თამთა ჩაჩანიძე
12.03.2024

რუსეთის ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს ცხინვალის ე.წ. პარლამენტის სამ დეპუტატს რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვას. ამის ოფიციალურ მიზეზად ისაა დასახელებული, რომ მათი საქმიანობა რუსეთის საზღვართან დაძაბულობას ზრდის. უფრო კონკრეტულად კი, როგორც ცხინვალში აცხადებენ, ეს დეპუტატები განსაკუთრებით აქტიურად ცდილობენ ახალი ე.წ. საკანონმდებლო ცვლილების მიღებას, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლებას საქართველოს მიერ კონტორილებადი ტერიტორიის სიღრმეში „საზღვრის" გადაწევის „სამართლებრივ საფუძველს" მისცემს.

ოფიციალური შეტყობინება რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურისგან („ფეესბე") რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცედურის დაწყების შესახებ დე ფაქტო პარლამენტის სამმა წევრმა - გარი მულდაროვმა, დავით სანაკოევმა და ძამბოლატ მედოევმა - თებერვლის ბოლოს მიიღო. მათი ცნობით, შეტყობინებაში მოქალაქობის ჩამორთმევის მიზეზად დასახელებული იყო „ქმედება, რომელიც იწვევს დაძაბულობის ზრდას რუსეთი საზღვრის სიახლოვეს".

მოგვიანებით დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა დააკონკრეტა, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება ე.წ. სახელმწიფო საზღვარს საქართველოსთან და რამდენიმე გაფრთხილების მიუხედავად, ამ მიმართულებით აღნიშნული „დეპუტატების" „სამართლებრივ აქტივობას".

საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „თბილისმა და მოსკოვმა აშკარად როლები გაიყვეს", მისი თქმით, აშკარად ჩანს, რომ თბილისი არ ერევა მოსკოვის საქმეებში ოკუპირებულ აფხაზეთში, მოსკოვი კი მაქსიმალურად ცდილობს „ქართულ ოცნებას" შეუქმნას რაღაც გარანტიები, რომ „თითქოსდა ცხინვალს აბრუნებენ. უნდათ, რომ არჩევნების წინ ეს აქტიურობა გამოკვეთილი იყოს".

უნდა აღინიშნოს, რომ დავით სანაკოევი ყოფილი დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრია, მასზე ჰააგის სასამართლოს 2008 წლის აგვისტოს ომში ჩადენილი დანაშაულებისთვის დაკავების ორდერი აქვს გაცემული. მულდაროვი კი ე.წ სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის "საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიას ხელმძღვანელობდა".

რატომ ართმევს რუსეთი მოქალაქეობას ე.წ. დეპუტატებს

დავით სანაკოევი რუსულ „რბკ"-სთან საუბარში გაკვირვებას გამოთქვამს იმის გამო, რომ რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთვევის მიზეზად მათ რუსეთის საზღვართან დაძაბულობის გაზრდის რისკი დაუსახელეს.

„მე და ჩემს კოლეგებს დასკვნაში აღწერილი სავარაუდო ქმედებები არ ჩაგვიდენია და ამ ფაქტების რაიმე დადასტურება არ მიგვიღია. სასამართლოსთვის მიმართვა და მოქალაქეობის ჩამორთმევის გასაჩივრება ჩვენგან ბუნებრივი საპასუხო ნაბიჯია. ჩვენ არა მხოლოდ სამართლებრივი საშუალებების, არამედ პოლიტიკურ და დიპლომატიური კავშირების გამოყენებასაც ვაპირებთ მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილების მოტივების გასარკვევად. ჩვენ ამას რესპუბლიკის ხელმძღვანელობის ქმედებებს ვუკავშირებთ, რომელიც მიზანმიმართულად ატყუებს ჩვენს რუს პარტნიორებს და თავისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, ართულებს სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს", - განაცხადა სანაკოევმა.

დე ფაქტო პრეზიდენტის ალან გაგლოევის თქმით კი, „დეპუტატები არაერთხელ გააფრთხილეს, რომ ისინი საფრთხეს უქმნიან ეროვნულ უშიშროებას". მისივე ცნობით, პრეტენზიები ექს-„პრეზიდენტ" ანატოლი ბიბილოვის მიერ შექმნილ „საქართველოსთან საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის" მუშაობას, რომელსაც გარი მულდაროვი ხელმძღვანელობდა. კომისიამ მოამზადა რუკები და საბოლოო ანგარიში, რომელიც რესპუბლიკის ხელმძღვანელობას გადაეგზავნა. ცხინვალი სამუშაო ჯგუფების შექმნას გეგმავდა სამხრეთ ოსური და რუსული მხარის წარმომადგენლებთან, დოკუმენტები გადაეცა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს.

