თამთა ჩაჩანიძე
15.04.2024

პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა მწვავე ფიზიკური დაპირისპირებით დაიწყო - მაშინ, როცა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე დეპუტატებს პროექტის დეტალებს აცნობდა, „მოქალაქეების" დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა მოულოდნელად თავში ჩაარტა, რამაც შემდეგ ვითარება უფრო გაამწვავა. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ რაც უფრო მოახლოვდება კანონპროექტის დამკიცების დრო, ვითარება მით უფრო დაიძაბება და გამწვავდება.

ინციდენტიდან მალევე ალეკო ელისაშვილი მანდატურმა პარლამენტიდან გააძევა, ის შენობის გარეთ მიმდინარე აქციას შეუერთდა და მედიასთან კომენტარებიც გააკეთა. დაძაბულობის განმუხტვის შემდეგ, პარლამენტის პირდაპირი ტრანსლირება აღდგა, სხდომა განახლდა და მდინარაძე კვლავ ტრიბუნას დაუბრუნდა.

თუმცა, მალევე სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე, თავმჯდომარემ სხდომათა დარბაზიდან 4 ოპოზიციონერი დეპუტატი - პაატა მანჯგალაძე, გიორგი ვაშაძე, ლევან ხაბეიშვილი და ხატია დეკანოიძე გააძევა. სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ანა ნაცვლიშვილმა და თამარ კორძაიამ.

განხილვის პარალელურად, პარლამენტის უკანა შესასვლელთან ხალხი იყო შეკრებილი, აქცია დაიგეგმა ორშაბათს საღამოს, 19:00 საათზეც. პარალელურად „ოცნებამ" დაანონსა, რომ აღნიშნულ კანონპროექტს პირველი მოსმენით 15 აპრილსვე მიიღებდნენ.

რა განცხადებები გაკეთდა

პარლამენტის შენობიდან გამოსულმა „მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ ახლა ქუჩაში გამოსვლის დროა.

„ის გავბედე, რაც ვერავინ ვერ გაბედა ოპოზიციიდან. ყველას უნდოდა და არავის ერთი ადგილი არ ჰქონდა. არასდროს კაპიკი არ ამიღია. მე ვარ მართალი ჩემს საქართველოსთან. სულ ვცდილობდი, მეთანამშრომლა, მელაპარაკა. რუსეთში მიგვათრევენ, ხალხნო. „ქოცი", „ნაცი" არ აქვს მნიშვნელობა. რუსეთში მიგვათრევენ, ამას წყალი არ გაუვა. სამი საათია, ბლუკუნებენ. მდინარაძემ შუბლის ძარღვი გაიწყვიტა.

„ახლა სახლში დაჯდომის დრო არ არის, ახლა ქუჩაში გამოსვლის დროა. ესენი უნდა გავყაროთ თავისი რუსული კანონიანად. ამოვიდა ყელში. მივეცი ცხვირში იმ რუსის აგენტს. ბოდიში ყველასთან, მაგრამ ეს კანონი უნდა გავუკეთოთ ტ-ში. ან ქართველები ვართ, ან მონები. ჩვენ არ ვართ მონები. მუშტი მოხვდა მდინარაძეს იმ რუსულ სიფათში. ეს კანონი არ უნდა გავატანინოთ. მდინარაძეს, რუსის აგენტს მივეცი ცხვირ-პირში", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მამუკა მდინარაძის თქმით კი, ელისაშვილის თავდასხმა შემთხვევითი არ ყოფილა და ეს იყო დაგეგმილი.

„ჯერ ეს ქურდულად მოპარვა და ხელის დარტყმა, რომელ კაცობაში, ქართველობაში ზის და ცხოვრებაში ამას რომ ვერ გამიბედავდა ეს „კაცი", ამაზე ლაპარაკი აღარ არის. ყველა ადამიანს აქვს თავისი აზრი და რწმენა და ამის გამო ერთმანეთს რუსები არ უნდა ვეძახოთ, თორემ მერე ასეთი არამზადები სარგებლობენ და ვითომ კაცობენ, ამას საკადრისი პასუხები გაეცემა. ასეთი ტიპის მიპარვით, ქურდულ, არაკაცურ, ფლიდურ ძალადობას შობს ეს ცრუ ნარატივი, რომელსაც ჩვენს მიმართ ვხედავთ.

