თამთა ჩაჩანიძე
25.05.2022

დავოსში, ქართული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე დეტალურად ისაუბრა. პრემიერმა პანელური დისკუსიის ფარგლებში, საქართველოს ისტორიულ არჩევანს ხაზი რამდენჯერმე გაუსვა და აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს იდეას, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროპული ოჯახის წევრი.

"სამეზობლოსთან ევროკავშირის პარტნიორობის ხელახალი გააზრების" შესახებ გამართული მსჯელობის ფარგლებში ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის ღირებულებებისა და პრინციპების მიმართ ერთგულია და დემოკრატიულ რეფორმებს ახორციელებს, ევროპა კი დასკვნები უნდა გააკეთოს.

„პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი ხალხის მოლოდინები. მინდა ვისაუბრო საქართველოზე და ქართველ ხალხზე. ჩვენი მოსახლეობის 80 %-ზე მეტი მხარს უჭერს იდეას, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი მთავრობის არჩევანი. ჩვენ მივისწრაფვით, ვცდილობთ ევროპასთან დაახლოებას საუკუნეების განმავლობაში.

„ჩვენ ეს არ დაგვიწყია 2014 წელს, როდესაც გადაწყვეტილების შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ. ჩვენ საუკუნეებია ვცდილობთ ცივილიზებული ევროპის, მსოფლიოს ნაწილი გავხდეთ. ახლა ჩვენ გვჭირდება ჩვენი ხალხის მოლოდინების მართვა," - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც საქართელოს მთავრობის მეთაური ამბობს, ქვეყანა აკეთებს ყველაფერს, რაც „ასოცირების შეთანხმებაშია" გათვალისწინებული.

„მიგვაჩნია, რომ ძალიან ერთგულები ვართ ევროკავშირის ღირებულებებისა და პრინციპების მიმართ, ვახორციელებთ დემოკრატიულ რეფორმებს. ვაკეთებთ ყველაფერს, რაც გათვალისწინებულია „ასოცირების შეთანხმებით". ჩვენ შევასრულეთ „ასოცირების შეთანხმების" 45 %-ზე მეტი. ვახორციელებთ ძალიან ამბიციური რეფორმების დღის წესრიგს 2014 წლიდან.

„გვაქვს მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ყველა მიმართულებით, იქნება ეს კანონის უზენაესობა, სასამართლო რეფორმა, ღია მმართველობა. ჩვენ ყველა მიმართულებით უზარმაზარი, ხელშესახები პროგრესი გვაქვს და ხალხი ამას ხედავს," - აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.

მან ფორუმის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საუბრის შესაძლებლობა მიეცა.როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არის ქართველი ხალხის არჩევანი და ეს მხოლოდ მთავრობის გადაწყვეტილებას არ წარმოადგენს.

„ეს არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი. ჩვენ ევროკავშირისადმი ძალიან ლოიალური და ერთგული ვართ, რადგან საერთო მიზნები, პრინციპები და ფასეულობები გაგვაჩნია. 2014 წელს ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოვაწერეთ - ეს არის სრულფასოვანი გაწევრიანებისთვის მთავარი დოკუმენტი და გზამკვლევი.

„მას შემდეგ ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და უვიზო მიმოსვლის რეჟიმი გვაქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა ქართველი ხალხისთვის. სულ ახლახან, გაწევრიანების ოფიციალური განაცხადი წარვადგინეთ და რაც უფრო ახლოს მივალთ ევროკავშირთან, ეს ჩვენთვის მეტად მისაღები იქნება, რადგან ჩვენ არ გვაქვს სხვა ალტერნატივა.

„ეს არის ქართველი ერის არჩევანი და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად დავუახლოვდეთ ევროკავშირს და ჩვენს საბოლოო მიზანს მივაღწიოთ, რაც არის სრულფასოვანი წევრობა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ჩვენ გვსურს ევროკავშირისგან მოქმედების ხილვა დღესვე, ახლავე, რადგან დღეს განსხვავებული მსოფლიოა - ის, რაც უკრაინაში ხდება, არის გამოწვევა მთელი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ამავე დისკუსის ფარგლებში განაცხადა. ამბობს, რომ საქართველოს ევროკავშირისგან სწრაფი მოქმედების ხილვა სურს.