ამის პარალელურად, გაგლოევის თქმით, „რესპუბლიკის პარლამენტში გააქტიურდა სახელმწიფო საზღვრის საკითხის განხილვა, დეპუტატებმა კი შესაბამის კანონში ცვლილებების შეტანის საკითხი დააყენეს". მისი თქმით, სიტუაცია სწრაფად განვითარდა და გაჩნდა კითხვა - „რატომ უნდა შეიქმნას დამატებით სამუშაო ჯგუფები, თუ ცალკეული მეგობრები კვლავ ცალმხრივად ცდილობენ სასაზღვრო კანონში ცვლილებების შეტანას?".

გაგლოევი ამბობს, რომ მან ე.წ. პარლამენტში „დეპუტატებთან" შეხვედრა გამართა, სადაც პოზიცია განმარტა, რომ „ცვლილებები დროული არ იყო", ამიტომ, მისი თქმით, „არაკეთილსინდისიერი საქციელია, როცა ზოგიერთი დეპუტატი დღეს აცხადებს, რომ მათ არაფერი იცოდნენ".

გაგლოევი დასძენს, რომ ჯერ სანაკოევს, მედოევს და მულდაროვს მოქალაქეობა არ აქვთ ჩამორთმეული, რადგან „ისინი მშვიდად კვეთენ სამხრეთ ოსეთის საზღვარს რუსეთთან ორივე მიმართულებით".

სკანდალის წინაისტორია

ცხინვალში ე.წ. საზღვრის საკითხი და ამასთან დაკავშირებული შიდა დაპირისპირება გასული წლიდან იღებს სათავეს და მასში მოსკოვიც ღიად იყო ჩართული. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესო იყო 2023 წლის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე პასუხისმგებელი სამმართველოს უფროსის, იგორ მასლოვის ვიზიტი ცხინვალში. მაშინ „ეხო კავკაზა" წერდა, რომ ვიზიტის მთავარი მოვლენა იყო მასლოვის დახურული შეხვედრა ე.წ. პარლამენტარებთან.

მასლოვის ვიზიტის შემდეგ გაჟონა ინფორმაციამ, რომ იყო უთანხმოება „სახელმწიფო საზღვრის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შესახებ". კულუარულ შეხვედრაზე მასლოვმა ე.წ. პარლამენტის წევრებს „მეგობრულად ურჩია", თავი შეეკავებინათ „კანონში" ცვლილებების მიღებისგან. კერძოდ, საუბარია ცვლილებებზე მეორე მუხლში „სახელმწიფო საზღვრის დადგენისა და შეცვლის პრინციპების, სახელმწიფო საზღვარზე სამართლებრივი ურთიერთობების დადგენისა და მხარდაჭერის შესახებ".

ახლანდელი რედაქციით, ამ ე.წ. კანონის შესაბამისი მუხლი ამგვარადაა ჩამოყალიბებული: „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი არის ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული საზღვარი, რომელიც დადგენილია ყოფილი სსრკ-ის საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საკანონმდებლო აქტებით. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი მეზობელ სახელმწიფოებთან, რომელიც არ არის გაფორმებული საერთაშორისო სამართალში, ექვემდებარება მის სახელშეკრულებო კონსოლიდაციას".

ახლა ე.წ. პარლამენტარების შეთავაზება იყო, რომ ე.წ. საზღვრის დადგენა მოხდეს, 1922 წლის 22 აპრილის, სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის საბჭოებისა და სახალხო კომისართა საბჭოს მიერ მიღებული დეკრეტი #2-ით. ეს კი სეპარატისტულ რეჟიმს საშუალებას მისცემს, რომ „თავისი" ტერიტორია 5%-ით გაზარდონ. თავად სეპარატისტულ რეჟიმს საკუთარ ე.წ. საზღვრად მიაჩნიათ ყოფილი სამხრეთ ოსეთი ავტონომიურიქის ის საზღვარი, რაც 1991 წლის მდგომარეობით, ანუ საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტში იყო.

1922-დან 1991 წლამდე ეს ადმინისტრაციული საზღვარი რამდენჯერმე შეიცვალა და აღსანიშნავია, რომ 1922 წლის მდგომარეობის აღდგენას თავად ცხინვალშიც ჰყავს მმოწინააღმდეგეები, რადგან ასეთ შემთხვევაში დე ფაქტო ხელისუფლებამ მისი კონტროლის ქვეშ მყოფი ზოგიერთი სოფელი უნდა გადასცენ საქართველოს ხელისუფლებას და ზოგი ქართული სოფელი კი თვითონ მიიერთონ. ეს კი მათი თქმით, ახალ შეირაღებულ კონფლიქტს ნიშნავს, რადგან საჭირო იქნება ქართული სოფლების ძალით დაკავება.