„რამდენიმე დღის წინ ჩემმა მეგობარმა მომწერა მესიჯი, რომელიც მისმა მეგობრის შვილმა მისწერა, რომელიც სხვათა შორის შარშან აქციებზე იდგა. სხვათა შორის რამდენიმე ჟურნალისტს ჩავუგდე რამდენიმე დღის წინ ეს მესიჯი - იქნებ მამუკა მდინარაძეს მიაწვდინოთ ხმა, დღეს ერთ-ერთი ონლაინ გამოცემა რომ არ დაუშვით, ერთი გოგოა, ეგ უნდა შევიდეს მდინარაძესთან ინტერვიუზე. პარლამენტში ვინც ჩვენები არიან არცერთს არ აქვს არაფრის თავი და იქნებ ამან ცოტათი მაინც მიაბანძოს ძალიან შეუბერაო.

„წესით პროვოკაციებს იკადრებენ, ამ დღეებში უკადრებელს იკადრებენ და მინდა იცოდესო. ეს იყო დაგეგმილი, სავარაუდოდ გადახდილი პროვოკაცია, რომელიც ალეკო ელისაშვილმა იკადრა. ეს არის შეკვეთილი პროვოკაცია. თუ ჩხუბი უნდოდა, პირისპირ მოვიდეს, ეს არის შეკვეთილი პროვოკაცია ალეკო ელისაშვილის - ძალით კაცის შესრულებით", - განაცხადა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ კი ყველა მხარეს დამშვიდებისკენ მოუწოდა, თუმცა დასძინა, რომ უმრავლესობის ლიდერისთვის მოქნეული ხელი უმრავლესობის ყველა დეპუტატს მოხვდა და ეს ღირსების საკითხია.

„არა რუსულ კანონს, კი საქართველოს ევროპაში, ღირსებით. ახლა გციტირებთ თქვენ, ბატონო მამუკა [მდინარაძე], რადგან თქვენ იქეცით ფლაგმანად, ოღონდ არა ხელოვნურად, არამედ კანონპროექტზე და ობიექტურ რეალობაზე დაყრდნობით. მადლობა უმრავლესობის ლიდერს, მაღალი პოლიტიკური შეგნებისთვის და ადამიანური ღირსებისთვის. მინდა, ყველას მოვუწოდო დამშვიდებისკენ. იმას, რაც ამ დარბაზში მოხდა, თავის სახელს დაარქმევს საზოგადოება და ამაში მკაცრი და ჯანსაღი იქნება.

„ბევრს გულში უხარია, გული მოეფხანა და ჰგონია, რომ „ქართული ოცნების" წევრებზე თავდასხმა წაახალისა. ე, მანდ, პირიქით არ გამოვიდეს ამ ინციდენტით, პირიქით წახალისება. ამიტომ, მოვუწოდებ საზოგადოებას, დავმშვიდდეთ ყველა მხარე. უმრავლესობის ლიდერზე მოქნეული ხელი ჩვენ ყველას მოგვხვდა და ეს ჩვენი ღირსების საკითხია. მიუხედავად ამისა, მივყვები მამუკას მდგომარეობას და ვფიქრობ, რომ ყველაფერი მშვიდობიანად უნდა იყოს, თუმცა სახელი ყველაფერს უნდა დაერქვას",- განაცხადა ოდიშარიამ.

