ელზა პაპოშვილი
22.03.2024

მმართველი გუნდი კვლავ მიიჩნევს, რომ 2024 წლის არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს. „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა 60%-ის ფარგლებშია, „ნაციონალური მოძრაობის“ 15%-ის ფარგლებში. სხვა პარტიებს ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვთ“ - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

გარდა პაპუაშვილისა, „ოცნების“ დეპუტატებიც ამბობენ, რომ  მმართველი გუნდი უალტერნატივოა, ხოლო ოპოზიციას გამარჯვების შანსი არ აქვს.    

ოპოზიციაში კი ამ განცხადებას პროპაგანდად აფასებენ, რომლითაც „ოცნება“ საკუთარი ამომრჩევლის გამხნევებას ცდილობს.  

„ჩვენ რასაც ვხედავთ და მათ შორის კვლევებითაც რაც ჩანს, არის ის, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა 60 პროცენტის ფარგლებშია. „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა 15 პროცენტის ფარგლებშია. ხედავთ ახლა მათი გაყოფა-გამიჯვნის ტაქტიკას, რომელიც საბოლოო ჯამში ჩანს, რომ მათვე აზიანებს. სხვა პარტიებს აქვთ ბარიერის გადალახვის პრობლემა. 

„ამ სურათს თუ შეხედავთ, ის პირდაპირ აჩვენებს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების რეალური შანსია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ გარანტირებულია საკონსტიტუციო უმრავლესობა. ამიტომაც ჩვენი მთავარი მოწოდება მოქალაქეების მიმართ არის ის, რომ იყვნენ აქტიურები, მობილიზებულები, მოვიდნენ არჩევნებზე, რათა დაანახონ საქართველოს მიმართ არაკეთილგანწყობილ ადამიანებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, თუ სად დგას ქართული საზოგადოება. 

„უპირველეს ყოვლისა, საკონსტიტუციო უმრავლესობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორც ქართველი ხალხის განაცხადი, რომ ის მყარად დგას საქართველოს ინტერესების სადარაჯოზე და არ დაუშვებს ამ ქვეყანაში ომს და ეკონომიკურ კოლაფსს, რისკენაც ოპოზიცია მოგვიწოდებს, განსაკუთრებით ბოლო ორი წელია, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომი დაიწყო. ამ ყველაფერზე საჭიროა მკაფიო განაცხადი ქართული საზოგადოების და ეს ყველაზე კარგი განაცხადი იქნება არჩევნებში „ქართული ოცნებისთვის“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მანდატის მინიჭება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.  

„ეს არის პროპაგანდა, რომ საკუთარი ამომრჩეველი გაამხნევონ,“ - ასე ხსნის „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებს არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვებაზე „ევროოპტიმისტების“ დეპუტატი ხატია დეკანოიძე.

„ეს არის პარტია, რომელშიც არის კლანური დაპირისპირებები, რომელშიც არავინ არ იცის, ბიძინა ივანიშვილი კონკრეტულად ვის უჭერს მხარს და ეს არის პარტია, რომელიც არის ანტიდასავლური რიტორიკით გამორჩეული, ამიტომ, სიმართლე გითხრათ, ეს არის პროპაგანდა, რომ საკუთარი ამომრჩეველი გაამხნევონ,“ - ამბობს ხატია დეკანოიძე.   

„ავტორიტარული განცხადებების უკან სინამდვილეში დგას შეშინებული ხელისუფლება, რომელსაც ძალიან ეშინია ძალაუფლების დაკარგვის,“ - აცხადებს "ლელოს" დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი. ამბობს, რომ ხელისუფლება მსგავსი განცხადებებით ცდილობს შიშის დაფარვას.

„ეს არ არის ხელისუფლება, რომელიც ევროპულ ღირებულებებს იზიარებს და ევროპული გეზით წაიყვანს ქვეყანას, ასეთი განცხადებები ახასიათებს რუსეთს და რუსული ტიპის მმართველობით მართულ სახელწიფოებს. ავტორიტარული განცხადებების უკან სინამდვილეში დგას შეშინებული ხელისუფლება, რომელსაც ძალიან ეშინია ხელისუფლების დაკარგვის და ცდილობს, ბაქიბუქით გადაფაროს თავისი ძლიერი შიში,“ - ამბობს ანა ნაცვლიშვილი. 

ანალიტიკოსი ვახტან ძაბირაძე კითხვაზე, აქვს თუ არა დღევანდელ ოპოზიციას მყარი საფუძველი იმაზე ფიქრისთვის, რომ არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციაში გაუშვებს, ძაბირაძე ამბობს, რომ არა. ჯერჯერობით ოპოზიციხურე ფლანგზე არ არის ჩამოყალიბებული ჯგუფები, რომლებსაც 5%-იანი ბარიერის გადალახვა შეიძლიათ, ეს კი ხელისუფლების წისქვილზე წყალს ასხამს. 

„ხელისუფლება მართალია, როდესაც ამბობს, რომ უმრავლესობის აღების შანსი აქვს, რადგან დღეის მონაცემებით, გარანტირებულად 5%-იან ბარიერს მხოლოდ ორი პარტია - ენმ და „ოცნება“ - გადალახავს. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი - 5%-იანი ბარიერის ქვემოთ დარჩენილი ხმები ძირითადად სახელისუფლებო ყულაბაში მიდის. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური სუბიექტებისთვის, რომლებიც არჩევნებში იღებენ მონაწილეობას ოპოზიციიდან, გარანტირებული იყოს ბარიერის დაძლევა. ასეთ შემთხვევაში რეალურია, რომ მივიღოთ კოალიციური მთავრობა. თუმცა რასაც ახლა ჯერჯერობით ვხედავთ, ამ მონაცემებით ოპოზიციას კოალიციური მთავრობის შექმნის შანსი არა აქვს“, - განაცხადა ძაბირაძემ.

მისივე აზრით, დღეს მნიშვნელოვანია არა იმდენად „ქართული ოცნების“ დამარცხება, რამდენადაც ის, თუ ვის აქვს გარანტირებული 5%-იანი ბარიერის დაძლევა. ეს მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია და „არც გახარიას და არც „ლელოს“ 5%-იანი ბარიერის დაძლევა გარანტირებული არ აქვს“.

„თუ გამჭვირვალე არ იქნება მოსახლეობის მხრიდან იმის აღიარება, რომ დიახ, ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა, საპროტესტო აქციები კი დაიწყება, მაგრამ მარტო პარტიული აქტივი იმუშავებს და ეს საკმარისი არაა იმისთვის, რომ ხელისუფლებამ აღიაროს. ოპოზიციურ ფლანგზე უნდა შეიქმნას ისეთი ჯგუფები, როდესაც საზოგადოება დარწმუნებული იქნება, რომ, მაგალითად, „ლელო“ და გახარია 5%-იან ბარიერს გადალახავენ და პრობლემა არ აქვთ. ჯერჯერობით, ეს არ ჩანს. ამიტომ რამდენიც გინდა ოპოზიციამ იძახოს, რომ ხმები გაგვიყალბესო, ამას თუ ხალხი არ აჰყვა, აზრი არა აქვს. ამიტომ ვამბობ, რომ სანამ გვიანი არაა, დროზე დაიწყოს ოპოზიციამ გადაჯგუფება და საზოგადოებას საბოლოო სახით ეჩვენოს“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.     

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×