ნატალია ჯვარიძე
12.04.2024

„უცხოური გავლენების" შესახებ კანონპროექტის ინიცირებას სხვადასხვა სფეროებში მოღვაწე ადამიანებიც გამოეხმაურნენ. პოლიტიკოსები ორივე მხრიდან კულტურის სფეროს წარმომადგენლებსა და სპორტსმენებზე აკეთებენ აპელირებას. განსაკუთრებულად მწვავედ პოზიცია თეატრალურმა სამყარომ გამოხატა. ერთი ნაწილი ამას მწვავედ აფასებს და აცხადებენ, რომ ეს რუსული კანონია. მეორე მხარე კი ამბობს, რომ „ენჯეოების" ყოველი ხარჯი უნდა იყოს გამჭვირვალე და ამაში ცუდ ვერაფერს ხედავენ.

რეჟისორმა დავით დოიაშვილმა ზესტაფონის თეატრში სპექტაკლის შემდეგ მაყურებელს სიტყვით მიმართა - „არა რუსულ კანონს". რეჟისორის გამოსვლას მწვავე რეაქციები მოჰყვა. ზოგი ეთანხმება და მიაჩნია, რომ თავისი პოზიციის დაფიქსირება ნებისმიერს შეუძლია და სცენა პროტესთვისაც გამოიყენება. სხვებმა კი ეს პოლიტიკურ მოწოდებად ჩათვალეს.

მსახიობი და პოლიტიკოსი ზაზა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რითაც დათო დოიაშვილსა და მის მსახიობებს მიმართავს და „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდს ახსენებს.

„ამ ოცდათხუთმეტი წლის განმავლობაში, შინ თუ გარეთ, ჭირში თუ ლხინში, სცენაზე თუ პოლიტიკაში, ბადროს ტყორცნაში თუ ქსოვაში, ვინ რისი მაქნისი, რისი გამკეთებელი იყო, ანდა სინამდვილეში რა ედო გულში, ყველაფერი კარგად გამოჩნდა.. ახლაც მშვენივრად ჩანს... ოღონდ, ეგ არის, რომ უტიფრობამ და უსირცხვილობამ, უმადურობამ და ქაჯობამ იმატა...

თეატრის სცენიდან მაგ მდარე, კონიუნქტურაში ამოვლებულ, პროპაგანდის შმორის სუნით აყროლებულ, მონურად, ცალ ფეხზე მოცახცახე კაცუნების დონის განცხადების კეთებას საკუთარი თავისთვის ჯობდა, გეკითხათ - რატომ ვიყავით გატრუნული, როცა ეს ნაც.შპანა ჩვენხელა გოგო-ბიჭებსა ან მათ მშობლებს ხოცავდა და ოჯახებს ანადგურებდაო? ანდა გვეყოფოდა გამბედაობა კი, ვივამედელი, არაჟნით ჩაჯმული მკვლელის რეჟიმისას სცენიდან კი არა, ერთმანეთისთვის ჩურჩულით გადაგველაპარაკა რამე საპროტესტოო? როცა პასუხს მიაგნებთ, ეგება მაგ მოჩვენებით გამბედაობას „გაეყაროთ" და რამე სიკეთეს ,,შეეყაროთ", - წერს პაპუაშვილი

როგორც ოზურგეთის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძე ამაზე, ვინმემ მსგავსი რაღაც მისი თეატრის სცენიდან რომ გაბედოს, „ყურით გამოათრევს".

„ხვალ ვინმემ რომ მოინდომოს, ჩემი სცენიდანაც იგივე გაიმეოროს, სცენაზე გავალ, ყურში ხელს წავავლებ და გარეთ გამოვათრევ. ეს საკუთარი აზრი არ არის, პოლიტიკური მოწოდებაა. ჩემთვის ეს ძალიან ცუდი და შემაშფოთებელი ფაქტი იყო . არაფერი რუსული ამ კანონში არაა, ეს არის სუფთა ევროპული," - უთხრა ჩიგოგიძემ ტვ „პირველის" ჟურნალისტს.

