შეხვედრა აკადემიკოს რამაზ გახოკიძესთან მწერალთა სახლში და ია ჩუთლაშვილის წიგნის - "მარჯნად აკინძული აზრების" - წარდგინება
რეზონანსი
08.08.2023

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოორგანული ქიმიის კათედრის გამგე, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ორგზის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი რამაზ გახოკიძე მწერალთა კავშირის წევრად აირჩიეს. ამასთან დაკავშირებით, მწერალთა კავშირმა მოაწყო შეხვედრა აკადემიკოს რამაზ გახოკიძესთან და ია ჩუთლაშვილის წიგნის - "მარჯნად აკინძული აზრების" - რამაზ გახოკიძის გამონათქვამები, მოსაზრებები, ამონარიდები - პრეზენტაცია. შეხვედრას ესწრებოდნენ: მწერლები, მეცნიერები, მხატვრები, მუსიკოსები, სპორტსმენები, ექიმები...

ღონისძიება გახსნა მწერალთა კავშირის თანათავმჯდომარემ, პოეტმა ბაღათერ არაბულმა. მან ბატონი რამაზი წარუდგინა დამსწრე საზოგადოებას და საზეიმო ვითარებაში გადასცა მწერალთა შემოქმედებითი კავშირის დიპლომი.

რამაზ გახოკიძემ მადლობა გადაუხადა ბატონ ბაღათერს და აღნიშნა: "ჩვენ ვიმყოფებით ძველი პარადიგმების რღვევის ეპოქაში. დღეს აუცილებელია, სულ სხვა თვალით შევხედოთ სამყაროს. ყველაზე დიდი პრობლემა, რაც დედამიწას ემუქრება, არის ეკოლოგიური პრობლემა. მოთმინების ზღვარი დედამიწასაც აქვს და ძალიან მალე დადგება დრო და შეიძლება, დედამიწამ შეწყვიტოს არსებობა... 21-ე საუკუნე სისტემური აზროვნების ეპოქა გახლავთ. მე ვისურვებ, რომ ხელოვნებისა და მეცნიერების დიფერენციაცია დასრულდეს, უნდა გავერთიანდეთ და ერთად ვიფიქროთ დედამიწის გადასარჩენად, მას ადვოკატი სჭირდება. კარგი ნახატით, კარგი მუსიკით, კარგი სიტყვითა და პოეზიით ჩვენ უფრო მეტს გავუკეთებთ დედამიწას, ვიდრე - მეცნიერული კვლევის გზით. ასე რომ, ხელოვნება უნდა იყოს მოტივი მეცნიერული აღმოჩენებისა... დედამიწის გადარჩენა ეკოლოგიური დივერსიისგან შესაძლებელია მეცნიერების ჰუმანიზაციით, ჰუმანიტარიზაციით, ეკოლოგიზაციით, ე.ი. მეცნიერებისა და ხელოვნების ინტეგრაციით..."

 საღამოს უძღვებოდა მწერალი გური ოტობაია, რომელიც აკადემიკოს რამაზ გახოკიძის ინოვაციების დიდი მხარდამჭერია. მას გამორჩეულად იმედიანად ესახება "ბიორაგის" დანერგვა მსოფლიო მასშტაბით, რადგან ეს ბიოპრეპარატი არის უხვი, ბიოლოგიურად სუფთა და მაღალი ხარისხის მოსავლის მიღების გარანტი, რომლის დეფიციტსაც განიცდის კაცობრიობა...

გთავაზობთ ამონარიდებს რამდენიმე გამომსვლელის მოხსენებებიდან:

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი როინ მეტრეველი: "დღეს მწერალთა კავშირის წევრობა უდიდესი პატივია... ვინ არის რამაზ გახოკიძე? ჩემთვის იგი უნიჭიერესი კაცია. ის შესანიშნავი კომპოზიტორია, ბევრი მუსიკალური ნაწარმოების შემქმნელი. ბატონი რამაზი არა მარტო ქმნის მუსიკას, უკრავს და მღერის. იგი არის ქიმიკოსი, ბიოლოგი... ყველაფერი შეიძლება მიაწერო, მაგრამ ჰუმანიტარული გადაწყვეტილების კაცია, სულით პოეტია.

ბატონი რამაზი არა მხოლოდ შესანიშნავი მეცნიერი და კომპოზიტორია, წერს საინტერესო წიგნებსა და საგაზეთო სტატიებს, არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰიმნის ავტორი. იგი მრავალი ინოვაციის შემოქმედი გახლავთ. პირადად მაქვს გამოცდილი მისი ბიოპრეპარატები: "ბიორაგი", "რამერი", "ვიტარაგი" და დავრწმუნდი მათ მაღალეფექტიანობაში, რომლებიც ფართოდ გამოიყენება. ბატონო რამაზ, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთამისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ რამაზ გახოკიძე არის დაუღალავი კაცი, მას სამი უმაღლესი პრემია აქვს მიღებული, ყველაფერი ეს ძალიან სასიხარულოა. მთავარი ის არის, რომ იგი მთლიანი პიროვნებაა, ღრმა მეცნიერი, დიდი საზოგადო მოღვაწე!"