„ახლა საკითხი ასე დგას: გავზრდით ჩვენ ამ მოლოდინებს და ვეტყვით ჩვენს ხალხს, რომ საქართველო მიიღებს ამ, ასე ვთქვათ, სიმბოლურ, პოლიტიკურ დეკლარაციას. აღიარებას, რომ საქართველო არის ამ ევროპული ოჯახის ნაწილი, თუ უნდა ავუხსნათ მათ, რომ ახლა არ არის სწორი დრო, შესაძლოა, ეს მოგვიანებით განვიხილოთ და ა.შ. ჩვენ გვსურს მოქმედების ხილვა დღესვე, ახლავე, რადგან დღეს განსხვავებული მსოფლიოა.

„ის, რაც უკრაინაში ხდება, ეს არ არის გამოწვევა მხოლოდ უკრაინის უსაფრთხოებისთვის, ეს არის გამოწვევა მთელი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურისთვის. მინდა გაგახსენოთ ომი, რომელიც 2008 წელს გვქონდა. ამასთან, მწუხარებით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არ გვინახავს ისეთი ერთიანობა, როგორიც დღეს არის. ჩვენ მივესალმებით ამ ერთიანობას, ეს არაჩვეულებრივია. ეს არის მთელი მსოფლიოს, ცივილური მსოფლიოს ძალიან ძლიერი რეაქცია."- განაცხადა პრემიერმა.

მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც საქართველო დამოუკიდებლობა დაიბრუნა მაღალი ფასი გადაიხადა ოკუპანტთან ბრძოლაში, ევროკავშირისგან კი შესაბამისი რეაგირებაა საჭირო.

ჩვენ, ქართველებმა ძალიან მაღალი ფასი გადავიხადეთ იმის შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა დავიბრუნეთ. ჩვენ 90-იან წლებში ორი ომი გვქონდა და 2008 წელს ფართომასშტაბიანი ომი რუსეთთან და ამ ომების შედეგი არის ჩვენი ტერიტორიების, ჩვენი ისტორიული ტერიტორიების დროებით ოკუპაცია. გვესმის ის შეშფოთება, რაც ევროკავშირში არსებობს, მათ არ სურთ ამ პრობლემების ევროპულ ოჯახში „იმპორტირება", მაგრამ ასევე გვესმის, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ ნიშნავს წევრობას.

„მანამდე ჯერ კიდევ გრძელი პროცესია. ჩვენ ეს გვესმის და ჩვენ გვაქვს ჩვენი საშინაო დავალება, რომელიც არის „ასოცირების შეთანხმება". მაგრამ ჩვენ გვსურს სიცხადე და ჩვენ გვჭირდება ადეკვატური და შესაბამისი რეაგირება ევროკავშირისგან," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მინდა, ქართველი მეცნიერის და ევროპული კონსტიტუციის თანაავტორის, ბატონი მიხეილ მუსხელიშვილის ციტატა მოვიყვანო: საქართველომ იცის, რომ ის ევროპას ეკუთვნის, ახლა ევროპამ უნდა გააკეთოს დასკვნები - ამ სიტყვებით კი საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავისი სიტყვით გამოსვლა დაასრულა, "სამეზობლოსთან ევროკავშირის პარტნიორობის ხელახალი გააზრების" შესახებ პანელზე.

ღარიბაშვილი დავოსის ეკონომიკურფორუმზე სიტყვით 25 მაისს გამოვიდა. მანამდე ოფიციალური შეხვედრები გაიმართა. იგი ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარისს შეხვდა,შეხვედრაზე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობა და ქართული ინსტიტუციების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მიმართულებით ესტონეთის მიერ გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერა.

ამავე შეხვედრზაე საუბარი შეეხო საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობასა და უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს.ღარიბაშვილმა უკრაინელი ხალხის მიმართ საქართველოს სოლიდარობა კიდევ ერთხელ დააფიქსირა

ღარიბაშვილი შვეიცარიაში 22 მაისს გაემგზავრა, საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან მთავრობის ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×