რეზონანსი
27.04.2024

უნგრეთს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი დღეს რომ წარედგინა, ჩვენ ისევე, როგორც სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით, განვიხილავდით, აკმაყოფილებს თუ არა ის წევრობის პირობებს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის თქმით, უპირველეს ყოვლისა ეს ეხება კანონის უზენაესობასთან და კორუფციის აღმოფხვრასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს.

ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, პროცესი დაიწყებოდა შემოწმებით, აკმაყოფილებს თუ არა განმცხადებელი მოთხოვნებს, დაწყებული ეკონომიკური წარმატებით, კანონის უზენაესობით, სტაბილური სასამართლო სისტემით და კორუფციისგან თავისუფალი საზოგადოებრივი ცხოვრებით დასრულებული.

ევროკომისიის ხელმძღვანელმა ისაუბრა 2004 წლის პირველ მაისს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ათი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ 2004 წლის გაფართოება არის "დიდი წარმატების ისტორია", რომლის სარგებელი შეიძლება იგრძნოს მოქალაქეებმა, რომლებსაც შეუძლიათ თავისუფლად იმოგზაურონ, ისწავლონ და იმუშაონ ევროკავშირში.

"ევროპის გაერთიანებამ, ასევე დიდი სტიმული მისცა ეკონომიკას, რადგან ერთიანი ბაზარი მნიშვნელოვნად გაფართოვდა, ორ ათწლეულში ევროკავშირის შიდა ვაჭრობა 40 პროცენტით გაიზარდა, ათ ახალ წევრ ქვეყანაში 6 მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნა და უმუშევრობა განახევრდა. დღეს ევროპაში უზარმაზარი ქსელი გადის, რომელიც შედგება მაგისტრალების, სარკინიგზო ხაზების, მილსადენებისა და მონაცემთა გადაცემის კაბელებისგან. ათეულის გაწევრიანებამ მეტი წონა და მნიშვნელობა შესძინა ევროკავშირს. შეიცვალა ჩვენი ხედვაც, ბევრი რამ ვისწავლეთ იმ მწარე გამოცდილებიდან, რომელიც ამ ქვეყნებმა საბჭოთა კავშირისგან მიიღეს. მათ ბევრი რამ გვასწავლეს კრემლისა და პრეზიდენტ პუტინის მოქმედების შესახებ და ამან გაზარდა ჩვენი სიფხიზლე. როდესაც 27 წევრი სახელმწიფო და 450 მილიონი ადამიანი ერთად მუშაობენ, ყველაფერი იდეალურად ვერ იქნება. მაგრამ გაფართოების უზარმაზარი სარგებელი გასათვალისწინებელია", - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×