გარდა ამისა, მაშინდელი შეხვედრის მონაწილეების თქმით, იგორ მასლოვმა „დეპუტატებს" განუცხადა, რომ ამ ცვლილებების მიღებას მოჰყვება საქართველოში „არასასურველი რეაქციები და პოლიტიკური პროცესების გაატიურების რისკი", რამაც, „საბოლოო ჯამში, შეიძლება დაარღვიოს ისედაც მყიფე სტაბილურობა რეგიონში".

„ეხო კავკაზას" ინფორმაციით, კურატორის „მეგობრული რჩევა დეპუტატებმა სიფრთხილით მიიღეს" . 2008 წლის ომიდან მოყოლებული ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მოსკოვი დაჟინებით მოითხოვდა დე ფაქტო ხელისუფლებისაგან შიდა დღის წესრიგის კორექტირებას თბილისის შესაძლო რეაქციის გათვალისწინებით. ამან კი ცხინვალელი ე.წ. დეპუტატები საგონებელში ჩააგდო.

„რუსეთი ცდილობს საქართველოს ინტერესები გაითვალისწინოს"

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ ცხინვალელი ე.წ. დეპუტატებისთვის რუსეთის მოქალაქობის გაუქმება ერთგვარი გზავნილია საქართველოს ხელისუფლებისთვისაც, რომ რუსეთი საქართველოს ინტერესების გათვალისწინებას ცდილობს.

„მემგონი ეს გარკვეულწილად საქართველოსთვისაც შეტყობინებაა, რომ რუსეთი ცდილობს საქართველოს ინტერესები გაითვალისწინოს. ეს საკმაოდ ვერაგული და თავისებული გადაწყვეტილებაა, რადგან მემგონი რაღაც გარიგებას აქვს ადგილი თბილისსა და მოსკოვს შორის. თბილისი არ ერევა მოსკოვის აქტიურობაში აფხაზეთში. ანექსიური პროცესები ისე მიმდინარეობს - როგორიცაა ბიჭვინთის მითვისება, რუსული კანონის „უცხოური აგენტების შესახებ" მიღება, აპარტამენტების თემა, თუ ლუკაშენკოს ჩასვლა - რომ თბილისი არაფერზე პრეტენზიას არ აცხადებს.

„სამაგიეროდ რუსეთი ცხინვალის მიმართულებით აქტიურობს, ატყობინებს, რომ ხმა არ ამოიღონ რუსეთთან მიერთებაზე და ამ გადაწყვეტილებაზე. მგონია, რომ თბილისმა და მოსკოვმა აშკარად როლები გაიყვეს, თბილისი არ ერევა მოსკოვის საქმეებში აფხაზეთში, მოსკოვი კი მაქსიმალურად ცდილობს შექმნას ილუზია, თითქოს ცხინვალს აბრუნებენ. უნდათ, რომ არჩევნების წინ ეს აქტიურობა გამოკვეთილი იყოს, რათა „ოცნებამ" ქართულ საზოგადოებას აფხაზეთი დაავიწყოს და სამაგიეროდ მეტი ილაპარაკონ ცხინვალზე.

„ასეთი აქტიურობა ცხინვალისკენ და სრული პარალიზება აფხაზეთისკენ ცოტა არ იყოს უცნაურია. თუ არა გარიგება, სხვანაირად მე ამას ვერ აღვიქვამ", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

კითხვაზე, რამდენად შეიძლება, ოსი ე.წ. დეპუტატები საზვღრის თემას იგონებდნენ პოლიტიკური სკანდალის შესაქმნელად და მათთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის რეალური მიზეზი სხვა იყოს, ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ გამორიცხული არაფერია, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა.

„გამორიცხული არაფერია, მაგრამ მაშინ უნდა თქვან და ამაზე მეტი მინიშნება გააკეთონ, სხვა მიზეზი არ ჩანს. გარდა იმისა, რომ სანაკოევი ამ ე.წ.საზღვრის დადგენის კომისიაში აქტიურიბაშია შემჩნეული, მის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო და ის ძებნაშია. შესაბამისად, რუსეთმა საქართველოს კოჭი გაუგორა, რომ აი, ძებნაში მყოფი სანაკოევი მეც დავბლოკე.

„რუსეთისგან ეს გაფრთხილება და შეტყობინებაა ყველა ოსი ე.წ. დეპუტატების მისამართით, რომ ეს არ გააკეთონ და რომ ვიდრე რამეს გააკეთებენ, დაფიქრდნენ და რომ ახლა საქართველოს წინააღმდეგ მოქმედების დრო არაა და თუ კიდევ ამ ნაბიჯს გადადგამთ, იგივე ბედი გელით, რაც ამ სამ ადამიანს", - განაცხადა კონფლიქტოლოგმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×