არსებული ტენდენცია ეკონომისტებს საგანგაშოდ სულაც არ მიაჩნიათ და ამას პრობლემადაც არ აღიქვამენ
ქეთო გოგოხია
11.03.2024

საქართველოში საინვესტიციო კლიმატი ცოტათი გაუარესდა. მართალია, ტენდენცია სახარბიელო არ არის, თუმცა განგაშის საფუძველს ჯერჯერობით არ იძლევა. მით უფრო, რომ სააქციო კაპიტალის ნაწილში გარკვეული ზრდა შეინიშნება. მიუხედავად ამისა, ფუნდამენტური ფაქტორების გავლენა ჯერ კიდევ დიდია, მათ შორის, რეგიონში მიმდინარე საომარი სიტუაცია და წინასაარჩევნო შიდა პოლიტიკური არასტაბილურობა, რაც ინვესტიციებზე, სავარაუდოდ, უარყოფით გავლენას მოახდენს.

2023 წლის განმავლობაში საქართველოში 1 მილიარდ 600 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოვიდა, რაც 2022 წელთან შედარებით 24%-ით ნაკლებია. "საქსტატის" ინფორმაციით, ინვესტიციების კლება სავალო ვალდებულებების შემცირებას უკავშირდება, რამაც მინუს 857 მილიონი დოლარი შეადგინა, თუმცა სხვა შემომავალი ნაკადები 2023 წელს მაღალ დონეზე ფიქსირდებოდა: ინვესტიციები კომპანიების სააქციო კაპიტალში - 1.17 მილიარდი დოლარი (ზრდა 476 მლნ დოლარი); რეინვესტიციები (სხვაობა კომპანიების მოგება-ზარალსა და დივიდენდებს შორის) - 1.27 მილიარდი დოლარი (კლება 99 მლნ დოლარი); სავალო ვალდებულებები (სავაჭრო ვალდებულებები და კრედიტები) - მინუს 857 მლნ დოლარი (კლება 880 მლნ დოლარი).

გამოქვეყნებული სტატისტიკის საფუძველზე ეკონომისტები ინვესტიციების კუთხით არსებულ მდგომარეობას საგანგაშოდ არ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ გარკვეული ნეგატიური გავლენა საინვესტიციო გარემოზე იგრძნობა, მაგრამ ედ დრამატულ ცვლილებას არ გამოიწვევს.

ასე ფიქრობს ეკონომისტი, "აისეტის" კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი დავით კეშელავა, რომელმაც ,,ბიზნეს-რეზონანსთან" ინვესტიციების კლების მიზეზი განმარტა და მოსალოდნელ ტენდენციაზეც გაამახვილა ყურადღება.

,,ინვესტიციებში კლება, ძირითადად, სავალო ვალდებულებების შემცირებას უკავშირდება. სააქციო კაპიტალში კი ინვესტიციები გაზრდილია, ოდნავ არის შემცირებული რეინესტირება. ცალსახად მაინც სავალო  ვალდებულებების კლებამ გამოიწვია უარყოფითი ტენდენცია, რაც ძირითადად საბანკო კრედიტებს და სესხებს მოიცავს. საგარეო ვალი სხვა მაჩვენებელია და ამასთან კავშიურში არ არის.

საინვესტიციო გარემოს რაც შეეხება,  პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებაზე პოლიტიკური არასტაბიოლურობა მოქმედებს. მთავარი მაინც ორი მიმართულებაა: პირველი - ფუნდამენტური ფაქტორები, რომელიც გულისხმობს, როგორია ბიზნესგარემო ქვეყანაში, რამდენად ჯანსაღი პირობებია ინვესტიციებისთვის, ასევე  სამართლიანი საამართლო სისტემა, კალიფიციური მუშახელის არსებობა და სხვა, რაც დიდწილად აფერხებს ვალუტის შემოდინებას ქვეყანაში.

მეორეა გეოპოლიტიკური რისკები, რომელიც  ძალიან მაღალია, ჯერ კიდევ გრძელდება. არავინ იცის, როგორ განვითარდება რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რეგიონშიც დაძაბულობაა. სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ვითარება და ახლო აღმოავლეთში შექმნილი სიტუაცია  ერთობლივად მოქმედებს საქართველოში ინვესტიციებზე და ბიზნესგარემოს არამიმზიდველად წარმოაჩენს", - განაცხადა კეშელავამ და დასძინა, რომ წლის განმავლობაში ინვესტიციების კლების ტენდენცია შეიძლება შენარჩუნდეს, თუმცა ცვლილება უმნიშვნელო იქნება.