ოზურგეთის დრამატული თეატრის მსახიობი ირაკლი ურუშაძე ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს არ ეთანხმება. მიაჩნია, რომ მსახიობს საიდანაც საშუალება ეძლევა, აზრი იქიდან უნდა დააფიქსიროს.

„მე ვმუშაობ ოზურგეთის დრამატულ თეატრში. ბატონმა ვასო ჩიგოგიძემ გუშინ დააფიქსირა თავისი მოსაზრება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ყველას აქვს თავისი აზრის დაფიქსირების უფლება. მე, როგორც ოზურგეთის დრამატული თეატრის მსახიობი, არ ვეთანხმები ბატონ ვასო ჩიგოგიძეს ამ მოსაზრებაში და ვფიქრობ, საიდანაც საშუალება გეძლევა მსახიობს, თუ სხვა სფეროს წარმომადგენელს, იქიდან უნდა დააფიქსირო შენი აზრი! თეატრი არ უნდა იყოს რომელიმე ერთი პოლოტიკური თუ პიროვნების საქმის გამტარი. ის ყოველთვის კრიტიკული უნდა იყოს ხელისუფლების მიმართ. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. წინ ევროპისკენ," - დაწერა მსახიობმა.

მსახიობმა რამაზ იოსელიანმა დადებითად შეაფასა კანონპროექტი და თქვა, რომ ენჯეოების ყველა ხარჯი გამჭირვალე უნდა იყოს.

„გამჭვირვალობის კანონზე" მე დადებითი პოზიცია მაქვს. სამხატვრო ხელმძღვანელობის პერიოდში ვალდებული ვიყავი, რომ ჩამებარებინა აბსოლუტურად ყველა ჩემი ხარჯი. ენჯეოებს რომ ჰკითხოთ, მოგცემენ ხარჯებს, საიდან აქვთ ფული ან რაში იხარჯება? ჩემთვის კანონია და მაგათთვის კანონი არ არის?" - კითხულობს იოსელიანი.

„თეატრი არ უნდა იყოს მიკერძოებული... თეატრმა უნდა გააკეთოს საქვეყნო, სასარგებლო საქმე ჩვენი ქვეყნისთვის. რაც სათქმელია, ქვეყნისთვის უნდა თქვა და არა ვიღაცის სიამოვნებისთვის. ესაა ჩემი პოზიცია ყოველთვის," - აღნიშნავს თეატრალური სამყაროს კიდევ ერთი წარმომადგენელი ასმათ ტყაბლაძე.

„რა მაგარია, რომ რასაც გინდა იტყვი, დაწერ, იყვირებ და ამის გამო იცი, ბიზნესს არავის გადაუფორმებ და ოჯახს არავინ აგიწიოკებს. ვინმე არ მოგეწონება? - რუსეთუმეს დაუძახებ, რამე არ მოგეწონება? - რუსულს და ტვინის ჭყლეტაც არ გჭირდება, ისე ამაგდებ ფინთი გოიმივით. როდესაც სახელმწიფო ან ვინმე გაფინანსებს, რა უფლება გაქვს ამის ანგარიში არ წარადგინო? შენ მომეცი ფული და მე როგორც მინდა ასე დავხარჯავ, ეგრე სადაა," - აცხადებს რეჟისორი ქეთი დოლიძე.

თბილისში 9 აპრილს მიმდინარე აქციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი. მან „ინსტაგრამის" „სთორიში" აქციაზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ამასთან, „ფეისბუქ" პოსტი დაწერა გიორგი ქოჩორაშვილის მამამ, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს გზა ევროპაშია.

ამასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განცხადა, რომ ეროვნული ნაკრების წევრის, გიორგი ქოჩორაშვილის მამა „ნაცია". როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, როინ ქოჩორაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენელია.