„ჩვენი მიზანი ამ სხდომის მიმდინარეობისას იყო, რომ კიდევ ერთხელ გაეგო ივანიშვილის პარტიას ქართველი ხალხის ხმა, რომელიც ეუბნება „კი"-ს ევროპას და „არა"-ს რუსულ კანონს. ჩემი მოთხოვნა, რომ შეწყდეს სხდომის მიმდინარეობა და გაიწვიონ რუსული კანონი, დასრულდა ჩემი კომიტეტიდან გაძევებით", - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისივე თქმით, ეს კანონი ეწინააღმდეგება ქვეყნის ეროვნულ და ევროპულ ინტერესებს.

„კომიტეტზე მოვითხოვე, რომ შეწყვეტილიყო რუსული კანონის ყოველგვარი განხილვა, ივანიშვილის პარტიას გაეწვია რუსული კანონი. ძალიან კარგად ვხედავთ, რომ ისევე როგორც შარშან, როდესაც ქართველი ხალხის ძალისხმევამ და პროტესტმა გააწვევინა ივანიშვილის პარტიას რუსული კანონი, რამაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა ის, რომ საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი, წელსაც რუსული კანონი იწვევს დაპირისპირებას, რომელიც ვერ იქნება და არ არის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ და ევროპულ ინტერესში.

„ჩვენი მიზანი ამ სხდომის მიმდინარეობისას იყო, რომ კიდევ ერთხელ გაეგო ივანიშვილის პარტიას ქართველი ხალხის ხმა, რომელიც ეუბნება „კი"-ს ევროპას და „არა"-ს რუსულ კანონს. მხოლოდ იმიტომ, რომ დავაყენე მოთხოვნა, რომ შეწყდეს სხდომის მიმდინარეობა და გაიწვიონ რუსული კანონი, ანრი ოხანაშვილის და მამუკა მდინარაძის გადაწყვეტილებით იძულების წესით მომიწოდეს კომიტეტის სხდომის დატოვებისკენ. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ რუსული კანონი არ გავიდეს საქართველოს პარლამენტში, რადგან ეს ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ და ევროპულ ინტერესებს.

„ეს არის დიდი დარტყმა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და სწორედ ამაზე მეტყველებს საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობის წინააღმდეგობა რუსული კანონის მიმართ", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

რას მოასწავებს 15 აპრილის დაპირისპირება

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ქართული ოცნების" აღშფოთებულ გულშემატკივრებს სთხოვს, რომ ძალადობას ძალადობით არ უპასუხონ, რადგან ეს არაა დემოკრატიული ცხოვრების წესი და მმართველი გუნდის მხარდამჭერები რადიკალურად განსხვავდებიან „ნაცნაძირლებისგან".

„ალეკო ელისაშვილის დანაშაულზე რომ ვთქვა არაკაცობაა, რბილად ნათქვამი იქნება. ელისაშვილი არის პოლიტიკური მეძავი, რომელიც "ლელოში" თუ ხუთპროცენტიან ბარიერთან ახლოს მყოფი სხვა ნაცპარტიაში სიაში მოსახვედრად, თავისიანებსაც კი დაალომბარდებს. პოლიტიკურ კულუარებში არაფერი იმალება, ყველაფერია ცნობილი. ძალიან ვთხოვ, "ქართული ოცნების" აღშფოთებულ გულშემატკივრებს ძალადობას არ უპასუხონ ძალადობით, რადგან ეს არაა დემოკრატიული ცხოვრების წესი და მმართველი გუნდის მხარდამჭერები რადიკალურად განვსხვავდებით ნაცნაძირლებისგან", - წერს აბაშიძე „ფეისბუქზე".

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ წინასაარჩევნოდ ოპოზიციას მუშტი-კრივი არ აწყობს და წესით დღეს ოპოზიციის ინტერესებში ესკალაციიის გაგრძელება და პროცესის რადიკალიზაცია არ უნდა შედიოდეს.

„პარლამენტში ძალიან ცუდი რამ მოხდა. მიუხედავად ყველაფრისა, ვთვლი, რომ ელისაშვილი ვალდებული იყო, რომ თმენის ვალდებულება გამოეყენებინა და ასეთ ინციდენტში არ ჩარეულიყო. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პარლამეტში მუშტი-კრივით ამ ქვეყანაში არასდროს არაფერი გადაწყვეტილა.

