ნაზი ბერიძე
10.01.2024

როგორ აღიქვეს დასავლეთში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება და ჩათვლის თუ არა ევროკავშირი ამას დეოლიგარქიზაციისაკენ გადადგმულ ნაბიჯად? ანალიტიკოსები „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებენ, რომ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის პოზიციაზე ივანიშვილის ყოფნა დეოლიგარქიზაციას არ უზრუნველყოფს. თუმცა, ამავდროულად, საბოლოოდ იგი შესაძლოა დასავლეთისათვის მისაღები ფიგურა აღმოჩნდეს, როგორც საქართველოში სტაბილურობისა და ურყევი ვეროპული კურსის შენარჩუნების გარანტი.

ოპოზიცია კი ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას დეოლიგარქიზაციისაკენ გადადგმულ ნაბიჯად არ განიხილავს. როგორც პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა, დეოლიგარქიზაცია ნიშნავს ერთი ადამიანის, ერთი ოლიგარქის მავნე გავლენების მოშორებას და ინსტიტუციების დამოუკიდებლობას, ივანიშვილის მესამედ პოლიტიკაში დაბრუნება კი ამას ვერ უზრუნველყოფს. მისივე აზრით, ივანიშვილის ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დასავლეთისგან მოსალოდნელი სანქციების თავიდან არიდებაა.

„ფაქტია, რომ დამარცხების აღქმასთან ერთად, ივანიშვილის დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზი არის მისი სურვილი, დასავლეთის მხრიდან დეოლიგარქიზაციის შესახებ გზავნილების ფონზე, მისი გავლენების ფორმალიზებით და ლეგალიზებით, თავი აარიდოს სანქციებს. თუმცა, როგორც ეს განმარტა ძალიან გავლენიანმა ევროპარლამენტარმა და ამას ჩვენც ვამბობდით, რომ მისი თავმჯდომარის პოზიციაზე დაბრუნება ვერანაირად ვერ ააცილებს მას გარდაუვალ სანქციებს, რომელიც დასავლეთიდან ელოდება, თუ ხელს არ აიღებს ქვეყნის რუსიფიკაციის მცდელობაზე და უარს იტყვის, რომ არჩევნების შემდეგ მშვიდობიანი გზით გადააბაროს ხელისუფლება კოალიციურ, პროდასავლურ ხელისუფლებას", - განაცხადა ბოკუჩავამ.

ივანიშილის დაბრუნების მიმართ კრიტიკულადაა განწყობილი ევროპარლამენტართა ის ნაწილი, რომელიც „ქართული ოცნების" ხელისუფლების კრიტიკით გამოირჩევა. ევროპარლამენტარი ანდრეუს კუბილიუსი აცხადებს, რომ ეს წინააღმდეგობაში მოდის დეოლიგარქიზაციის მოთხოვნასთან.

„საინტერესო ისაა, რომ ივანიშვილი გამოჩნდა მას შემდეგ, რაც ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღო. ევროკომისია საქართველოსაგან დეოლიგარქიზაციას ითხოვს და ამ ფონზე ივანიშვილის ეს ნაბიჯი ამ რეკომენდაციასთან პირდაპირ წინააღმდეგობაშია, რაც სავარაუდოდ გავლენას მოახდენს ევროკავშირი-საქართველოს სამომავლო ურთიერთობაზე, რეფორმებზე რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ საქართველომ დაიწყოს მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე.

„თუ სანქციები იქნება, დამიჯერეთ, პარტიაში ოფიციალური თანამდებობა მას სანქციებისგან ვერ დაიცავს. მეტიც, ამერიკაში, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ბევრი დაინახავს, რომ ის აღარ მალავს საკუთარ ოლიგარქიულ მისწრაფებებს, სახელმწიფოს მიტაცების მცდელობებს და მიტომ ის უნდა შეჩერდეს სანქციით", - თქვა კუბილიუსმა ტვ ფორმულასთან.

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა ივანიშვილის ამ ნაბიჯის ერთ-ერთ მიზეზად საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას განიხილავს. მისი აზრით, ახლა მთავარია გაირკვეს, სურს თუ არა ივანიშვილს საქართველოს წინსვლის გაგრძელება ევროკავშირის მიმართულებით.

„ძალიან საინტერესოა, რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მოპოვების შემდეგ. კითხვა მაქვს - საქართველოს რომ სტატუსი ვერ მიეღო, გააკეთებდა თუ არა ივანიშვილი? მიხარია, რომ საქართველო მიდის ევროკავშირისკენ, კითხვაა - სურს თუ არა ივანიშვილს ამ გზის შენარჩუნება, თუ ის წინ გამოვიდა, რათა შეცვალოს ეს მიმართულება? მას უწოდებენ არაფორმალურ მმართველს, მე ვეთანხმები ამ შეფასებას", - თქვა გრეგოროვამ.

გადაიდგა თუ არა ნაბიჯი დეოლიგარქიზაციისაკენ

ჯიპას ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ საპატიო თავმჯდომარე კონსტიტუციით განსაზღვრული თანამდებობა არ არის და ქვეყანა უნდა იმართებოდეს იმ სახელმწიფო ორგანოებით, რომელსაც კონსტიტუცია ცნობს. შესაბამისად, ივანიშილის მიერ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის თანამდებობის მიღება ვერ ჩაითვლება დეოლიგარქიზაციისაკენ გადადგმულ ნაბიჯად.