„რატომ გაგიკვირდათ? რა არის პრობლემა? როინ ქოჩორაშვილი „ნაცია". გახარიას პარტიის წარმომადგენელია. ჩემზე უკეთ იცით ეს და რა არის ამაში გასაკვირი",- აღნიშნა კალაძემ.

კალაძის განცხადებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მოგვიანებით კი,თქვა, რომ თვითონ გიორგიზე კომენტარი არ გაუკეთებია და თავს უფლებას აძლევს და ამბობს, რომ გიორგი ქოჩორაშვილი რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, პატარა მისი დამსახურებაც არის. მისივე განმარტებით, ქოჩორაშვილის მამასთან დაკავშირებით მან უბრალოდ ფაქტი აღნიშნა, რომელიც მარტივად გადასამოწმებელია.

„რადიკალური დაჯგუფებები ვინც არიან, მათში გამოიწვია გაღიზიანება, თუმცა მე არაფერი ისეთი სიახლე არ მითქვამს, ფაქტი აღვნიშნე და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გადაამოწმოს, ჩემი მოგონილი არ არის, მე უბრალოდ თავს მივეცი უფლება მესაუბრა როინ ქოჩორაშვილზე იქიდან გამომდინარე, რომ ის არის პოლიტიკოსი და კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წევრი.

მე ის გამიკვირდა, საერთოდ რომ არ დაწერეს და თქვეს, რომ გიორგი ქოჩორაშვილი „ნაციაო" თითქოს ეს ვთქვი, ამის მკადრებლებიც არიან, ყველაფერს იკადრებენ. შესაბამისად, საზოგადოება ყველაფერს შეაფასებს, ყველაფრის ანალიზს გააკეთებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნახეთ როგორი კამპანია მიმდინარეობს, თქვენ ვერ წარმოიდგენთ ფეხბურთელებთან როგორი ბულინგი მიმდინარეობს, წარმოდგენა არ აქვს საზოგადოებას, როგორ აბულინგებენ სპორტსმენებს, ფეხბურთელებს, რომ ვინმემ რაღაც თავისი მოსაზრება დააფიქსიროს. პირდაპირ იმას ვერ ეუბნებიან, რომ აღნიშნული კანონპროექტი შეაფასონ, მაგრამ ეუბნებიან, რომ ევროპულ მომავალთან დაკავშირებით გააკეთეთ განცხადებებიო.

რა თქმა უნდა, ყველას გვინდა ევროპული მომავალი, ევროპა და ევროპული გაერთიანება, ეს არის ის, რისთვისაც ვიბრძვით, რისთვისაც ვშრომობთ, რისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები, რომ ვიყოთ დამოუკიდებლები, თავისუფლები, ჩვენი კულტურით, ადათ-წესებით და ყველაფრით გავხდეთ ევროპის წევრი ქვეყანა, ეს არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი.

თვითონ გიორგიზე მე კომენტარი არ გამიკეთებია და ახლა ვიტყვი, მივცემ თავს უფლებას - გიორგის მინდა წარმატებები ვუსურვო, ის არის ჩვენი ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურა და არასდროს მიკადრია და არასდროს გამიკეთებია განმარტებები, ინფორმაცია არ მიმიწოდებია საზოგადოებისთვის, რომ გიორგი ქოჩორაშვილი რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი პატარა დამსახურებაც არის. რა, როგორ და რანაირად, არ გავშლი თემას, გულწრფელად მინდა მას წარმატებები ვუსურვო, ბიჭებს წინ აქვთ უმნიშვნელოვანესი თამაშები ევროპის ჩემპიონატზე, მთელი საქართველო გულშემატკივრობს მათ - ყველა, „ქართული ოცნება", სხვა პარტიის წარმომადგენლები, ყველა.