ეკონომისტის შეფასებით, ინვესტიციებთან დაკავშირებით საქართველო 2017-18 წლების მაჩვენებლებზე ვერ გავა, მაგრამ არც დრამატული კლება იქნება.

უცხოური კაპიტალდაბანდების კლებას ეხმაურება ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი, რომელიც მთავარ პრობლემად ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკას მიიჩნევს და აცხადებს, რომ უცხოური ინვესტიციებიდან მიზერულ სარგებელს იღებს ქვეყანა, ხდება რესურსების გამოფიტვა და დიდძალი ფულის გადინება ქვეყნიდან, რაც საბოლოდ ეკონომიკურ კეთილდღეობაზე ცუდად მოქმედებს.

უცხოური ინვესტიციების ალტერნატივა, როგორც ეკონომისტი აღნიშნავს, ბიზნესის მხარდაჭერა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გამარტივებაა, რის გეგმაც ,,ქართულ ოცნებას" ჰქონდა სათავეში მოსვლის პერიოდში, მაგრამ არ განხორციელდა.

,,ქართული ოცნების" ერთ-ერთი წინასაარჩევნო პროგრამა იყო საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და რეკონსტრუქციის სუვერენული ბანკის შექმნა.  იდეა რომ განხორციელებულიყო, ნამდვილად მოიტანდა შედეგს, ვინაიდან ეს სტრუქტურა იქნებოდა სახელმწიფოს ფულით დაფუძნებული, მაგრამ დამოუკიდებელი სუბიექტი. შესაბამისად, ბიზნესის განვითარებას შეუწყობდა ხელს, მაგრამ იდეა ვერ განხორციელდა.

ის, რომ ინვესტიციები შემცირდა, დიდად არ არის საგანგაშო, პირიქით კარგიცაა, ვინაიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიცია დამანგრეველია ქვეყნისთვის. ასე იყო და დღესაც არაფერი იცვლება. გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში ვიქნებოდით, რომ ქართველ მეწარმეს შეეძლოს საერთაშორისო ბირჟებზე წვდომა, რათა მოახდინოს ფასიანი ქაღალდების ემისია და გაყიდოს უცხოურ ბირჟებზე.

დღესდღეობით იმის საშუალებაც არ არის, საქართველოში მოიზიდოს დამატებითი კაპიტალი. როცა ბირჟა შეიქმნა საქართველოში, ეროვნულ ბანკს დაუქვემდებარეს. შესაბამისად, ფასიანი ქაღალდების ბაზარი და ბანკები კონკურენტებად იქცნენ და აქედან მოყოლებული ბირჟის პერსპექტივაც მოკვდა. ინვესტიცია ფართო მცნებაა, როცა კაპიტალი უცხოელის ხელშინ გადადის, დამღუპველია ქვეყნისთვის.

ჩვენი განვითარება დამოკიდებულია, რამდენად მოვახერხებთ სტრუქტურული  რეფორმების განხორციელებას, ასევე რამდენად შევძლებთ და გავხდებით საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი საზოგადოება, რომ შევძლოთ მაღალტექნოლოგიური მომსახურების განვითარება, რაც მსოფლიო ბაზრებზე გაიყიდება. ამ ყველაფერს თუ მოვახერხებთ, ნამდვილად მოგვცემს კეთილდღეობას მომავალში, სხვა ალტერნატივას ვერ ვხედავ, ინვესტიციებზე იმედის დამყარება რეალურ შედეგამდე ვერ მიგვიყვანს", - უთხრა ,,ბიზნეს-რეზონანსს" სოსო სიმონიშვილმა.

ცნობისთვის, 2023 წელს,  ქვეყნების მიხედვით ყველაზე მეტი ინვესტიცია დიდი ბრიტანეთიდან შემოვიდა, თუმცა საგულისხმოა გარემოება, რომ საქართველოს ორი უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუტი იურიდიულად ბრიტანულ კომპანიას წარმოადგენს და მათი ოპერაციები საინვესტიციო სტატისტიკაში აღირიცხება. ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა ნიდერლანდები, რაც ასევე განპირობებულია იმით, რომ იურიდიულად არაერთი მსხვილი ქართული კომპანია ნიდერლანდებში არის რეგისტრირებული. უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების ათეულში ასევე შედის მალტაც, რაც ოფშორულ ზონას წარმოადგენს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×