ნატალია ჯვარიძე
13.04.2024

მმართველი პარტიის მთავარ ოფისთან შაბათს გამართულ საპროტესტო აქციაზე ცნობილი გახდა, რომ პარტია „ქართული იდეის" ლიდერმა ლევან ჩაჩუამ „ალტ-ინფოს" პარტია აჩუქა. თავად „ალტ-ინფოს" ლიდერები აცხადებენ, რომ თუ ამასაც გააუქმებენ, უფრო მასშტაბურ აქციებსა და რადიკალურ მოქმედებებზე გადავლენენ. რამდენად სამართლიანი იყო იუსტიციის სამინისტროს მიერ „ალტ-ინფოს" დაფუძნებული პარტია „კონსერვატიული მოძრაობისათვის" რეგისტრაციის გაუქმება და დაკარგა თუ არა ამით „ოცნება" კონსერვატიულად განწყობილი ამომრჩევლების მხარდაჭერა?

13 აპირლს, 14 საათზე „ოცნების" მთავარ ოფისთან, მშვიდობის ხიდსა და საპატრიარქოს შენობას შორის „კონსერვატიული მოძრაობის" წევრებმა გზა გადაკეტეს. აქციის მთავარი ლოზუნგი იყო „არა „ოცნების" რეჟიმს" და ამით მისმა მონაწილეებმა რამდენიმე დღის წინ იუსტიციის სამინისტროს მიერ „კონსერვატიული მოძრაობისთვის" რეგისტრაციის გაუქმება გააპროტესტეს.

მიტინგზე ისმოდა როგორც მმართველი პარტიის, ისე „ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკა. აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად „ქართული ოცნების" პარტიული დროშაც დაწვეს.

ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის შეფასებით, „ოცნების" გადაწყვეტილება პარტია „კონსერვატიული მოძრაობისთვის" რეგისტრაციის გაუქმება ერთგვარი პასუხი იყო დასავლეთისთვის, რომელსაც „ოცნების" პრორუსულობაზე აქვს ეჭვი. თუმცა, მისივე თქმით, ეს ნაბიჯი ხელისუფლებას საფრთხეს უქმნის, რადგან არჩევნებში კონსერვატიულად განწყობილ ადამიანების მხარდაჭერას დაკარგავენ.

„დასავლეთს სულ ეჭვი აქვს, „ოცნება" რუსეთისკენ ხომ არ არის გადახრილი. ვფიქრობ, რომ სწორედ ეს იყო პარტია „კონსერვატიული მოძრაობის" რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი, რათა ჩვენმა პარტნიორებმა არ იფიქრონ, რომ ხელისუფლება რუსეთისკენ იხრება. ხოლო დასავლეთს კი ჰგონია, რომ „ალტ-ინფო" პრორუსული პარტიაა. თან თუ გავიხსენებთ, იქამდე აშშ-ის ელჩთან შეხვედრა იყო და შესაძლოა, „ოცნებამ" დასავლეთს ასე უპასუხა.

„ეს გადაწყვეტილება „ოცნებას" გარკვეულ საფრთხეს უქმნის. კერძოდ, მოსახლეობის ნაწილი, რომლებსაც კონსერვატიული ორიენტაციები აქვთ, ისინი სხვა დასაყრდენს მოძებნიან და ხელისუფლებას ზურგს შეაქცევენ.

„მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ „ალტ-ინფო" აღდგეს. ლევან ჩაჩუამ თუ მათ რეალურად პარტია აჩუქა და თუ ესეც არ გაუქმდება, მათ არჩევნებზე შანსი ექნებათ, რადგან საქართველოში კონსერვატიულად მოაზროვნე ადამიანები არსებობენ. გაუქმების შემთხვევაში მეეჭვება, რომ ამ ჯგუფმა რაიმე ძალადობრივი აქციებისკენ გაიხედოს, რადგან ცხადია, რომ დღეს ასეთი ტიპის აქციები არ არის შედეგიანი და ეს ყველამ კარგად იცის". - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოს დავით ზურაბიშვილს კი მიაჩნია, რომ „ალტ-ინფო" ხელისუფლებას კონკურენციას უწევდა და სწორედ ამიტომ გაუუქმეს რეგისტრაცია, თუმცა ამ გადაწყვეტილების საფრთხეს ვერ ხედავს. მისივე თქმით, მომავალში „ალტ-ინფოს" მხრიდან რაიმე სერიოზულ ძალადობრივ აქციები მოსალოდნელი არ არის.

„ხელისუფლების მხარდამჭერთა 90% ანტიდასავლელი ამომრჩეველია. „ალტ-ინფო", როგორც კონკურენტი, მათ არ სჭირდებოდათ. როგორც ჩანს, ამ ჯგუფმა უფრო მეტი მოითხოვა, მეტი დამოუკიდებლობა და შესაბამისად, „ოცნებას" ამაზე რეაგირება ჰქონდა.

„მე ვერ ვხედავ, რომ ეს გადაწყვეტილება „ოცნებას" რაიმე საფრთხეს შეუქმნის. არც ის მგონია, რომ ახალი პარტია, რაც ლევან ჩაჩუამ აჩუქა, ისევ გაუუქმონ, მაგრამ თუ ეს მაინც მოხდება, არ მგონია ამას რაიმე ძალადობრივი აქციები მოჰყვეს, რადგან ისინი ხელისუფლების საწინააღმდეგო ქმედებებისთვის დაიჯსებიან და ეს კარგად იციან. ამრიგად, მე რაიმე სერიოზულს არ ველი.

„აღსანიშნავია ისიც, რომ იქ, იმ ჯგუფში ვინც არის სამწუხაროდ, გაჭირვებული და ცხოვრებისგან ნატანჯი ხალხია, გარდა ლიდერებისა. ამიტომ ხელისუფლებას ასეთი ხალხის მოსყიდვა არ გაუჭირდებათ", - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×