ამ რადიკალებს სიბინძურე და ჭუჭყი უნდათ შეახოცონ ფეხბურთელებს და სპორტსმენებს, არავის არაფერი არ გამოუვათ. ესენი არიან კოლექტიური მაქარაშვილები. რაც მაქარაშვილმა გუშინ იკადრა, ამაზე მას პასუხი მოეთხოვება აუცილებლად", - განაცხადა კალაძემ.

მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი ეწინააღმდეგება კანონს და ამბობს, რომ სცენის ამგვარად გამოყენება მიღებული პრაქტიკაა მთელ მსოფლიოში და არტისტებს, ხელოვანებს ყოველთვის აქვთ უფლება გააპროტესტონ ის, რაც არ მოსწონთ.

„ვინმე თუ იტყვის სცენას როგორ იყენებენ პროტესტისთვისო, (ვინც არ იცით) ეს ყოველთვის მიღებული პრაქტიკა იყო მსოფლიოში. ოსკარის დაჯილდოებაც არ გაქვთ ნანახი, დავიჯერო? არტისტები, ხელოვანები ყოველთვის აპროტესტებენ იმას რაც არ მოსწონთ!" - წერს ტატიშვილი.

„ალბათ, „ქართულ ოცნებას" რისიც ეშინია, არის თავისუფალი ადამიანები და თავისუფალი აზრი. ისე მოხდა, რომ კულტურაზე დიდი შეტევა იყო. ხელოვნებაში ბევრი ადამიანია, ვინც თავის აზრს თავისუფლად გამოხატავს. როგორც ჩანს, ეს ხელისუფლებას დისკომფორტს უქმნის. ეს თავისუფალი მოქალაქეებისა და თავისუფალი აზრის ერთგვარი შიშია. რუსული კანონი, რომელიც ახლა განიხილება, კინოს პირდაპირ შეეხება, ისევე, როგორც უამრავ სხვა სფეროს. კინოს იმ მხრივ შეეხება, რომ ვინც ფილმებს ვიღებთ, ჩვენც არასამთავრობო ორგანიზაციები ვართ. კოპროდუქციის სახით, დაფინანსების ძალიან დიდი ნაწილი ევროპიდან მოდის და გამოვა, რომ ჩვენი ფილმი არის უცხო ქვეყნისა და უცხო ძალის გამომხატველი," - ამბობს რეჟისორი, სალომე ჯაში.

„რატომ უნდა მივიღოთ ის კანონი, რომელიც საქართველოს ევროპულ პერსპექტივას დააკარგვინებს?! კანონი, რომელიც ისევ უკან ჩაგვძირავს იმ ჭაობში, რომელიც თითქოსდა უკან მოვიტოვეთ. ჩვენ ევროპული ქვეყანა ვართ და ამ ქვეყანაში რუსული კანონებით ცხოვრება ვერ და არ გამოვა," - ამბობს კინორეჟისორი, ნანა ჯორჯაძე „ნეტგაზეთთან".

ვეტერანი კალათბურთელი, ვატო ნაცვლიშვილი ამბობს, რომ იმის ახსნა, თუ ეს კანონი რატომ არის რუსული, მარტო იმ ადამიანებს სჭირდებათ, რომლებიც პროპაგანდით არიან გაჟღენთილები.

„ზუსტად ერთი წლის წინ ვიზეიმეთ და გაიმარჯვა ჯანსაღმა აზრმა, მძიმე ფასად, მაგრამ მთავრობა ვაიძულეთ უკან წაეღო ეს კანონპროექტი. არ მეგონა კიდევ ერთხელ თუ მომიწევდა ამაზე საუბარი. რატომაა ეს კანონი რუსული ამის ახსნა მარტო იმ ადამიანებს სჭირდება, ვინც გაჟღენთილია პროპაგანდით. მარტივი მისახვედრია, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა, ელჩები, ყველა ვისაც კი გული შესტკივა და 35 წელია ჩვენს ქვეყანას გვერდით უდგას, გვეუბნებიან, რომ არაა მიზანშეწონილი ამ კანონის მიღება. ჩვენ ოჯახში თუ გინდათ თქვენ ადგილი დაიკავოთ, არ ვართ მომხრე ამ კანონისო. რატომ რუსული?! იმიტომ რომ ცივილური სამყარო გეუბნება, რომ ეს რუსულია! მტერი გვყავს ერთი და სახელი აქვს რუსეთის ფედერაცია!