„ჩვენ თუ ვლაპარაკობთ მის შემოსვლაზე, ასე ვთქვათ, სახელმწიფო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ასეთ შემთხვევაში საუბარი უნდა იყოს კონსტიტუციით და არა პარტიის წესდებით გათვალისწინებულ თანამდებობაზე. თუ ივანიშვილი დაიკავებს ოფიციალურ თანამდებობას სახელმწიფო იერარქიაში, მაშინ ეს აბსოლუტურად სხვა საკითხია, პარტიის საპატიო თავმჯდომარეობა კი სხვა თემაა.

„დასავლეთის ნაცვლად მე ვერ გიპასუხებთ, მაგრამ დეოლიგარქიზაცია გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფო იმართებოდეს კონსტიტუციით გათვალისწინებული ინსტიტუტების მიერ და არა დავუშვათ სხვა ინსტრუმენტებით. რეალური გადაწყვეტილების მიღების ცენტრები უნდა იყოს ის ორგანოები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციით. პარტიის საპატიო თავმჯდომარე საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული არ არის", - განაცხადა „რეზონანსთან" თენგიზ ფხალაძემ.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ასევე მიიჩნევს, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება დეოლიგარქიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯად რა ჩაითვლება, თუმცა მიიჩნევს, რომ თავად დეოლიგარქიზაცია გარკვეული თვალსაზრისით დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს.

„დეოლიგარქიზაცია გულისხმობს იმას, რომ ის, ადამიანები ვინც დასავლეთის თვალთახედვით მიჩნეული არიან ოლიგარქებად, სრულიად ჩამოშორებული უნდა იყვნენ პოლიტიკას. მაგრამ აი, სწორედ ამაში არის ერთგვარი ინტრიგა. როდესაც დასავლეთი ტერმინ „დეოლიგარქიზაციას" იყენებს, ის რატომღაც არ ითვალისწინებს, რომ ამით ირღვევა გარკვეული ადამიანების უფლებები - იმ ადამიანებს, ვისაც აქვს გარკვეული ფინანსური რესურსი, ეკრძალებათ პოლიტიკაში მონაწილეობა და ასეთი რამ საერთოდ რამდენად არის მიღებული დემოკრატიულ საზოგადოებაში, საკითხავია, როდესაც კონსტიტუცია ყველა მოქალაქეს აძლევს იმის უფლებას რომ იყოს ჩართული პოლიტიკურ ცხოვრებაში.

„ეს ცოტა არ იყოს წინააღმდეგობრივი განსაზღვრებაა. მაგალითად, დონალდ ტრამპი, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი მილიარდერი იყო, მაგრამ ამას არ შეუშლია ხელი მისთვის, რომ ჩართულიყო პოლიტიკაში და გამხდარიყო აშშ-ის პრეზიდენტი.

„ამიტომაც ვფიქრობ, რომ რადგანაც ევროპელებს აქვთ, ასე ვთქვათ, გარკვეული სენტიმენტები ბიძინა ივანიშვილის მიმართ (ვგულისხმობ უარყოფით სენტიმენტებს და ასეთი აღქმის ფორმირება ოპოზიციისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების ხელშეწყობითაც მოხდა) სავარაუდოდ ისინი ამას არ მიიჩნევენ იმის ნიშნად, რომ საქართველოში დეოლიგარქიზაცია განხორციელდა", - განაცხადა ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

„ივანიშვილი, შესაძლოა, ევროკავშირისათვის მისაღები ფიგურა აღმოჩნდეს"

ანჯაფარიძის შეფასებით, პოლიტიკაში ივანიშილის დაბრუნება საბოლოო ჯამში შესაძლოა ევროკავშირისათვის მისაღები იყოს და პოზიტიურ მოლოდინსაც აჩენდეს. თუმცა, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რას ელის ევროკავშირი საქართველოსაგან და რა პრიორიტეტები აქვს.

„ევროკავშირის დამოკიდებულებას რაც შეეხება, აქ ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი, თუ კონკრეტულად ევროკავშირს საქართველოში რა უნდა დაინახოს.

„თუ ევროკავშირი ისევ იმ ძველ პოზიციაზე დგას, რომ საქართველო უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს უკრაინის დახმარების პროცესში და ივანიშვილი არ არის ამის მომხრე, რომ საქართველო გახდეს ამ პროცესის აქტიური თანამონაწილე, იქედან გამომდინარე, რომ ამან შეიძლება რუსეთის მხრიდან მძიმე საპასუხო რეაქციები გამოიწვიოს, შეიძლება ამან გამოიწვიოს ევროკავშირში ნეგატიური რეაქციები.

„მეორე მხრივ, ევროკავშირს საქართველოში არ აწყობს დესტაბილიზაცია. თუ ივანიშვილი იქნება ის ფიგურა, რომელიც ევროკავშირს დაარწმუნებს იმაში, რომ საქართველოში იქნება სტაბილური პოლიტიკური სიტუაცია, საქართველოს ევროინტეგრაციის კურსი შენარჩუნდება და პირიქით განვითარდება, როგორც მან განაცხადა თავის გამოსვლაში როგორც ერთერთი პრიორიტეტი, შეიძლება ჩათვალონ, რომ აი, ამ შუალედურ ეტაპზე ივანიშვილი მათთვის არის მისაღები ფიგურა იმისათვის, რომ უზრუნველყოს საქართველოს ევროინტეგრაციის კურსის ურყევობა და უცვლელობა", - განაცხადა „რეზონანსთან" ზაალ ანჯაფარიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×