ელზა პაპოშვილი
12.04.2024

პრემიერ ირაკლი კობახიძის და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის შეხვედრა ახალი პოლიტიკური დისკუსიის მიზეზი ხდება - რა თქვა გერმანიის კანცლერმა „გამჭვირვალობის კანონის“ შესახებ და როგორი იყო კობახიძის პოზიცია? მთავარი სასაუბრო თემა პრემიერ ირაკლი კობახიძესა და გერმანიის კანცლერს შორის „გამჭვირვალობის კანონი“ იყო. ირაკლი კობახიძეს მოუწია შოლცის მთავარ კრიტიკულ გზავნილებზე საჯაროდ პასუხის გაცემა. პრემიერი ამბობს, რომ კანონპროექტი, რომელიც მარტის აქციებიდან ერთი წლის შემდეგ ხელისუფლებამ ისევ დააბრუნა, მავნებელი არ არის.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ  კანონზე პირისპირ შეხვედრის დროს შოლცთან ბევრი ისაუბრა - „კანონი ეფუძნება სამართლებრივ პრინციპებს. მე ვუმტკიცებდი ამას ბატონ კანცლერს“, - ამბობს პრემიერი. 

კობახიძემ შოლცთან ხელი არასამთავრობო ორგანიზაციებისკენ გაიშვირა და თქვა, რომ ისინი არალეგალურად ფინანსდებიან და 2020 წლის შემდეგ იყო ორი შემთხვევა, როცა ხელისუფლების ცვლილება სურდათ არა არჩევნებით, არამედ აქციებით.    

„იმედი მაქვს, ამ კანონს ისევ უკან გაიწვევთ. ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა,“ - თქვა მიკიბვ-მოკიბვის გარეშე გერმანიის კანცლერმა. 

შოლცმა ერთობლივ კონფერენციაზე საქართველოს პრემიერს პირდაპირ უთხრა, რომ უკმაყოფილოა რუსული კანონის უკან შემობრუნებით და იქვე აღნიშნა, რომ ის შარშანდელის ანალოგია. თქვა, კობახიძესთან პირად საუბრებში კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობასო.

„ჩვენ, მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს.  ახალი კანონპროექტი, ფაქტობრივად, არ შეცვლილა და ის თითქმის იგივეა, რაც შარშან. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენი და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას. ამიტომ ჩვენს საუბარში კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას, ოპოზიციისა და მთავრობის თანამშრომლობას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი განვითარებისთვის", - განაცხადა შოლცმა.  

„ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა. არსებობს დისკუსია იმის შესახებ, რომ ტრანსფარენტულობა დამყარდეს სხვადასხვა სფეროში, მაგრამ ეს სრულიად სხვა კონცეფცია გახლავთ და დიდი ალბათობით, არც იქნება გადაწყვეტილი,“ - ამბობს კანცლერი.   

ირაკლი კობახიძე კი კანონის საჭიროებას გამჭვირვალობით აუცილებლობით ხსნის და ამბობს, რომ „ოცნების“ პოზიციები მყარია.

„ჩვენი პოზიციები ძალიან მყარია, ეს კანონი ძალიან მოკლეა და ერთადერთი, რასაც აღნიშნული კანონი ითვალისწინებს, არის ყოველწლიური გასაჯაროება ფინანსებისა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. ვერავინ იტყვის, რომ ფინანსების გასაჯაროება შეიძლება უარყოფითად აისახოს ამა თუ იმ ორგანიზაციის საქმიანობაზე. 

ერთადერთი, რასაც აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებ,ს ფინანსების ყოველწლიური გასაჯაროებააა - არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიების,“ - ამბობს კობახიძე.

პრემიერი კანცლერთან ამბობს, რომ საქართველო ევროკომისიის რეკომენდაციებს ასრულებს და იმედოვნებს, რომ „საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები ჯეროვან შეფასებას დაიმსახურებს".

