ახლა ქვეყანა მოიხმარს 600 ათას ტონა ხორბალს, ადრე 700 ათასი სჭირდებოდა, ხოლო კიდევ უფრო ადრე - 800 ათასი
გვანცა წულაია
03.05.2023

საქართველოში ზოგიერთი ქარხნის პური კიდევ გაიაფდა. ორი კვირის წინ დაკლებულ 10 თეთრს, გუშინ 5 თეთრიც დაემატა და, საერთო ჯამში, ღირებულების 15-თეთრიანი სხვაობა მივიღეთ. ამ ეტაპზე ითქვა, რომ ფასის მეტად შემცირების საშუალება არ არსებობს და ესაა მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც პურის მწარმოებლებს შეუძლიათ.

მართალია, ბოლო პერიოდში, ფქვილი მკვეთრად გაიაფდა, მაგრამ მომხმარებლის შეღავათი 10-15 თეთრს ვერ გასცდა. ფასის კლება, ძირითადად, 10 თეთრის ფარგლებშია, თუმცა "იფქლი პირველის” პურს გუშინ, კიდევ 5 თეთრი ჩამოაკლდა და დღეს უკვე მათი "ქვის პური" 1.05 ლარი ღირს.

პური გააიაფა `თემქის პურმაც”, თუმცა როგორც მისი დირექტორი დალი კუპატაძე ამბობს, ფასთა სხვაობა მხოლოდ თეთრ პურზე აქვთ, რუხზე - არა.

"გიდასტურებთ, რომ პური ჩვენთანაც გაიაფდა. 10-თეთრიანი სხვაობა გვაქვს, თუმცა მხოლოდ თეთრ პურზე, რომელის ღირებულებაც 90 თეთრი გახდა. რუხი პური ვერ გავაიაფეთ, რადგან მის ფქვილში 80 ლარს ვიხდით. რუხი პური 1 ლარი ღირს”, - განუცხადა "რეზონანსს” დალი კუპატაძემ, რომელმაც საწარმოო ფასი დააასახელა.

ამის პარალელურად უნდა ითქვას, რომ ქვეყანაში პურის მოხმარება შემცირებულია. თბილისი ერთ დღე-ღამეში 400-420 ტონა პურს მოიხმარს. ეს მაჩვენებელი წინა წლებში გაცილებით მეტი იყო. სწორედ თბილისის მაგალითზე მსჯელობს დალი კუპატაძე და მიზეზს ასახელებს, თუ რის გამო შემცირდა პურის მოხმარება.

"დედაქალაქის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ პურის მომხმარება მართლაც შემცირებულია. ამის მიზეზი ვფიქრობ არის ის, რომ ხალხი რაიონებში არის წასული, ალბათ, მიწის დასამუშავებლად. მოხმარების შემცირება მინიმალურია და ახლა თანდათან უფრო დაიწყება”, - დასძინა დალი კუპატაძემ.

თბილისთან ერთად, პურის მომხმარება დაკლებულია საქართველოს სხვა ქალაქებსა თუ რეგიონებში. პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის ინფორმაციით, მოხმარება ყოველწლიურად იკლებს.

„წლიდან წლამდე საქართველოში პურის მოხმარება თანდათან მცირდება. ჩვენი ქვეყანა მოიხმარს 600 ათას ტონა ხორბალს, რომელიც შემდეგ ფქვილად იქცევა და პური ცხვება. ადრე ხორბლის მოხმარება 700 ათას ტონას შეადგენდა, უფრო ადრე კი 800 ათას ტონას. მძიმე პოლიტიკური ვითარებისა და სამოქალაქო ომის დროს 1 მლნ ტონამდე ხორბალს მოვიხმარდით. პური მარტო თბილისში ცხვებოდა და თბილისიდან ნაწილდებოდა რეგიონებზე.

დღეს პური ყველგან ცხვება, მაგრამ მოხმარება შემცირებულია. პური არის სოციალური ბარომეტრი. საქართველოში ფიზიოლოგიური ნორმა არის ერთ ადამიანზე 300 გრამია.

მარხვის პერიოდში პურის მოხმარება იზრდება, ხოლო როდესაც შემოდის ბადრიჯანი და სხვადასხვა ბაღჩეული, მაშინ მცირდება. საქართველოს მაგალითზე ვსაუბრობ ფიზიოლოგიური ნორმაზე, თორემ ეს მონაცემი არავის დაუკანონებია. მაგალითად გერმანიაში 1 ადამიანზე პურის მოხმარების ნორმა 200 გრამია, ყაზახეთში - 400 გრამი", - განაცხადა "ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიასთან” მალხაზ დოლიძემ და დასძინა, რომ 2022 წელს 2021 წელთან შედარებით ქვეყანაში პურის მოხმარება თითქმის ერთნაირი იყო.