 საქართველოს მეცნიერთა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი რამაზ ხუროძე: "მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ბატონი რამაზის ინოვაციები, კერძოდ, ბიოენერგოაქტივატორი "ბიორაგი" სასწაულებს ახდენს. მაგალითისთვის შემიძლია მოვიყვანო რომან რურუა, ექვსგზის მსოფლიო ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში. მან მცხეთაში კლდოვან ადგილზე თავისი კარ-მიდამო, ეზო-ყორე ოაზისად აქცია. "ბიორაგი" არნახულ შედეგს იძლევა ბატონი რომანის მამულში, მცხეთასა და სამეგრელოშიც..."

პოეტი და მთარგმნელი ერეკლე საღლიანი: "ბატონი რამაზი კომპლექსურად მიმოიხილავს პრობლემურ საკითხებს და ეძებს ხსნის გზას! გასაოცარი ის არის, რომ ამას კვლევით კი არა, თითქოს სმენით აღწევს, სმენაში ეძლევა მთელი საიდუმლოები. რომელი მეტია: ქიმიკოსი თუ მუსიკოსი? ვარკვევთ ამას ჩვენ, მაგრამ ვერ განვსაზღვრავთ. პირადად ჩემი პასუხი იქნება, რომ არა მუსიკოსი, რამაზ გახოკიძე "ბიორაგს" ვერ აღმოაჩენდა, რომ არა მეცნიერი, რამაზ გახოკიძე მუსიკაში იმ სიღრმეებს ვერ ჩასწვდებოდა, რომლებსაცჩასწვდა. ეს არის ორსახოვანი პიროვნება ერთში გამოხატული. აი, ეს ყველაფერი ქმნის ერთ პიროვნებას! ეს არის ფართო მასშტაბის მოაზროვნე, არ არის რომელიმე ცალკეული დარგის სპეციალისტი".

საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე გოგა შავერზაშვილი: "ბატონ რამაზს დიდი ხანია, ვიცნობ, მის მუსიკალურ შემოქმედებას ვაფასებ და პატივს ვცემ, როგორც დიდ მეცნიერსა და მუსიკოსს. არის შესანიშნავი პიანისტი. მას სკოლის პერიოდში ამეცადინებდა მამაჩემი, ალექსანდრე შავერზაშვილი. წლების წინ ვასრულებდი ბატონი რამაზის ნაწარმოებს. წარმატებით ვიყენებ მის ფარმაკოლოგიურ პრეპარატებს: "რამერს", "ვიტარაგს" და გასაოცარ ეფექტს მაძლევს..."

ლიტერატორი ია ჩუთლაშვილი: "აკადემიკოსი რამაზ გახოკიძე ფენომენური ნიჭით არის დაჯილდოებული. უზარმაზარი, ფართო ერუდიციის მკვლევარი და ინტელექტის მქონე, მრავალი პროგრესული აღმოჩენისა და მეთოდის ავტორი, მეცნიერების კორიფეა.  მდიდარია მისი გონებრივი სამყარო, ამიტომაც მაღალზნეობრივია და საოცარი იდეები ამოძრავებს. მან აღმოაჩინა "მუსიკალური კოდის" პრინციპი, ამოხსნა ცოცხალი ორგანიზმის მუსიკალური ჰარმონიის საიდუმლოები, რომელთა დარღვევის შემთხვევაში დაავადება იჩენს თავს... ბატონი რამაზი არა მარტო მსოფლიოში აღიარებული ქიმიკოსია, არამედ არის ფილოსოფოსი, ბიოლოგი, ფსიქოლოგი, კომპოზიტორი, პიანისტი, ჟურნალისტი, მწერალი...

რამაზ გახოკიძის ძირითად დამსახურებას ქიმიაში წარმოადგენს ახალი ტიპის რეაქციის აღმოჩენა, რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაში მის სახელს ატარებს.  პროფესორ რამაზ გახოკიძეს დიდი წვლილი მიუძღვის ბუნებრივი ნაერთების კვლევაში, კერძოდ, მან დაადგინა ნახშირწყლების ტრანსფორმაციით მთელი რიგი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მიღების გზები. მისი გამოგონებები გამოიყენება სოფლის მეურნეობაში, მედიცინასა და ბიოტექნოლოგიაში. მის მიერ შექმნილი მნიშვნელოვანი ფარმაკოლოგიური, აგროტექნოლოგიური პრეპარატები: "ბიორაგი", "ვიტარაგი", "რამერი", "ანტიფარი" ოფიციალურად არის დარეგისტრირებული და ფართოდ გამოიყენება პრაქტიკაში როგორც ჩვენთან, ისე - საზღვარგარეთ. მეამაყება ის ფაქტი, რომ მადლობის წერილებს გვიგზავნიან, ფოტომასალასთან ერთად და ამ პრეპარატებით მიღებულ სასწაულ შედეგებს გვაცნობენ...

