თამთა ჩაჩანიძე
22.03.2024

საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის პარლამენტში გამოსვლა დიდი ხმაურისა და გაწევ-გამოწევის ფონზე წარიმართა. როცა ინტერპელაციის წესით მიწვეულ დარჩიაშვილს „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე კითხვით მიმართავდა, დარბაზიდან უმრავლესობის დეპუტატების რეპლიკები გაისმა, რაც მწვავე კამათში გადაიზარდა. უმრავლესობის პრეტენზიები უკავშირდება ევრონესტში ვერგატანილ „ოცნების" იმ რეზოლუციას, რასაც ოპოზიციონერი დეპუტატების მხარდაჭერა არა აქვს.

„რამდენს ლაპარაკობს ეს მოღალატე. ვერ ხვდები, რომ მოღალატე ხარ? რამდენს გიხდიან ქვეყნის ღალატისთვის, თუ უფასოდ ღალატობ? შენ ხარ ტიპური კლასიკური მოღალატე, ნაძირალა, არაკაცი," - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დაჩი ბერაიამ გიორგი ვაშაძეს, რომელმაც მინისტრს ჰკითხა, თუ რატომ არ აჰყავს ემიგრაციაში მყოფი ემიგრანტები საკონსულო აღრიცხვაზე.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დარჩიაშვილი საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაიბარეს. საინტერპელაციო კითხვა ხატია დეკანოიძემ, რომან გოცირიძემ, თეონა აქუბარდიამ, როსტომ ჩხეიძემ, ნატო ჩხეიძემ, ბაჩუკი ქარდავამ და ნიკა მაჭუტაძემ გაუგზავნეს.

ამის საპასუხოდ კი ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ საგარეო უწყება მიმართავს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას, რათა უცხოეთში მცხოვრებმა თანამემამულეებმა მარტივად და დაბრკოლებების გარეშე შეძლონ ხმის მიცემა.

დაპირისპირებაში ჯერ მამუკა მდინარაძე ჩაერთო, მერე კი „ხალხის ძალიდან" მიხეილ ყაველაშვილი. მან ოპოზიციონერ დეპუტატებს „მოღალატეები" უწოდა და არგუმენტად მოიყვანა ის, რომ ევრონესტში ქართული დელეგაციის ოპოზიციონერმა წევრებმა მხარი არ დაუჭირეს საქართველოსთვის მნიშვნელოვან რეზოლუციას.

„უნდა გაგხიოს ცემით კაცმა, შე არაკაცო... იმდენი კაცობა არ გეყოთ, რომ ბოდიში მაინც მოგეხადათ", - მიმართა მიხეილ ყაველაშვილმა გიორგი ვაშაძეს.

დაპირისპირება იყო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავასა და ყაველაშვილს შორისაც.

„არ მოგცემ საშუალებას საზოგადოებას ასე დავარცხნილად ესაუბრო - მეგის ქარდავას თანაპარტიელი ხარ!" - მიმართა ყაველაშვილმა ბოკუჩავას. უთხრა, რომ „მისი პარტიის კისერზეა სანდრო გირგვლიანის და რობაქიძის საქმეები". ყაველაშვილი, ასევე სიტყვიერად დაუპირისპირდა ოპოზიციონერ დეპუტატ თაკო ჩარკვიანს.

„საგარეო საქმეთა მინისტრს მინდა დავუსვა მთავარი კითხვა, რა დაგიშავათ ემიგრანტებმა?" - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს სხდომათა დარბაზში, როგორც ვაშაძემ თქვა, სხვადასხვა ქვეყნის საკონსულო საქართველოს მოქალაქეებს არ არეგისტრირებს.

„800 ათასზე მეტი ჩვენი თანამემამულე იძულებული გახდა 2012 წლის შემდგომ ქვეყნიდან წასულიყო იმიტომ, რომ შემოსავალი, სამუშაო ადგილი არა აქვს. ფასების ზრდის პირობებში უბრალოდ, ოჯახს ვერ არჩენენ. წავიდნენ ადამიანები იმისთვის, რომ სარჩო-საბადებელი იშოვონ და აქ შვილებს გადმოურიცხონ. მილიარდები შემოდის აქედან საქართველოს ეკონომიკაში. ყველა ჩვენს თანამემამულეს უნდა საქართველოში დაბრუნება. ადამიანები შვილებს ტოვებენ და ბავშვები მშობლების გარეშე იზრდებიან. ბებია-ბაბუა ემიგრაციიდან ჩამოვიდნენ, ახლა მათი შვილები მიდიან ემიგრაციაში.

