რეზონანსი
02.07.2023

საქართველო-ისრაელის ახალგაზრდა ფეხბურთელთა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დამარნმუნა, რომ პენალტების სერიის ალტერნატივაა მოსაძებნი. დამარცხება ყველამ განვიცადეთ, მაგრამ ყველაზე მეტად ის ფეხბურთელები მეცოდებიან, რომლებსაც, ორსაათიანი გუნდური დაპირისპირების შემდეგ, მწვრთნელმა გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი დარტყმების შესრულება მიანდო, მათ კი, უნებლიედ, მეკარეს მოარტყეს ბურთი ან ძელს...

საფეხბურთო მატჩების ცნობილი კომენტატორი, ბატონი დიმიტრი ობოლაძე, პენალტების სერიას „საფეხბურთო ჯოჯოხეთს" და „წმინდა წყლის ლატარიას" უწოდებს, რომელიც „არცერთ ფეხბურთელს არ აწყობს". ამასთან, მისივე აზრით, „რაც არ უნდა მაღალი დონის იყოს მეკარე, 11-მეტრიანები გამართლებაზეა, ანუ ვისაც გაუმართლებს, ის მოიგებს". ამ დროს არა მარტო დამარცხებულებს სწყდებათ გული, არამედ, სრულიად ლოგიკურად, გარკვეული უკმარისობის გრძნობა გამარჯვებულებსაც რჩებათ. ყველაზე მეტად კი თავად ფეხბურთი და მისი მრავალრიცხოვანი ქომაგები ზარალდებიან, ვინაიდან მართლაც არაგონივრულია, 11-კაციანი გუნდის წაგებისთვის მთელი პასუხისმგებლობა ერთს დავაკისროთ,

და მთელი პასუხისმგებლობაც მასვე დავაკისროთ, თუ ფიზიკურად და ემოციურად გადაღლილს ბოლო დარტყმა არ გამოუვიდა...

ამდენად, გაცილებით სამართლიანადაც მიმაჩნია, თუ ძირითადი ან/და დამატებითი დრო ფრედ დასრულდება, 11-მეტრიანი დარტყმების დანიშვნამდე, მხარეების თანხმობის შემთხვევაში, გუნდებს იმავე მოედანზე განახევრებული შემადგენლობით (5-5 მინდვრის მოთამაშით) გაეგრძელებინათ თამაში. „მინი ფეხბურთი", სულ ორი დამატებითი 5-წუთიანი ტაიმი და, ისიც, მხოლოდ პირველ გატანილ „ოქროს გოლამდე" გაგრძელდებოდა. პენალტების სერია კი მხოლოდ იმ უკიდურეს შემთხვევაში დაინიშნებოდა, თუ მეტოქეები, თავიდანვე უარს განაცხადებდნენ ამ წესით თამაშის გარძელებაზე ან დამატებით დროშიც ვერ შეძლებდნენ თამაშიდან ბურთის გატანას.

შესაბამისად, თუ თამაშის ფრედ დამთავრების შემდეგ, გუნდები მის გაგრძელებაზე დათანხმდებოდნენ, მწვრთნელები მინდორზე საუკეთესოთა ხუთეულს დატოვებდნენ, ხოლო მნიშვნელოვნად გაზრდილი სათამაშო სივრცე ფიზიკურად ან/და ტექნიკურად უფრო ძლიერ გუნდს მეტ საშუალებას მისცემდა გოლი თამაშიდან გაეტანა. ამასთან, სათამაშო დროისთვის ათიოდე წუთის დამატება არც მოთამაშეების და არც მაყურებელთა მდგომარეობას გააუარესებდა არსებითად. სამაგიეროდ, გაშვებული ბურთისთვის პასუხისმგებლობას ფეხბურთელები გადაინაწილებდნენ, ხოლო გულშემატკივარს გაცილებით მეტი შანსი ეძლევა ლამაზი კომბინაციით გატანილი გოლის წყალობით იგრძნოს თავი ღირსეულ გამარჯვებულად.

ურიგო არ იქნება, ამ წინადადებაზე ფეხბურთის მესვეურებსაც ემსჯელათ, მით უმეტეს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ უეფას რეგლამენტში შეტანილი ცვლილების თანახმად, სუპერთასის გათამაშებისას საერთოდ აღარ დაინიშნება დამატებითი დრო და ძირითადი დროს ფრედ დამთავრების შემთხვევაში, გამარჯვებული პენალტების სერიით გამოვლინდება.

ტურნირის ორგანიტორების მიმართაც მაქვს პრეტენზია. ძნელი დასაჯერებლია, მაგრამ ფაქტია, საქართველოს ნაკრების მატჩების დაწყების წინ სტადიონზე დაფენილი დიდი ზომის „სახელმწიფო დროშა" ფორმითა და ჯვრების ფერით აშკარად არ შეესაბამებოდა კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს... არადა, კონსტიტუციის თანახმად, ევროინტეგრაციაზე ორიენტირებული სამართლებრივი სახელმწიფო ვართ, რაც კანონის უზენაესობის პრინციპის განუხრელ დაცვას ყველას გვავალდებულებს. ამასთან, ითვლება, რომ საქართველოს უპირველესი სიმბოლო ორგანული კანონით არის განსაზღვრული და მისი ზუსტი გამოსახულებაც კანონმდებლობით არის დადგენილი. შესაბამისად, სახელმწიფო დროშაზე ჯვრების ფორმის ან ფერის ცვლილება აკრძალულია.

ფაქტია, პრეზიდენტის 2004 წლის 25 იანვრის 31-ე ბრძანებულებით სახელმწიფო დროშაზე ცენტრალური ჯვრის სიგანე დროშის სიგანის 1/5 უნდა იყოს, ხოლო სტადიონზე ბავშვების მიერ გამოტანილ უზარმაზარ დროშაზე დაახლოებით 1/10-ია და ჯვრების ფერიც შეუსაბამოა (აშკარად განსხვავდებოდა წითელისგან...).

ფაქტია ისიც, რომ „ნაციონალური მოძრაობის" პარტიულ სიმბოლოზე ცენტრალური ჯვარი გაცილებით ვიწროა ვიდრე სახელმწიფო დროშაზე. ამდენად, იმისდა მიხედვით, თუ რა ფორმის 5-ჯვრიან დროშას იყენებს, გასაგები ხდება პოლიტიკური გაერთიანების, მედიასაშუალების, კულტურის სფეროს ან სპორტული კოლექტივის ცალკეული წარმომადგენლის პოლიტიკური სიმპათიები, თუმცა, სრულიად დაუშვებელია (არაგონივრულიც) საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიების ორგანიზატორების მიერ სახელმწიფო (ეროვნული) დროშის ნაცვლად, პარტიული ალმების გამოფენა...

სამწუხაროა, რომ „საფეხბურთო ჯოჯოხეთმა" ამჯერად ჩვენ დაგვაზარალა, მით უმეტეს, ყველა გამარჯვებას გვიწინასწარმეტყველებდა, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელები კიდევ არაერთხელ გვასახელებენ და მსოფლიოს ყურადღებასაც ქართველი ერივით გამორჩეული სახელმწიფო დროშა მიიპყრობს და არა „ნაციონალური. ისრაელის გუნდს კი, რომელსაც პენალტების სერიაში აშკარად გაუმართლა, გამარჯვებას ვულოცავ და ფინალში გასვლას ვუსურვებ!

 

 

ავთანდილ კახნიაშვილი,

სამართლის დოქტორი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×