თამთა ჩაჩანიძე
24.03.2024

„მოქალაქეების" დეპუტატი ალეკო ელისაშვილი „ლელოს", „საქართველოსთვის", „გირჩს", ანა დოლიძესა და კიდევ რამდენიმე უპარტიო ადამიანს გაერთიანებაზე კონსულტაციებს სთავაზობს. მისი პროგნოზით, ასეთი ტიპის ალიანსი შუაშისტ ამომრჩეველს წაიყვანს და დაახლოებით 30-40%-იანი რესურსი ექნება. ელისაშვილს მზაობა ჯერჯეობით „გირჩმა" დაუდასურა. რამდენად შესაძლებელია ასეთი ტიპის გაერთიანება მართლაც შედგეს და რა შანსი ექნებათ მათ საპარლამენტო არჩევნებზე?

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ელისაშვილის მიერ დასახელებული პარტიებისა და ლიდერების გაერთიანების შემთხვევაში, ასეთი ალიანსი, სულ მინიმუმ, ენმ-ს ჩაანაცვლებს, როგორც მთავარ ოპიზიციურ პარტიას და შესაძლოა „ოცნებასაც" სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდეს პირველობისთვის ბრძოლაში. თუმცა, რამდენად შედგება ეს გაერთანება, თავად ლიდერების გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.

„თუ ეს გაერთიანება შედგა, მაშინ შესაძლოა იმაზე ვიფიქროთ, რომ საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულ ოცნებას" ნამდვილად გამოუჩნდება კონკურენტი პირველი ადგილისთვის ბრძოლაში. თუ იქ რაღაცეებიც გადათამაშდება და ყველაფერი ნორმალურად ჩამოყალიბდება, ეს იქნება არა უბრალოდ გაერთიანება, არამედ ძალა, რომელიც რეალურად იბრძოლებს იმისთვის, რომ პირველ ადგილზე გავიდეს და დანარჩენ ოპოზიციურ სპექტრს პირობები თავად შესთავაზოს.

„ეს გაერთიანება რელურად რამდენად შესაძლებელია? ახლა რთული სიტუაციაა, მაგრამ შეუძლებელიც არაფერია. თუ ეს ხალხი (ძირითადად ლიდერები) დაგვარწმუნებს, რომ ისინი თავისი თავისთვის კი არა, ქვეყნისთვის იბრძვიან, ეს ამ ეტაპზე საუკეთესო გამოსავალია. თუმცაღა, თუ ყველას თავისი ლელოს გატანა უნდა, „ლელოდან" დაწყებული გახარიას ჩათვლით, მაშინ ეს გაერთიანება არ შედგება და მერე იმის პრეტენზია აღარ უნდა ჰქონდეთ, თუ „ქართულმა ოცნებამ" ამდენი მანდატი რატომ მიიღო.

„თუ გახარია უარზეა, მაშინ დანარჩენებმა უნდა შეძლონ გაერთიანება. ეს კი მოიტანს იმას, რომ გახარიას უბრალოდ ჩაძირავენ. ასეთი გაერთიანების შემთხვევაში - ზემოთ ჩამოთვლილს მინუს გახარია - დიდი ალბათობით, პარტია „საქართველოსთის" 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავს. ამიტომ ის იძულებული იქნებ, ან ამ კოალიციაზე წავიდეს, ან ბორტს მიღმა დარჩეს. ასეთ შემთხვევაში ეს კოალიცია არ ვიცი პირველი ადგილისთვის რამდენად იბრძოლებს, მაგრამ შეუძლიათ წარმატებით იბრძოლონ იმისთვის, რომ მთავარ ოპოზიციურ ძალად გადაიქცნენ ხელისუფებასთან მიმართებაში და რეალურად ჩაანაცვლონ „ნაციონალური მოძრაობა", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

კითხვაზე, ალეკო ელისაშვილის მიერ ჩამოთვლილ პარტიებისა და ლიდერების შესაძლო გაერთიანებას არჩევნებზე ხმების რამდენი პროცენტის მიღების შანსი აქვთ, ძაბირაძე პასუხობს:

„ჯერ გაერთიანება უნდა შედგეს და რაღაცეები გამოიკვეთოს. ერთი, რაც დღეისთვის შემიძლია ვთქვა, 5%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა ნამდვილად არ ექნებათ. დანარჩენი პროცესს უნდა შევხედოთ. თუ სწორად წაიყვანენ, ისინი, როგორც მინიმუმ, „ნაციონალურ მოძრაობას" ჩაანაცვლებენ, როგორც მთავარ ოპოზიციურ პარტიას და დანარჩენი პროცესზეა დამოკიდებული.

„ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიას რომ ვუყურებ, როგორც ჩანს, მათ ძალიან დიდი პრობლემები აქვთ - ასეთი აგრესიული კამპანია აშკარად ამაზე მიუთითებს. გარდა ამისა, ისინი ალბათ ოპოზიციურ ნაწილზეც მუშაობენ და ცდილობენ არ დაუშვან ოპოზიციისთვის მომგებიანი და მათთვის წამგებიანი რაღაც ასეთი გაერთიანებები. იმუშავებენ როგორც პარტიებზე, ისე იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ პარტიებში გადაწყვეტილებას იღებენ და თუ ამ პარტიებს ეს ელემანტარული არ ესმით, რა მნიშვნელობა აქვს ისინი ხელისუფლებაში მოვლენ თუ არა", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, „ცვლილება თუ გვინდა, პარტიული დღის წესრიგი დროებით გვერდზე უნდა გადავდოთ და საერთო კონტურებზე ვიფიქროთ".

„მაქვს შეთავაზება პარტიებთან, რომლებიც არც „ნაცები" ვართ და არც „ქოცები", არც ამ ორი პარტიის ორბიტაზე ვართ, ვილაპარაკოთ გაერთიანების გზებზე. ე.წ. შუაშისტური ძალები, პროდასავლური პარტიები უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ცალ-ცალკე შეიძლება ბარიერი გადავლახოთ, მაგრამ ხელისუფლებას ვერ შევცვლით. ცვლილება თუ გვინდა, პარტიული დღის წესრიგი დროებით გვერდზე უნდა გადავდოთ და საერთო კონტურებზე ვიფიქროთ.

„ასეთ შუაშისტურ ძალებს შეიძლება 30-40%-იანი რესურსი გვქონდეს. ასეთ ძალად მოვიაზრებ „ლელოს", გახარიას პარტიას, „გირჩს", ანა დოლიძეს და კიდევ რამდენიმე უპარტიო ადამიანს. წესით ახლა ყველა რაღაც საერთო კონტურებზე უნდა ვმსჯელობდეთ. მე, პირადად, მზად ვარ დავჯდე ამ პარტიებთან სალაპარაკოდ", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის მოლაპარაკებები აქვს „გირჩის" წევრებთან, რომლებმაც ასევე დაუდასტურეს მზაობა.

„ჩვენ ბევრ რამეში ერთმანეთს კატეგორიულად არ ვეთანხმებით, მაგრამ ვლაპარაკობთ იმაზე, რაც გვაერთიანებს, თუ როგორ ვხედავთ გამდიდრების გზას, სამართლიან და უსაფრთხო ქვეყანას და ა.შ. მინდა, სხვებსაც მივმართო, შეწყვიტონ ერთმანეთზე თავდასხმები, შეიძლება, ყველას ერთმანეთი გულზე არ გვეხატებოდეს, მაგრამ თუ ჩვენ პოლიტიკაში ვართ და ქვეყნის ბედზე პასუხისმგებლობას ვიღებთ, უნდა გავაცნობიეროთ ეს ისტორიული მომენტი, თუ ახლა შევცვლით ხელისუფლებას, გაიხსნება მოლაპარაკებები და საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი. ძალაუფლების ცვლილება უნდა იყოს წყნარი და მშვიდი. ჩვენ თუ ცვლილება გვინდა, კომპრომისებზე უნდა წავიდეთ, პირობა უნდა დავდოთ, რომ ეს რევანშიზმის გარეშე მოხდება, ცვლილების შემდეგ არავის დავიჭერთ, ქონებას არავის წავართმევთ, სამსახურიდან არავის გავუშვებთ და ძალიან მომწონს „გირჩის" იდეა, თუ ვინმეს გავუშვებთ, სამი წლის კომპენსაციას წინასწარ მივცემთ. ამით აშინებს „ოცნება" საჯარო სამსახურში დასაქმებულებს, ამიტომ ჩვენ თუ ცვლილება გვინდა, რევანშიზმს უნდა მოვეშვათ", - განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, „პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებაა და ზოგჯერ შეიძლება, ისეთი ადამიანები დადგნენ ერთმანეთის გვერდზე, წარმოუდგენლად რომ მიგვაჩნია".

„მზად ვარ კომპრომისისთვის, მოვუწოდებ სხვა ე.წ. შუაშისტურ პარტიებს, მარტო თავის დღის წესრიგსა და ბარიერის გადალახვაზე ნუ ფიქრობენ, რომც გადალახონ, მერე რას იზამენ? გაერთიანების გარეშე ცვლილება არ მოხდება. დღის წესრიგი ავაწყოთ საერთო კონტურის მოხაზვაზე და ცვლილების განხორციელებაზე", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×