ნატალია ჯვარიძე
05.04.2024

F-16 ავიაგამანადგურებლების უკრაინისთვის მიწოდება ახლა დაგვიანებულია, რადგან რუსებმა მათთან გამკლავება ისწავლეს, ამის შესახებ „პოლიტიკოში" გამოქვეყნებულ სტატიაში მისი რედაქტორი, ჯეიმი დეტმერი წერს. მისი მტკიცებით, გამოცემა რამდენიმე უკრაინელ მაღალჩინოსანს ანონიმურობის დაცვით ესაუბრა და მათ ეჭვი აქვთ, რომ უკრაინისთვის F-16-ები გასულ წელს იყო კრიტიკულად მნშვნელოვანი, ახლა კი ეს საბრძოლო თვითმფრინავები ომში გარდახეტას ვერ მოახდენენ.

დასავლეთის ქვეყნების კოალიცია აშშ-ს, დანიისა და ნიდერლანდების მეთაურობით უკრაინელ პილოტებს F-16-ების ფრენისთვის 2023 წლიდან ამზადებს და სავარაუდოდ, კიევი 60-მდე თვითმფრინავს მალე მიიღებს.

რა არის F-16 ?

F-16 - იგივე მებრძოლი შევარდენი (Fighting Falcon) - მსუბუქი მოიერიშე თვითმფრინავია, რომელიც ჯერ კიდევ 1970-იან წლებში შეიქმნა აშშ-ში, ბელგიის, დანიის, ნიდერლანდებისა და ნორვეგიის თანამონაწილეობით.

მაღალმანევრირებადი გამანადგურებელი ხმის სიჩქარეზე ორჯერ უფრო სწრაფია. ის ფრთების ქვეშ 6 რაკეტას იტევს.

F-16 ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულალური სამხედრო თვითმფრინავი გახდა. აშშ-ს საჰაერო ძალები მას ერაყსა და ავღანეთში იყენებდნენ.

რატომ არის მნიშვნელოვანი F-16 უკრაინისთვის ?

აღნიშნულ საბრძოლო თვითმფრინავებს კიევი დიდი ხანია ეძებდა. უკრაინელები იმედოვნებენ, რომ F-16-ის მეშვეობით მათ საჰაერო უპირატესობა ექნებათ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ავიაგამანადგურებელი რამდენიმე ათეული წლის წინაა შექმნილი.

მოსალოდნელია, რომ F-16-ები მნიშვნელოვნად გაზრდის უკრაინის დარტყმის შესაძლებლობებს, თუ დამონტაჟდება შორი მანძილის რაკეტებით.

მიუხედავად სმია, უკრაინის ჯარის მაღალი რანგის ოფიცრის თქმით, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მეთაურის, ვალერი ზალუჟნის კადრი იყო, კრემლი სამხრეთ ფრონტზე F-16-ების ჩამოსასვლელად დიდი ხანია ემზადება და უკვე ისწავლა, როგორ შეამციროს ბრძოლის ველზე მათი პოტენციალი.

„ყველა იარაღს თავისი დრო აქვს. ეს საბრძოლო თვითმფრინავები 2023 წელს იყო საჭირო, ისინი 2024 წლისთვის შესაფერისი არ იქნება. ჩვენ უბრალოდ იარაღის სისტემებს იმ დროს არ ვიღებთ, როცა გვჭირდება. ისინი მოდის მაშინ, როცა აქტუალური აღარ არის," - განაცხადა ანონიმურმა წყარომ.

„ამერიკის ხმამ", რომელიც აშშ-ს მთავრობას ეკუთვნის, თებერვალში გამოაქვეყნა ინტერვიუ უკრაინელ მფრინავთან, რომელმაც თქვა, რომ მის თანამებრძოლებზე F-16-ებმა შთაბეჭდილება მოახდინა და დაადგინეს, რომ მათ „გააჭარბეს მოლოდინს".

სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიას აზრით, რუსებმა დასავლური საბრძოლო ტექნიკის განეიტრალება შეძლეს, შესაბამისად, მათგან ყველაფერს უნდა ველოდოთ, თუმცა მთავარი ახლა არის რაოდენობა, რამდენ თვითმფრინავს მისცემენ.

„F-16 უკრაინას თავდაცვისთვის მნიშვნელოვანია, რადგან რუსული საჰაერო დაბომბები რაღაცნაირად შეაჩეროს. ეს აქამდეც უნდა მიეწოდებინათ. გააჩნია რამდენს მისცემენ, 60 თუ იქნება, ეს კიდევ ნორმალურია, თუმცა მგონია, რომ უკრაინას რამდენიც უნდა მაგდენს ვერ მიიღებს.

„სამწუხაროდ, რუსებმა დასავლური საბრძოლო ტექნიკის განეიტრალება შეძლეს, შესაბამისად, მათგან ყველაფერს უნდა ველოდოთ. იმედია მაქვს F-16-ების განეიტრალებას ვერ შეძლებენ. რაც მთავარია, აღნიშნული საბრძოლო თვითმფრინავი უკრაინას დროულად უნდა მიეწოდოს, თორე ამას დაგვიანების ეფექტი ექნება და ცუდად აისახება. მე როგორც ვიცი, F-16-ები ივნისის თვეში უნდა მიაწოდონ, თუ იქამდე იქნება მაგას რა სჯობს," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

გენშტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე „პოლიტიკოს" რესპონდენტი უკრაინელი ოფიცრის მოსაზრებას არ ეთანხმება. F-16 უნივერსალური თვითმფრინავია და უკრაინას დაეხმარება როგორც თავდაცვაში, ასევე კონტრშეტევაში.

„უკრაინელების პოზიცია, რომ მათ F-16-ები 2023 წლისთვის უნდოდათ, გასაგებია, რადგან კონტრშეტევისთვის მხარდაჭერა სჭირდებოდათ. არ მგონია, რომ დეტმერს მაღალი დონის ოფიცრებთან ჰქონოდა საუბარი, თორე აბა რას ჰქვია ახლა აღარ სჭირდებათ?! ეს ის თვითმფრინავებია, რომლებსაც უკრაინის საჰაერო თავდაცვის ხარისხობრივად გაძლიერება შეუძლია და ის ბომბები, რასაც რუსები თავისი ტერიტორიიდან უშვებენ კიდევ უფრო დააშოროს მათ საზღვარს.

ამრიგად, უკრაინისთვის F-16-ები ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც მრავალფუნქციურია და შეუძლია, როგორც გამანადგურებლად მოქმედება, ასევე ჰაერსაწინააღმდეგო საშუალების წინააღმდეგ ბრძოლა. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ეს თვითმფრინავი საბჭოთა წარმოების თვითმფრინავს ჩამოეგდო. თანამედროვე არ არის, თუმცა საკმაოდ ეფექტიანი და რელევანტურია.

„უკრაინამ თუ ის რაოდენობა მიიღო, რაც მას სჭირდება, შედეგი აუცილებლად იქნება და მას გამოიყენებენ, როგორც თავდაცვისთის, ასევე კონტრშეტევისთვის. ეს მაინც დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენს მისცემენ. რაც მეტი მით უკეთესი, რადგან დიდი ომია. აღსანიშნავია ისიც, რომ უკრაინამ შეიძლება ეს თვითმფრინავები მიიღოს, თუმცა არ ნიშნავს, რომ ამით ომი დამთავრდება, მაგრამ მნიშვნელოვანი დახმარება იქნება," - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×