახალგაზრდებს არ სურთ არაპოპულარულ ფაკულტეტებზე სწავლა. თუკი ეს ტენდენცია გაგრძელდება, ჩვენი ქვეყანა შეიძლება უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაფინანსების ადგილი გახდეს.

ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური სექტორია სოფლის მეურნეობა, სადაც მწირია ისეთი პროფესიები როგორიცაა: აგრონომი, ვეტერინარი, მექანიკოსი და ა.შ. თუკი დეფიციტზე ვსაუბრობთ, ასეთია ასევე მაღალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული პროფესიებიც, მაგალითად, ნანოტექნოლოგებს საქართველოში რეალურად ვერ იპოვი. ისინი ისედაც თითზე ჩამოსათვლელები არიან და დასაქმებას ძირითადად საზღვარგარეთ ცდილობენ“, - განაცხადა აროშიძემ.

მუშახელის დეფიციტთან ერთად, გარკვეული პრობლემაა შრომის ანაზღაურების საკითხიც, რამაც მიგრაციული პროცესები გაააქტიურა. რაც შეეხება პროფესიულ სასწავლებლებს, მათი უმეტესობა 2 ან 3-წლიანი პროგრამით ამზადებს სპეციალისტებს და ამით ადამიანი პოფესიულ ცოდნას ვერ იღებს.

,,ცოდნის სიმცირეა. შეიძლება იმიტომაც, რომ პროფესიული სასწავლებლების რაოდენობა არ არის საკმარისი. გარდა ამისა, 2-3-წლიანი პროგრამები აკადემიური ცოდნის მისღებად არასაკმარისია, თუმცა კვილიფიკაციის კუთხით დამაკმაყოფილებელია. სასურველია, რომ სწორედ ისეთი პროფესიები ფინანსდებოდეს, სადაც მოთხოვნა მეტია. სამწუხაროდ, ამას არავინ ითვალისწინებს და ყველა ოჯახი ცდილობს ისეთი განათლება მისცეს შვილს, რომელიც ქალაქში დამკვიდრების შესაძლებლობას გაუჩენს.

შრომის ადგილს საქართველოს ბაზარზე ხშირად იკავებს უცხო ძალა იმის გამო, რომ ჩვენ დამსაქმებელს სპეციალისტებს ვერ ვთავაზობთ. ამ დროს მოქალაქეები უცხოეთში იაფ მუშახელად მიდიან. მათ აქვთ უნარი, სამშობლოში უფრო ღირსეული სამუშაო შეასრულონ, მაგრამ შესაბამისი ცოდნა არ გააჩნიათ", - აღნიშნა აროშიძემ.

როგორც ბიზნეს ასოციაციის კვლევაშია აღნიშნული, კვალიფიციური კადრების კუთხით ყველაზე მეტად მშენებლობის სფეროს უჭირს, რასაც ადასტურებს კომპანია ,,არსის“ აღმასრულებელი დირექტორი ბესო ორთოიძეც. მისი თქმით, პრობლემა კომპანიებში ყველა რგოლის დონეზეა და ეხება როგორც კვალიფიციურ კადრს, ასევე რიგით მუშახელს.

,,მშენებლობის პროდუქტიულობა გაცილებით მეტია, მაგრამ დარგი ვერ ვითარდება იმის გამო, რომ ადამიანური რესურსის ნაკლებობას განიცდის. ბაზარზე გაცილებით მეტი შესაძლებლობაა, ვიდრე სექტორი დღეს სთავაზობს. პრობლმის მოგვარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ  პროფესიული სასწავლებლის მიმართ კიდევ მეტი ინტერესი უნდა გაჩნდეს, თუმცა მანამდე სასწავლებლები უნდა იყოს და მერე რაღაცნაირად პოპულარული გახდეს ისინი. დღეს ვისაც არ უნდა ჰკითხო დღეს ან იურისტობა უნდა, ან ეკონომისტობა, ან ექიმობა და ა.შ. და არავინ არ ამბობს, რომ უნდა მშენებელი იყოს.

რაღაცნაირად სახელმწიფოს მხრიდან მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს პროფესიულ სწავლებაზე, სახელმწიფომაც უნდა იცოდეს თუ რა სახის კადრები სჭირდება გრძელვადიან პერსპექტივაში. შეიძლება საერთოდ არ გვჭირდება ამდენი ეკონომისტი და ა.შ. ასე ვერ შეზღუდავ, მაგრამ რაღაცით წახალისება უნდა მოხდეს, მანამდე კი სასწავლებლები უნდა არსებობდეს, გამოსავალი ეს არის“, - აღნიშნა ბესო ორთოიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან“.

ასეთ არასახარბიელო ფონზე დამსაქმებლებს შორის კონკურენცია სულ უფრო მზარდია. ბიზნესსექტორი ცდილობს, სასურველი კანდიდატები გაზრდილი ანაზღაურებით მოიზიდოს. გარდა ამისა, სულ უფრო მეტი კომპანია უთითებს განთავსებულ ვაკანსიებში ანაზღაურებას, რაც ადრე არც ისე ხშირად ხდებოდა. წლიური ზრდის ტრენდს ინარჩუნებს დასაქმების პორტალებზე განთავსებული ვაკანსიების რაოდენობაც.

SS.ge-ს დასაქმების კატეგორიის განვითარების მენეჯერის ანა ჩაჩანიძის თქმით,  პანდემიის დროს, კვალიფიციური კადრების თითქმის ორწლიანი გადინების შემდგომ, დღეს მათი შევსების პროცესი კომპანიებში ზოგ შემთხვევაში წარმატებულად, ზოგიერთ შემთხვევაში კი ნაკლებად წარმატებულად მიმდინარეობს.

„კადრების დეფიციტის გამო, დამსაქმებლებს შორის გამძაფრებულია კონკურენცია, რის გამოც მათ უწევთ ხელფასების გაზრდა და ამ გზით ცდილობენ, კანდიდატები მოიზიდონ. დამსაქმებლებს სასურველი კანდიდატების მოძიება განსაკუთრებით დაბალ და საშუალო ხელფასიან პოზიციებზე უჭირთ, რადგან პოტენციური დასაქმებულების სურვილი, დამსაქმებლის სურვილს არ ემთხვევა ანაზღაურებასთან დაკავშირებით. ამ მიზეზების გამო, სხვადასხვა სექტორში, ბოლო 1 წელში, საშუალო ხელფასები დაახლოებით 15-20%-ითაა გაზრდილი.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ისაა, რომ შეიცვალა კომპანიების ქცევა. მათ დიდ ნაწილს, კერძოდ, 60-70% პროცენტს ანაზღაურება უკვე მითითებული აქვს ვაკანსიებში, რაც ადრე არ ხდებოდა“, - აღნიშნა ანა ჩაჩანიძემ ,,ბიზნესპარტნიორთან“.

მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის ზაფხულში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით,  მათ ვებ-გვერდზე ვაკანსიების რაოდენობა 23%-ით გაიზარდა და 12-13 ათასი შეადგინა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×