„მე დავუდასტურე ფედერალურ კანცლერს საქართველოს მხარდაჭერა ევროპული  ღირებულებისათვის. საქართველოს საშუალოვადიან პერსპექტივას წარმოადგენს ევროკავშირში გაწევრიანება და ისე, რომ როგორც კანცლერმა 2 წლის წინ ძალიან სწორად აღნიშნა, ევროკავშირი თავისუფალ ხალხებს ლისაბონიდან თბილისამდე აერთიანებს. ჩვენ ვაგრძელებთ რეფორმათა პროცესს, ვაკეთებთ ამას ევროკომისიის მიერ დაფიქსირებული რეკომენდაციის ფარგლებში და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები ჯეროვან შეფასებას დაიმსახურებს,“ - თქვა კობახიძემ.   

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან“ მიიჩნევს, რომ გერმანიის კანცლერის განცახდებები საკმაოდ მწვავე და პრინციპულია. არ გამორიცხავს, რომ დასავლეთიდან „ოცნებაზე“ ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდეს. ფიქრობს, რომ ევროკავშირში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქვეყნის ლიდერის ასეთი პირდაპირი  განცახდება „ოცნებისთვის“ საგულისმხო და საყურადღებო უნდა იყოს. 

„მგონია, რომ პრემიერი ირაკლი კობახიძეც ძალიან რთულ სიტუაციაშია, რადგან ასეთი მწვავე განცხადებების ფონზე ველი, რომ ევროკავშირიდან ზეწოლა კიდევ უფრო  გაძლიერდება. სამწუხაროდ თავად მმართველ გუნდშიც იციან, ამ ყველაფერს რა შეიძლება მოჰყვეს, მიუხედავად ამისა, სხვა გზა არა აქვთ, რადგან ამას ბიძინა ივანიშვილი ავალებთ. მათაც იციან, რომ ევროპა ამ კანონპროექტთან დაკავშირებით პრინციპული იქნება დ ქმედით ნაბიჯებს გადადგამს.   

„სამწუხაროდ კარგს არაფერს ველი და არ გამოვირცხავ, რომ „ოცნების“ ზოგიერთ მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაც კი მოუწიოთ. ასევე მათ ოჯახის წევრებზეც. ქვეყნის შიგნითაც მოლოდინი მაქვს, რომ პროცესები ისევ დაიძაბება როდესაც ჩვენი საზოგადოება ხედავს, რომ ხელისუფლება ევროპულ გზას უხვევს და ჩვენს მოსახლეობას ამ მომავალს ართმევენ,  მათი რეაქცია ყოველთვის მწვავეა ხოლმე. ამიტომ როგორც კი პარლამენტში მისი განხილვა დაიწყება და მიიღებენ, ისევ შარშანდელი პროცესების გაგრძელებას ველი“, - ამბობს ჩიტაძე.    

ანალიტიკოსი იმასაც არ გამორიცხავს, რომ ევროკავშირთან  მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ ჩიხში შევიდეს. მისი აზრით, „ოცნებას“ ამ კანონის მიღება უფრო დააზიანებს, როგორც ქვეყნის შიგნით,  ასევე მის გარეთ, ვიდრე მისი ისევ უკან გამოწვევა.  

„არ ვიცი,  ეს რისკები რამდენად აქვთ გააზრებული და ამ წინასაარჩევნოდ ქვეყანაში აქციების დაწყება რმდენად უღირთ. ერთი რამ კი ფაქტია, თუკი პროცესებმა ისევ შეუქცევადი ხასიათი მიიღო და ხალხმა კვლავ ქუჩაში გამოსვლა დაიწყო,  ქვეყანაში სიტუაცია ძალიან გართულდება. როდესაც ყველა შენი პარტნიორი გეუბნება, რომ ეს არ არის ევროპული კანონი, მაგრამ შენ ამას ჯიუტად ამტკიცებ, მაშინ რისკებიც გააზრებული უნდა გქონდეს. ამიტომ მე ვერ ვხედავ „ოცნების“ ლოგიკას, გარდა იმისა, რომ მათ ამ კანონის მიღებას ბიძინა ივანიშვილი აძალებთ“, -ამბობს ჩიტაძე.      

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×