ქეთო გოგოხია
05.05.2022

ლარის გამყარების ტენდენცია გრძელდება და ასე გაგრძელდება, მინიმუმ, შემოდგომამდე. სპეციალისტების მხრიდან აქტიურად მიმდინარეობს საუბარი, რომ ეროვნული ვალუტა ნამდვილად არის ,,გადამყარებული“,  რასაც, ძირითადად, ეროვნული ბანკის პოლიტიკას უკავშირებენ, კერძოდ კი, რეფინანსირების განაკვეთის ზრდას. რამდენ ხანს შეინარჩუნებს მაღალ განაკვეთს სებ-ი, დიდწილად ამაზეც არის ლარის პერსპექტივა დამოკიდებული, ასევე ფულადი ნაკადების შემოდინებაზეც, რომელიც სტაბილურობას ჯერჯერობით ინარჩუნებს. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ლარი უფრო მეტად გამყარდეს, თუმცა 2,95 ის ნიშნულია, რასაც კურსი ალბათ ვერ ჩამოსცდება.

თუკი გლობალურ კონტექსტს გავითვალისწინებთ, სავალუტო დინამიკა  ხასიათდება დოლარის მკვეთრი გამყარებით სხვა ძირითადი ვალუტების მიმართ. როცა დოლარი გლობალურად ასეთი მასშტაბით მყარდებოდა, ლარი დოლართან,თითქმის ყოველთვის, დაღმავალ დინამიკას ავლენდა.

,,ჯიპას“ პროფესორი და ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მერაბ კაკულია აღნიშნავს კიდეც, რომ ლარი მოსალოდნელზეც მეტად არის გამყარებული.

,,ვფიქრობ, ლარი  ცოტა გადამყარებულია, რაზედაც მეტყველებს რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდიკატორი, ანუ დღეისათვის ლარი იმაზე რამდენადმე უფრო მყარია, ვიდრე უნდა იყოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეროვნული ვალუტა აუცილებლად მკვეთრ დაღმავალ ტრაექტორიაზე გადავა“, - აღნიშნა კაკულიამ ,,კომერსანტთან“.

ექსპორტის ზრდა, ტურიზმის დინამიკა (უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად გაზრდილი მიგრაციის გავლენით), ფულადი გზავნილების შედარებით სტაბილური ტენდენცია და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა ძირითადი ფაქტორებია, რაც, კაკულიას შეფასებით, ლარის  გამყარებას განაპირობებს.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ლარი ჯერჯერობით აღებულ გეზა არ შეცვლის. ანალიტიკოს ნიკა შენგელიას პროგნოზით, გვიანი შემოდგომიდან შეიძლება გაუფასურების პროცესი დაიწყოს და კურსი სავარაუდოდ 3,20-იან ნიშნულს მიაღწევს. მანამდე სახიფათო არაფერია

,,ლარი ჯერჯერობით მყარდება ეროვნული ბანკის მხრიდან ხელოვნურად ჩარევის მექანიზმით. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერაფერს მოუხერხებენ საწვავზე ფასებს, რომელიც ძალიან მოქმედებს ყველაფერზე. სწორედ ამიტომ ძალიან უფრთხიან  ლარის კურსს. მთავარია, რომ უჭირავთ კურსი, წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფულად გაზრდილი ფასები გვექნებოდა. სხვა მექანიზმები არ აქვთ, როგორ მოახდინონ საწვავზე ფასების დაწევა , გარდა ლარზე ზემოქმედებისა. ყოველთვის საუბრობს მთავრობა, რომ  ნავთობის ფასი იწევს, ლარი მყარდება, მაგრამ საშუალოვადიან პერიოდში დაიკლებს. 

ინფლაცია მაღალ ნიშნულზეა, როგორც მოქალაქეს, არ მინდა, რომ ინფლაცია ეკონომიკურ ზრდას აჭარბებდეს. მოსახლეობას არავინ გაუზარდა ხელფასი, თუ არ ჩავთვლით საჯარო სექტორს. ამასთან სოციალური პროექტს, ვისაც მთავრობა ასაქმებს,  მაგრამ რეალურად 300 ლარზე მეტს ვერ უხდის“, - განაცხადა ,,რეზონანსთან“ ნიკა შენგელიამ.

ანალიტიკოსის გათვლით, დაახლოებით 10 ნოემბრიდან ლარი გაუფასურებისკენ აიღებს გეზს.

,,ბოლო პერიოდის განმავლობაში დოლარის პოზიციები სუსტდება. რაც რუს ოლიგარქებს სანქციები დაუწესდათ, სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს, ღირს თუ არა მათი ფულის ამ ვალუტაში შენახვა. ახლა ცოტა აღიდგინა პოზიციები, მაგრამ სამომავლოდ შესაძლებელია ისევ შესუსტდეს ევროს მიმართ.

რაც შეეხება ლარს,  კურსი 2,95 ზე დაბლა ვერ ჩამოვა. როგორც კი დაიწყებს რყევას, სებ-ი გააგრძელებს დოლარის შესყიდვას. 10 ნოემბრის შემდგომი პერიოდიდან ლარის გაუფასურებას ველი. დღევანდელთან შედარებით,  ლარი შეიძლება იყოს 3,20-3,25-ის ფარგლებში, ვნახოთ, რა მოვლენებს ექნება ადგილი  როგორც გლობალურ ბაზრებზე, ასევე საქართველოში“, - განაცხადა შენგელიამ ,,რეზონანსთან“.

ლარის გამყარებას ეროვნული ბანკის პოლიტიკას მიაწერს ფინანსისტი გოჩა თუთბერიძე. იგი რამდენიმე ისეთ ფაქტორზეც ამახვილებს ყურადღებას, რის გამოც არსებულ მოცემულობაში ეროვნული ვალუტა მყარდება.

,,ლარს ჯერჯერობით ამყარებს რეფინანსირების განაკვეთი, რომელიც ასწია ეროვნულმა ბანკმა. თუმცა ასეთი მაღალი განაკვეთი უსასრულოდ ვერ შენარჩუნდება.  ეს პროცესი ეკონომიკურ ზრდას  უშლის ხელს და გარკვეული შერბილება დასჭირდება.  ამასთან, ნელ-ნელა აქტიურდება ტურისტული სეზონი, პანდემიის შეზღუდვები მოიხსნა და  ესეც დადებით როლს თამაშობს.  ყველაფერთან ერთად ექსპორტის ზრდის ტემპი წინ უსწრებს იმპორტის ტემპს, რაც ასევე დადებითია.

მომავალში მაინც არის საფრთხე, ვინაიდან ტრანსფერები რუსეთიდან ბოლო პერიოდში, პრაქტიკულად, მინიმუმამდე დავა, ფულადი გზავნილები უკრაინიდანაც მნიშვნელოვნად შემცირდება, რაც აქამდე ლარის გამყარების სერიოზულ ფაქტორად მიიჩნეოდა.  ასეთი მრავალგანზომილებიანი ფაქტორები გვაქვს, რომელიც ქართული ვალუტის მდგრადობას განაპირობებს. ძირითადი ნაწილი მაინც ეროვნული ბანკის პოლიტიკაზე მოდის“, - განუცხადა გოჩა თუთბერიძემ ,,რეზონანსს“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×