წიგნი - "მარჯნად აკინძული აზრები" - რამაზ გაზოკიძის გამონათქვამები, მოსაზრებები, ამონარიდები - აზრთა ზეიმია.  ამონარიდებში გაეცნობით მნიშვნელოვან მოსაზრებებს, რომლებიც სხვაგვარად დაგვაფიქრებს ადამიანის ცხოვრების აზრსა და სამყაროს ბედზე. გასული საუკუნის 90-იან წლებში ბატონმა რამაზმა დაწერა ერთ-ერთი საკვანძო ზოგადსაკაცობრიო წიგნი: "გზა ხსნისა", რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა ჩემზე და "მარჯნად აკინძული აზრების" იდეაც მომცა.

მრავალწახნაგოვანი აზროვნებით გამორჩეული აკადემიკოსის, რამაზ გახოკიძის გამონათქვამები, მოსაზრებები, ამონარიდები შევკრიბე და წიგნად გამოვეცი "მარჯნად აკინძული აზრები". წიგნი მრავალფეროვანია, მის მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაციებიდან, მოსაზრებებიდან შევეცადე, ამომეკრიბა საინტერესო ნააზრევები და შეხედულებები, რომლებიც ეხება მეცნიერებას, ხელოვნებას, რელიგიას, ეკოლოგიას, ფილოსოფიას, განათლებას, ეთიკურ პრობლემებსა და ცხოვრებისეულ თითქმის ყველა სფეროს. გამაოცა იმ საკითხებმა, რომლებიც დღეს აქტუალურია და ამის შესახებ მეცნიერი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-80-იან წლებში მსჯელობდა...

ბევრჯერ დამთენებია კიდეც, მაგრამ გაოცება და აღფრთოვანება არასოდეს გამნელებია, არც დაღლა მიგრძვნია. ყოველი ამონარიდის შერჩევისას უფრო მიღრმავდებოდა ის აზრი, რომ გენიოსის ნიჭის ზეიმის წინაშე ვიდექი და უზენაესს ვუხდიდი მადლობას, ასეთი დიდი მისია რომ დამაკისრა.

მეორე წიგნიც მზადდება გამოსაცემად და აქ უკვე ბატონ რამაზს მკითხველის წინაშე სხვა რაკურსით წარვადგენ. ზემოთ აღვნიშნე, რომ ბატონი რამაზი კომპოზიტორია, აქვს შესანიშნავი კლასიკური ნაწარმოებები. ახლახან დაასრულა ოპერა: "სტუმარ-მასპინძელი", ვაჟა-ფშაველას პოემის მიხედვით და მოხარული ვარ, რომ ამ საქმეში მცირე წვლილი მეც მიმიძღვის..."

ღონისძიების დასასრულს გაიმართა კონცერტი, სადაც შესრულდა რამაზ გახოკიძისა და სხვა კომპოზიტორების ნაწარმოებები. ეს იყო დაუვუწყარი, გრანდიოზული დღე, შთამბეჭდავი აზრებისა და ჰარმონიული მელოდიების ზეიმი...

 ბოლოთქმა

რამაზ გახოკიძე - ეს ის მეცნიერია, რომელიც ვაჟა-ფშაველას დედამიწის ყველაზე დიდ ქომაგს უწოდებს! იტალიაში, საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესზე ყოფნისას, მოხსენების დამთავრების შემდეგ, ვაჟა-ფშაველა გააცნო სამეცნიერო საზოგადოებას და ის ეკოლოგიური აზროვნების მამამთავრად აღიარეს.

რამაზ გახოკიძე - ეს ის მეცნიერია, რომელიც გვასწავლის, რომ არაფერს არ ვქმნით, ვიღებთ ბუნებისგან! თუ გადაუხვიეთ ბუნების გზას, მაშინ გვექნება პრობლემა! "ჩემს მეთოდოლოგიას საფუძვლად უდევს სიბრძნე, რაც ქართველ ერს ოდითგანვე გააჩნია, თუნდაც ვაჟა-ფშაველას ფსიქოლოგია, რომელიც გვასწავლის, რომ ყველაფერი სამყაროში ერთმანეთთანაა კავშირში. არ შეიძლება ამ კავშირის დარღვევა, მაშინ იწყება ეკოლოგიური კრიზისი..."

რამაზ გახოკიძე - ეს ის მეცნიერია, რომელიც გვასწავლის, რომ ქიმია მეცნიერების ის დარგია, რომელსაც შეუძლია, დღევანდელი საკაცობრიო პრობლემებისგან თავის დაღწევის ალტერნატიული გზა შემოგვთავაზოს!

რამაზ გახოკიძე - ეს ის მეცნიერია, გასული საუკუნის 80-იან წლებში "მუსიკალური კოდის" პრინციპი რომ აღმოაჩინა და აშშ-ის მასაჩუსეტსის უნივერსიტეტმა ამას მხოლოდ გასულ წელს მიაკვლია.

საამაყოა, რომ მეცნიერებას ჰყავს ასეთი დიდი მოაზროვნე, აკადემიკოსი რამაზ გახოკიძე და ის ქართველია!                                                

ია ჩუთლაშვილი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×