ელზა პაპოშვილი
21.03.2024

„ევრონესტის“ ასამბლეაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივაზე რეზოლუციის ინიცირების ჩავარდნა თბილისში კვლავ პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზია. ქართული ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის ხელმოწერების არქონის გამო რეზოლუცია ჩავარდა. ოპოზიციიდან დელეგაციაში შედიოდნენ: გიორგი ვაშაძე, გიორგი ბოტკოველი, ანა წითლიძე და თამარ კორძაია.  

რეზოლუცია, რომლის ინიცირებაც ვერ მოხერხდა, მოიცავს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მხარდაჭერას, მოწოდებას რუსეთისადმი, გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან, უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტის საკითხს.   

მაკა ბოჭორიშვილს ჩემთვის თანასპონსორობა არ შემოუთავაზებია და უფრო მეტს გეტყვით, ჩვენ ყველგან ვუჭერთ მხარს ყველაფერს, რაც ევროკავშირთანაა დაკავშირებული, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ინტერესების დაცვა არის ის, რაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა ასამბლეაზე გააკეთეს.

„კიდევ ერთხელ გეუბნებით, საქართველოს ინტერესების დაცვა არის ჩემი განცხადებები და რაც ჩვენი დელეგაციის ოპოზიციის წევრებმა გააკეთეს, როცა მოვითხოვეთ ევროპული ინვესტიციები, სამუშაო ადგილები. ჩვენს სიტყვას გაცილებით დიდი ფასი აქვს ევროკავშირში, ვიდრე მაკა ბოჭორიშვილის, ვიდრე სხვების სიტყვას. ვიდრე ეს ადამიანები ხალხის ინტერესის დაცვას არ დაიწყებენ, მუდმივად იქნებიან გაუგებრობაში“, – განაცხადა ვაშაძემ.   

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ რეზოლუცია, რომელიც „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეაზე უნდა დაინიცირებულიყო, დელეგაციის ხელმძღვანელის, მაკა ბოჭორიშვილის მიერ არ იყო შეთანხმებული დელეგაციის სხვა წევრებთან.

„დელეგაციის ხელმძღვანელმა გაიტანა ეს რეზოლუცია და მას მხარი არ დაუჭირეს ჩვენმა პარტნიორმა სახელმწიფოებმა. ეს რეზოლუცია არ იყო შეთანხმებული ყველა წევრთან. არ ყოფილა საუბარი და ჩვენ ერთად არ გვიმსჯელია, რომ ასეთი კონკრეტული რეზოლუცია გადიოდა. სამწუხაროა, რომ ეს კონკრეტული რეზოლუცია შედგა უკვე თავიდანვე ალბათ იმისთვის, რომ მხარი არ დაჭერილიყო და ამიტომ არ იყო კომუნიკაცია ჩვენთან. რა შედეგიც მივიღეთ, ეს არის საზიანო ჩვენი სახელმწიფოსთვის, პირდაპირ ვიტყვი“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.  

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ოპოზიციას სიცრუეში ადანაშაულებს. ამბობს, რომ ტყუილია განცხადებები, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ ისინი არ ჩააყენა საქმის კურსში რეზოლუციას ამზადებდნენ „ევრონესტის“ ასამბლეაზე ინიცირებისთვის.

მდინარაძის თქმით, რეზოლუციის შესახებ.

„მარტივად იშიფრება ეს ტყუილი, რადგან დარეგისტრირებული იყო. იყო თხოვნები ჩვენი მხრიდან, თუმცა მაკა ბოჭორიშვილს საერთოდ რომ სიტყვა არ ეთქვა, მტკიცებულება არსებობს, დარიგებული იყო შესაბამისი წესით, როგორც იგზავნება-ხოლმე. ნებისმიერ მათგანს შეეძლო ნახვა და ნახავდნენ. ამის გარეშე შეუძლებელი იყო. ამიტომ მარტივი ტყუილია. ისინი ახლა ძალიან აიჭრნენ ამ საკითხზე და კიდევ ერთხელ გაიშიფრნენ. როდესაც შეიძლებოდა, ერთობა დაფიქსირებულიყო, საქართველოს ევროინტეგრაციას ოფიციალურ დოკუმენტში მხარი არ დაუჭირეს. ამ შემთხვევაში დოკუმენტალურადაც კი დადასტურდა, რომ მათ მხარი არ დაუჭირეს დოკუმენტს, სადაც საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მხარდაჭერასა და კიდევ ერთ მკაფიო განაცხადზე იყო საუბარი. არ ვიცი, მილიონი ეჭვი შეიძლება გამოითქვას, მაგალითად ის, რომ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ერთად ყოფნა არ უნდოდათ რაღაც დოკუმენტში და თავისი ქვეყნის წინააღმდეგ მიდიოდნენ. ათასგვარი ვერსია შეიძლება არსებობდეს. მტკიცებულება და ფაქტობრივი გარემოებები მიუთითებს, რომ მხარი არ დაუჭირეს, ისინი არ გახდნენ ინიციატორები იმ ევრორეზოლუციის, სადაც საქართველოს ევროპულ გზაზე იყო საუბარი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, ქართული ოპოზიციისგან თანხმობა მიღებული არ ჰქონდათ, თუმცა ბოლო მომენტამდე იცოდნენ, რომ უკრაინის წარმომადგენლები ხელს აწერდნენ რეზოლუციას.     

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ძალიან საინტერესოა, რატომ ხდება,  რომ ჩვენი ოპოზიციის და უკრაინის დელეგაციის პოზიციები ბოლო დროს მუდმივად ერთმანეთს ემთხვევა. ხელისუფლებამ სწორედ ეს საკითხი უნდა გაანალიზოს და საბოლოოდ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას. 

„ნაციონალების ქცევა გასაკვირი ნამდვილად არ არის და მათგან ყველა ყველაფერს მოელის. პირველად არ ხდება, როცა ისინი ქვეყნის და სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმდებენ. ამიტომ ხელისუფლებამ ამ პრობლემის უფრო  ღრმა ანალიზი უნდა მოახდინოს. რატომ ხდება ბოლო დროს მუდმივად ისე, რომ ჩვენი ოპოზიციის პოზიცია და უკრაინის დელეგაციის ერთმანეთს ემთხვევა. ვის წყალზე ასხამს ეს ხალხი წყალს? ვის თამაშს თამაშობენ. მე მგონია, რომ აქ საუბარი დასავლეთზე არ არის. აქ არის ლაპარაკი რუსეთზე, რომლის სასარგებლოდ მუშაობაც უკრაინის თავად ხელისუფლებაში მყოფ პირებზეც კი აქვთ ეჭვი. 

„რამდენი მაღალჩინოსნის გამოკვლევა და გამოვლენა მოხდა უკრაინაში, რომლებიც  კრემლის სასარგებლოდ მუშაობდნენ. ამიტომ ვინმე არის იმისგან დაზღვეული,რომ ეს ხალხი სწორედ იგივეს არ გააგრძელებს? ნაციონალების ხელწერა არის ძალიან ცნობილი და  ლოგიკური. ისინი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ნებისმიერ ფასად წავლენ. ეს ხალხი იყო სწორედ ბრიუსელში რომ დადიოდა და ევროპარლამენტარებს არწმუნებდა, კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეთო. ამით ხომ რუსეთის წისქვილზე ასხამდნენ წყალს. ვის აწყობს ჩვენს ქვეყანაში არეულობა და ევროპული ოჯახიდან მოწყვეტა? ამიტომ ვფიქრობ ხელისუფლებამ ყველაფერს თამამად თავისი სახელი უნდა დაარქვას“, - ამბობს საყვარელიძე. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×