თუ საქართველოში ერთ ადამიანზე პურის მოხმარების ფიზიოლოგიური ნორმა 300 გრამია, მაშინ წლის განმავლობაში (300 გრამი X 365 დღე-ზე) დაახლოებით 109,5 კგ პურს მოიხმარს.

პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე, აგრეთვე პურის ფასის განმსაზღვრელ ძირითად კომპონენტებს ასახელებს, რომელიც სხვადასხვა მწარმოებლის შემთხვევაში განსხვავებულია: ფქვილი - 40%, გადასახადები - 18%, ენერგომატარებლები - 22%, ხელფასი 9%, დამხმარე მასალები 9%.

მწარმოებლებს შორის როგორი განსხვავებაც არ უნდა იყოს, პურის წარმოებაში მთავარი კომპონენტი სწორედ ფქვილს უკავია, რომელიც ერთ წლიან ჭრილში დაახლოებით 25-26 ლარით გაიაფდა, ამიტომ პურზე ღირებულების კლება თბილისთან ერთად, რეგიონებშიც ფიქსირდება.

ხაშურში მოქმედი პურის მწარმოებელი კომპანიის „ოშხნელი და ვაჟების" დამფუძნებელი ირაკლი ოშხნელი აცხადებს, რომ ძველსა და ახალ ფასს შორის სხვაობა 10 თეთრია.

"ჩვენთანაც შემცირდა პურის ღირებულება 10 თეთრით. ღირდა 90 თეთრი, მაგრამ ზოგი თვითონ უმატებდა ფასს და ჰყიდდა 1 ლარად. ფასნამატის დაწესება მარკეტზეა დამოკიდებული. წესით, ახლა, ყველა ნორმის დაცვით 80 თეთრი უნდა ღირდეს პური.

პური პირველადი სახის მოხმარების პროდუქტია და ზუსტად ვერ გეტყვით, შემცირდა თუ არა მისი მოხმარება, არის დღეები, როდესაც ბევრი პური იყიდება და ისეთი დღეებიც გვაქვს, როცა იმდენის რეალიზაცია არ ხერხდება, რამდენისაც უნდა ხდებოდეს”, - განუცხადა "რეზონანსს” ირაკლი ოშხნელმა.

როგორც ზევით აღვნიშნეთ, ერთი ტომარა პირველი ხარისხის პურის ფქვილის ფასმა ბოლო ერთ წელში 25-26 ლარით იკლო და დღეისთვის მისი ღირებულება 52 ლარია.

ფაქტობრივად, ყველა პირობაა, რომ წლის ბოლომდე ფქვილისა და პურის ფასი სტაბილურად შენარჩუნდეს და საუკეთესო შემთხვევაში ცოტათი შემცირდეს კიდეც, რაც დიდწილად დამოკიდებულია იმაზეც, რა პოზიციას დაიკავებს მთავრობა საგადასახადო პოლიტიკასთან მიმართებით. ბიზნესი ამბობს, რომ მთავრობის მხარდაჭერა სჭირდება. საუბარია საგადასახადო შეღავათზე, რაც წარმოებას ხარჯს შეუმსუბუქებს და პროდუქტის ღირებულებაზე დადებით გავლენას მოახდენს.

"ტარიფებს ზრდიან და მერე არავინ აკლებს, მაშინაც, როცა შემცირების რესურსი არსებობს. უკიდეგანოდ ძვირი გადასახადებია. მაგალითად, წყლის შემთხვევაში, კომერციული ტარიფი 6.50 ლარია (1 ტონა). ასეთი მაღალი გადასახადი იშვიათადაა, რეგიონში ამ თვალსაზრისით პირველ ადგილზე ვართ.

თუკი გვექნება რეალური გადასახადი, შეიძლება ცოტა კიდევ დაუკლონ პურის ფასს და დახლებზე 1 ლარამდეც გაიაფდეს. 3 თეთრი რჩება მეწარმეს და მაღაზია 15-20 თეთრს უგებს თითო პურში, ეს კატასტროფაა! ცივილიზებულ ქვეყნებში დღგ 10%-ით ფარგლებშია, აზერბაიჯანმა, შუა აზიის რამდენიმე ქვეყანაში საერთოდ მოხსნეს. გარკვეული შეღავათი ჩვენც შეგვიძლია. მით უმეტეს, სამომავლოდ "ჰასპის" სტანდარტის დანერგვა იგეგმება და ესეც გარკვეულ ხარჯთან იქნება დაკავშირებული", - განუცხადა "რეზონანსს” მალხაზ დოლიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×