„ბოლო 30 წლის მანძილზე ბევრი მუშტი-კრივი გვინახავს, სამწუხაროდ ეს პირველი შემთხვევა არაა და ასეთ ფაქტს არასდროს კეთილი გავლენა არ მოუხდენია მიმდინარე პროცესებზე. მესმის, რომ ემოციური დაძაბნულობაა, ყველაფერი გასაგებია, მაგრამ როცა პარლამენტის წევრი ხარ, გაცილებით მშვიდი და სტაბილური უნდა იყო.

„ვალდებული ხარ სტაბილური იყო. მითუმეტეს, როცა იცი, რომ გარეთ ხალხია შეკრებილი, იცი, რომ სიტუაციის ესკალაცია შესაძლოა სწორედ ხელისუფლებისთვის იყოს მომგებიანი და არა ოპოზიციისთვის. ამასთანავე, ზოგადი პოლიტიკური ვითარება, რაც ქვეყნის შიგნით და გარეთაა, ვალდებული ხარ, რომ ამასაც ანგარიში გაუწიო,ადამიანურ ფაქტორს რომ დავანებით თავი და იმ ინციდენტს, რომელიც რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ულამაზოდ და ცუდად გამოიუყურებოდა.

„ეს დაპირისპირება ნიშანია იმის თუ რამდენად პოლარიზებულია და რამდენად განსხვავდება ამ კანონთან მიმართებაში საზოგადოება. ესაა „ქართული ოცნება" და მისი მხარდამჭერები დანარჩენი საზოგადოებისა და მთელი ცივილური სამყაროს წინააღმდეგ. ამ დაპირისპირებით რა შედეგს ელიან და რატომ ჰგონიათ, რომ ეს მათ სიკეთეს მოუტანთ, უბრალოდ არ მესმის.

„თუ დღეს ვინმე ცდილობს, რომ ქვეყანაში არასატაბილური მუხტი შემოიტანოს, ეს სწორედ „ქართული ოცნებაა" და არა რომელიმე სხვა, მითუმეტეს ჩვენი პარტნიორი ქვეყანა. მათი არგუმენტები, რაზეც დღეს ისინი ლაპარაკობდნენ, დემაგოგიის მწვერვალია და არანაირი სერიოზულობა ამ არგუმენტებში არაა, საერთოდ ყველას და ყველაფერსაა აცდენილი.

„როგორც ჩანს „ოცნება" ცდილობს, რომ საარჩევნო პროცესი ამ ფონზე ჩაატაროს და მიიყვანოს. გასაგებია რატომაც უნდათ ამ კანონის მიღება და როგორაც გამოიყენებენ, თუ ისინი საბოლოოდ მიიღებენ",- განაცხადა ძაბირაძემ.

კითხვაზე, რამდენად დაიძაბება სიტუაცია მოსმენებზე, ძაბირაძემ გვითხრა:

„ოპოზიციის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩემი აზრით, ასეთი კონფლიქტური სიტუაციები აღარ უნდა შექმნან, თუმცა, გამორიცხული არაფერია. დღეს ოპოზიციის ინტერესებში ესკალაციიის გაგრძელება და პროცესის რადიკალიზაცია არ შედის. ისედაც საკმაოდ ერთგავროვანია დამოკიდებულება ამ კანონის მიმართ, როგორც ქართულ საზოგადოებაში, ისე ჩვენს მეგობარ ქვეყნებში.

„ახლა უფრო მეტის მიღწევა და დაძაბულობის შეტანა არაფრისმომცემია. ეს ყველაფერი იქითკენ წავიდა, რომ დაძაბულობა და დაპირისპირება არჩევნების შედეგებში გადაიყვანოს და არა ის, რომ დღესვე შეეცადოს გარდატეხის შეტანას, რაც ვფიქრობ, რომ ხელისუფლებისთვის უფრო მომგებიანია, ვიდრე ოპიზიციისთვის",- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×