„მინდა გკითხოთ, რას ერჩით ამ ემიგრანტებს? ადამიანები, რომლებიც საკონსულოში მოგმართავენ საკონსულო აღრიცხვაზე და თქვენი საკონსულოები მათ არ არეგისტრირებენ. მაგალითად, ხელში მაქვს ბოლო ერთი თვის სტატისტიკა ნიუ-იორკის საკონსულოსთან დაკავშირებით. 52-მა ადამიანმა მიმართა ნიუ-იორკის საკონსულოს რეგისტრაციისთვის", - განაცხადა ვაშაძემ.

მინისტრ ილია დარჩიაშვილის თქმით, საგარეო უწყება თანამშრომლობს ეუთოს შესაბამის ერთეულთან საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევის მიზნით; აგრეთვე ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარეობს ყველა იმ საკითხის კოორდინირება, რომლებიც უზრუნველყოფს საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების საარჩევნო უფლების სრულყოფილ რეალიზაციას.

ილია დარჩიაშვილის ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2020 წლის 23 აპრილის N01-72 ბრძანებით დამტკიცებული „საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის" თანახმად, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების მიზანია საზღვარგარეთ მათი უფლებების, კანონიერი ინტერესების დაცვა და საკონსულო ფუნქციების ეფექტიანი განხორციელება, რაც გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან მრავალი სამართლებრივი ხასიათის მომსახურებას. შესაბამისად, მინისტრის თქმით, საკონსულო აღრიცხვაზე მოქალაქეთა დადგომა არ ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო უფლების რეალიზაციას.

„საკონსულო აღრიცხვის მონაცემები გამოიყენება გლობალური, რეგიონული ან ადგილობრივი კრიზისული სიტუაციების დროს საქართველოს მოქალაქეების ეფექტიანი საკონსულო დაცვის უზრუნველყოფისა და მათ საჭიროებებზე რეაგირების მიზნით. ჩვენ ამის მაგალითები არაერთხელ გვქონია, მათ შორის, გლობალური პანდემიის დროს", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა ნებაყოფლობითია და ამისათვის საგარეო უწყება მოქალაქეებს მრავალმხრივ შესაძლებლობებს სთავაზობს. კერძოდ, მოქალაქეს შეუძლია საკონსულო აღრიცხვაზე დადგეს როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით, ისე ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში/საკონსულო დაწესებულებაში პირადი გამოცხადების გზით ან განაცხადის საფოსტო გზავნილით გაგზავნის საშუალებით. მოქალაქეების საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება ხდება კონკრეტული საკონსულო ოლქის ფარგლებში. საკონსულო აღრიცხვაზე დადგომისთვის არ არის დაწესებული საკონსულო მოსაკრებელი და, შესაბამისად, მომსახურება უფასოა.ამასთან, მინისტრის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჯერ კიდევ 2023 წელს აწარმოა ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია საკონსულო საქმიანობის მართვის ელექტრონული სისტემის შესახებ, რომელმაც ასიათასობით მოქალაქე მოიცვა.

დარჩიაშვილის თქმით, „საკონსულო დაწესებულების გახსნა კომპლექსური საკითხია, არსებობს საერთაშორისოდ დამკვიდრებული წესები და რეგულაციები, რომელთა ფარგლებშიც ხდება ამ პროცესის წარმართვა". საკითხის განხილვისას მხედველობაში მიიღება მასპინძელი ქვეყნის გეოგრაფიული თავისებურებები, ადგილსამყოფელი ქვეყნის რეგულაციები და ა.შ. აქედან გამომდინარე, შესაძლოა განსხვავდებოდეს გადაწყვეტილების მიღების ვადები, დაწესებულების ადგილსამყოფლის შერჩევის წესები და სხვ. როგორც წესი, დაწესებულების გახსნასთან დაკავშირებული წინადადების განხილვაში ჩართულია არაერთი უწყება და კონსულტაციები შესაძლოა რამდენიმე თვის განმავლობაშიც კი მიმდინარეობდეს. ილია დარჩიაშვილმა ვრცლად ისაუბრა საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებების გახსნის პრაქტიკაზეც.

დარჩიაშვილმა უპასუხა გიორგი ვაშაძის კომენტარსაც.

„თავიდან სეროზულად დავიწყე კითხვების მონიშვნა და მერე მივხვდი, რომ ჩვენ ოპონენტებს აქ, არანაირი მიზანი არ ჰქონდათ კითხვა დაესვათ და პასუხი მიეღოთ. მოვისმინეთ ძალიან ბევრი ტყუილი, უსამართლო შეფასება",- თქვა დარჩიაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×