რეზონანსი
13.09.2023

საქართველოსა და ყაზახეთს უკვე მრავალი წლის მეგობრობა, პარტნიორობა და თანამშრომლობა აკავშირებს - ქვეყნებს შორის კავშირები აქტიურად ვითარდება როგორც სავაჭრო-ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ დონეზე.

ყაზახეთი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმაზე და ახორციელებს სოლიდურ ინვესტიციებს ქართულ ეკონომიკაში, რაც ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს საქართველოს მოქალაქეებისათვის და ზრდის შემოსავლებს სახელმწიფოს ბიუჯეტში.

ასევე, მეტად აქტიურია კომუნიკაცია ხალხებს შორის - ტურიზმის სფეროში ეფექტური თანამშრომლობა ამის საუკეთესო გამოხატულებაა, ყაზახ ტურისტებს მოსწონთ საქართველოში მოგზაურობა, ადგილობრივი კულტურის, ისტორიის და ღირშესანიშნაობების გაცნობა, რის საშუალებასაც ინტენსიური პირდაპირი ავიამიმოსვლა იძლევა საქართველოსა და ყაზახეთს შორის.

სადღეისოდ ყაზახეთი ცენტრალური აზიის რეგიონის პოლიტიკური და ეკონომიკური ლიდერია, ქვეყანა დინამიურად ვითარდება ყველა მიმართულებით და მნიშვნელოვანი საერთაშორისო გლობალური მოთამაშე ხდება.

შესაბამისად ამ ქვეყნის პრეზიდენტის მიმართვა მნიშვნელოვანი და საინტერესოა, როგორც მთლიანად რეგიონისთვის, ასევე ყაზახეთის ყველა მეგობარი და პარტნიორი ქვეყნისთვის.

ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომარტ ტოკაევი პარლამენტის პალატათა ერთობლივ სხდომაზე წარსდგა ყაზახი ხალხისადმი მიმართვით - „სამართლიანი ყაზახეთის ეკონომიკური კურსი". თავად მიმართვის სახელწოდება უკვე მიანიშნებს იმ ფასეულობებზე, რასაც ის ეფუძნება - სამართლიანობა და ეკონომიკური განვითარება, რამაც კიდევ უფრო მეტი კეთილდღეობა უნდა მოუტანოს ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს.

პრეზიდენტმა უპირველეს ყოვლისა აქცენტი გააკეთა იმ პოლიტიკურ რეფორმებზე, რომლებიც ახლა აქტიურად ვითარდება ყაზახეთში.

როგორც მან აღნიშნა, კიდევ უფრო გამტკიცდა ფორმულა: „ძლიერი პრეზიდენტი-ზეგავლენის მქონე პარლამენტი-პასუხისმგებელი მთავრობა", გადაიდგა მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯები ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, მიმდინარეობს მასშტაბური სამუშაოები, რამაც უნდა უზრუნველყოს კანონის უზენაესობა და სამართლიანობა.

პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ აუცილებელია ერთმანეთთან შეთავსებული იყოს პოლიტიკური რეფორმები და ღრმა, ყოვლისმომცველი სოციალ-ეკონომიკური გარდაქმნები.

„რთული გეოპოლიტიკური ვითარების მიუხედავად ჩვენი ქვეყანა ახერხებს დადებითი ეკონომიკური განვითარების დინამიკის შენარჩუნებას ყველა მნიშვნელოვანი მაჩვენებლის მიხედვით. გასულ წელს ყაზახეთის მშპ-მ შეადგინა 104 ტრილიონი ტენგე. მოზიდულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სარეკორდო რაოდენობა - 28 მილიარდი აშშ დოლარი. შიდასავაჭრო ბრუნვამ ასევე მიაღწია სარეკორდო დონეს - 136 მილიარდი დოლარი, საიდანაც 84 ექსპორტია. ეკონომიკის სტაბილურობის საფუძველი - შედა რეზერვები მიუახლოვდა 100 მილიარდი დოლარის მაჩვენებელს.

ამასობაში სხვა ქვეყნების უმრავლესობაც არ დგანან ერთ ადგილას. დღეს გლობალურ ეკონომიკასა და საერთაშორისო შრომის განაწილების ბაზარზე მიმდინარეობს ფუნდამენტური ცვლილებები. დიდ ტემპს კრიფავს ტექნოლოგიური შეჯიბრი, ყველა მიმართულებით მწვავდება კონკურენცია რესურსებისთვის. უმაღლეს დონეზე აქტუალიზირებულია კლიმატის გლობალური ცვლილების პრობლემატიკა, სასურსათო უსაფრთხოება და მდგრადი დემოგრაფიული განვითარება. ერთი სიტყვით, კაცობრიობამ შეაბიჯა კარდინალური ცვლილებების და უპრეცედენტო გამოწვევების ახალ ეპოქაში.

ასეთ მნიშვნელოვან პერიოდში ჩვენ გვაქვს ყველანაირი პოტენციალი მძლავრი ეკონომიკური გარღვევისთვის. საამისოდ ეტაპობრივად, თუმცა, მყარად და გადამწყვეტად უნდა გადავიდეთ ეკონომიკური განვითარების ახალ მოდელზე, რომლის სათავეშიც არის არა რაიმე აბსტრაქტული მიღწევები, არამედ, მოქალაქეების ცხოვრების რეალური გაუმჯობესება" - განაცხადა ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა.

თავის მიმართვაში პრეზიდენტმა მთავრობის წინაშე კონკრეტული ამოცანები დასახა, რაც ეხება გადამამუშავებელი, სამთომომპოვებელი მრეწველობის, თავდაცვითი-სამრეწველო კომპლექსის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ლოგისტიკის, საფინანსო სფეროს, გაციფრიანების, წყლის რესურსების, კრეატიული ინდუსტრიის, აგრეთვე, მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერის მიმართულებით.

მან აგრეთვე გააჟღერა რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივა, რამაც უნდა უზრუნველყოს სახელმწიფოს ზემოქმედების შემცირება ეკონომიკაზე, ეკონომიკის დემონოპოლიზაცია, მაკროეკონომიკური პოლიტიკის გადახედვა, საბიუჯეტო და საგადასახადო პოლიტიკის რეფორმირებასა და ადმინისტრაციული სისტემის მართვაზე.

ალექსანდრე ანდრიაძე

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×