„რამდენიმე კვირის წინ მთელი ერი გაერთიანებული იყო ფეხბურთელების ასეთი წარმატების გამო და იქ, ამ სიხარულში და ზეიმში, პოლიტიკურ ნიშანს ვერ ნახავდით. ჩვენ ქართველებს ჭირში უფრო გვიყვარს ერთმანეთში მხარდაჭერა და სიხარულს ვერ ვიზიარებთ ხოლმე. მტერი ზუსტად მაგაზე, მაზოლზე გვაჭერს ფეხს. როგორც კი დაინახეს რომ სიხარულის და ბედნიერების გარშემო ვერთიანდებით, ზუსტად მაგის გამოძახილია რომ ეს კანონი ხელახლა შემოიტანეს. უნდათ ერი გახლიჩონ და კიდევ დაპირისპირება იყოს. მარტივი [მისახვედრია] ეს დაპირისპირება ვის აძლევს ხელს. ბედნიერი ერი სწორად აკეთებს წყალგამყოფს იმაზე, რა უნდა თავისი შვილების მომავლისთვის... ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ ვინაა ჩვენი მოკავშირე და ვინ მტერი, მერე სახელების ამქვეყნადაა ამა თუ იმ კანონზე ძალიან მარტივია" - ამბობს ნაცვლიშვილი

მთამსვლელი ბიძინა გუჯაბიძე, ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, Loudspeakers-ის სოლისტი, ლევან ლაუდაძე აპროტესტებენ ამ კანონს და აღნიშნავენ, რომ ეს დამღუპველია იმ მთავარი ეროვნული მიზნის მიღწევისკენ, როგორიც არის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია.

„რა თქმა უნდა, არა! რუსულ კანონს არა! რუსეთისკენ არა! ამ წუთში რუსთან ურთიერთობაც კი წარმოუდგენელია ჩემთვის. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი მეგობარი მყავს, მათთანაც კი არ შემიძლია ახლა კონტაქტი. ასე (მსგავსი კანონპროექტით) დაიწყო რუსეთშიც და რა დღეშია ახლა რუსეთი, იცის ყველამ. იმედია, რომ იცის. ყოველ შემთხვევაში, ვისაც უნდა გაგება, მან იცის.

„ეს კანონი არის იარაღი, რომელსაც ჩვენი მთავრობა ისე მოიხმარს, როგორც უნდა. მთავრობა, რომელიც არის მატყუარა, არასანდო. მაგათგან გამოსული კარგი საქმე მე ჯერ, მართალი გითხრათ, არც მინახავს, თორემ ძალიან კმაყოფილი ვიქნებოდი, რაღაც კარგს რომ ვხედავდე," - ამბობს ბიძინა გუჯაბიძე.

„ნებისმიერ კანონს, რომელიც შეიძლება იყოს წინსვლის შემაფერხებელი ჩვენი მთავარი ეროვნული მიზნის მიღწევისკენ, როგორიც არის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, რასაკვირველია, ვერ მივესალმები. რაც არ უნდა კარგი მიზნები ჰქონდეს მას, რაც არ უნდა გამჭვირვალობას ემსახურებოდეს.

