ელზა პაპოშვილი
05.04.2024

უმძიმესი დანაშაული ზუგდიდში  - ოჯახის დაყაჩაღების მცდელობა მკვლელობით და დაჭრით დასრულდა. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა მოკლეს ცოლი, ქმარი კი მძიმედ დაჭრეს. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი და მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. 

მეზობლები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ  ქალი თავდამსხმელებმა თოკით გაგუდეს, კაცს კი დანა ჩაარტყეს. მომხდარის შესახებ ორი ვერსია არსებობს, ერთის მიხედვით, სავარაუდოდ, ცოლ-ქმარს ეძინა, სახლში უცნობი პირების შეჭრის შემდეგ კი ხმაურზე გაიღვიძეს და თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწიეს. 

არ არის ასევე გამორიცხული, რომ ცოლ- ქმარმა დამნაშავეების ამოცნობა შეძლეს, რის გამოც მათი თავიდან მოშორება გახდა საჭირო. 

მეორე ვერსიით კი, ქალი დილით ბაზარში წავიდა და კარი ღია დატოვა. უკან დაბრუნებულს სახლის კარი ჩაკეტილი დახვდა. მან ამის შესახებ შვილს ტელეფონით აცნობა, შემდეგ კი მისი კვალიც გაქრა. სავარაუდოდ, ქალმა სახლში შესვლა შეძლო, სადაც თავდამსხმელები ქმართან ერთად ნახა. რომ არ ეყვირა, ქალი გაგუდეს. ქმარს კი დანით მძიმე ჭრილობები მიაყენეს.   

არსებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარი ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა რუსეთიდან. ამიტომ, არ არის გამორიცხული, რომ წყვილს ფული და ძვირფასეულობა შეაგულეს და დაყაჩაღება სურდათ. 

„დღისით, ქალი ბაზარში წავიდა და კარი ღია დატოვა, რადგან სახლში ქმარი იმყოფებოდა. სავარაუდოდ, სწორედ ღია კარიდან შეაღწიეს თავდამსხმელებმა სახლში. უკან დაბრუნებულ ქალს კი კარი ჩაკეტილი დახვდა და კაკუნის მიუხედავად, არავინ გაუღო, რა დროსაც პენსიონერმა ქალმა ტელეფონზე შვილს დაურეკა და სწორედ შვილმა გამოიძახა ადგილზე საპატრულო პოლიცია.

„უკაკუნებდა თურმე, მაგრამ ქმარმა კარი არ გაუღო, მზიას ქალიშვილისთვის დაურეკავს, კარს არ მიღებს მამაშენიო. ეტყობა მერე გაუღეს კარი და შიგნით რომ შევიდა თოკით გაგუდეს. ცოლს ადგილზე თავდამსხმელებთან ერთად სასტიკად ნაცემი ქმარი დახვდა. ქალს რომ არ ეყვირა და ხმაზე მეზობლები რომ არ გამოსულიყვნენ, სავარაუდოდ, სწორედ ამ მიზნით სცადეს ქალის გაჩუმება თავდამსხმელებმა და საბოლოოდ, ის გაგუდეს. ქმარი კი დაჭრილია და საავადმყოფოშია გადაყვანილი. სანამ პოლიცია მოვიდოდა იმათმა გაქცევა შეძლეს“, - განუცხადა ოჯახის ახლობელმა „რეზონანსს“.  

მეზობლების ცნობით, დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.      

შინაგან საქმეთა სამინისტრო კი დამნაშავეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

„ფაქტთან დაკავშირებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს,“ - ამბობენ შსს-ში.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×