„ჩემთვის ლაკმუსის ქაღალდია, როცა ჩვენი ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები გეუბნებიან, რომ ეს არ არის ის კანონი, რომელიც თქვენ დაგეხმარებათ, პირიქით, ხელს შეგიშლით ქვეყნის წინსვლაში. ბევრი წლის განმავლობაში ამ ხალხს და ამ ქვეყნებს, ვგულისხმობ დემოკრატიული ქვეყნების თანამეგობრობას, ჩვენთვის კარგის მეტი არაფერი გაუკეთებიათ.

„ამიტომ, თუ ჩემს აზრს აქვს ვინმესთვის მნიშვნელობა, ვეტყოდი: ყველაფერი, რაც ამ ქვეყანაში კეთდება და ხორციელდება, უნდა იყოს მიმართული ჩვენი ქვეყნის ეროვნული მიზნებისკენ და ჩვენი ქვეყნის ისტორიული მისიის შესრულებისკენ, რაც არის ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. სხვა არჩევანი უბრალოდ არის რუსული სამყარო, რაც არავის უნდა , არც ახალგაზრდობას და არც რომელიმე თაობის წარმომადგენელს.

„ნებისმიერი რამ, რაც დაგვაშორებს ამ ჩვენს სანუკვარ მიზანს და დაგვაახლოებს მტერთან, ბუნებრივია, რომ ჩემთვის მოსაწონი ვერ იქნება," - აღნიშნავს ბიძინა კულუმბეგოვი.

„არ გვინდა ნამდვილად იქ დაბრუნება, საიდანაც წლების წინ ძლივს დავაღწიეთ თავი. საბჭოთა კავშირსა და რუსეთზე მაქვს საუბარი და პირდაპირ ვიტყვი, სიბოროტეა, რომ შენს ქვეყანას და შენს ერს წირავ ისევ მონობისთვის და ამას მიზანმიმართულად აკეთებ. არა აქვს მნიშვნელობა ეს მათი გადაწყვეტილებაა თუ ზემოდან უბრძანეს... არ აქვს მნიშვნელობა, ეს არის სიბოროტე და საზოგადოებამ ამას გასცა პასუხი ერთხელ და მგონია, რომ კიდევ უფრო მასშტაბურად გასცემს პასუხს ახლა," - თქვა ჯგუფ Loudspeakers-ის სოლისტმა, ლევან ლაუდაძემ.

„შეეცადნენ, რომ საზიზღარი მუხტი შემოეტანათ, ამას ქართველი ხალხი არ დასჯერდება. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ გავიმარჯვებთ და ჩვენი შვილების მომავალს რუსებს არ დააღუპვინებთ," - თქვა მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ ტვ „პირველზე".

კლინიკა „ვივამედის" დირექტორი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე აღნიშნულ კანონს ეხმაურება და აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა არ უნდა იყოს დამალული.

„მე პირადად რომ ვიყო, რომელიმე ორგანიზაციის წევრი, ვაკეთებდე კეთილ საქმეს, ვემსახურებოდე კარგ და ევროპულ ქვეყანას, პირიქით, ვერავინ დამასწრებდა ამაზე საუბარს, გამოქვეყნებას, დაწერას და ტრაბახს, რაც არ უნდა დაერქვათ ჩემთვის, აგენტი, შპიონი თუ მოღალატე. ყველა ჩემს ჩასაცმელს და ცხოვრებას მითვლიან კაპიკ-კაპიკ ვისაც არ ეზარება,ტელევიზია, სააგენტო, ყველა. კერძო თუ არა კერძო პირი ჩემზე ლაპარაკობს. ცხრა თაობა შრომობს ჩემს მხარეს და ჩემი მეუღლის მხარესაც და ჩემი გაჰკვირვებიათ.

„მე მაინტერესებს, რატომაც არა. მეუბნებიან, რომ მოქალაქეებისთვის ვაკეთებ, მანახონ რას აკეთებენ, ჯერჯერობით ჩემი არცერთი უფლება არასდროს დაცულა. ყოველთვის მარტო ვდგავარ გასაჭირის წინ," - თქვა ნადირაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×