სასამართლოში პარლამენტის მიერ ჩატარებული მორიგი კონკურსიც გასაჩივრდა, ხოლო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ 4 წლის წინ შეტანილი სარჩელის განხილვა 27 ივნისს იწყება...
რეზონანსი
25.06.2023

კონსტიტუციის თანახმად, საქართველო ევროინტეგრაციაზე ორიენტირებული სამართლებრივი სახელმწიფოა, რაც რეალურად დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლებისა და კანონის უზენაესობის გარეშე მხოლოდ ფიქციაა. სწორედ მოსამართლეთა დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად და მართლმსაჯულების განხორციელების ხარისხის ასამაღლებლად არის შექმნილი იუსტიციის უმაღლესი საბჭო (იუს), რომლის საქმიანობის მიმართ, სამწუხაროდ, სტრატეგიული პარტნიორებიც უკვე დიდი ხანია, ღიად გამოთქვამენ პრეტენზიებს და არა მარტო მოსამართლეების, არამედ იუს წევრების შერჩევის პროცედურის გადასინჯვასაც გვირჩევენ.

ფაქტია, ვინაიდან 2017 წელს იუს-ის 5-ვე არამოსამართლე წევრის შესარჩევი კონკურსები პარლამენტმა არსებითი ხასიათის დარღვევებით და არაგანჭვრეტადი (ბუნდოვანი) პირობით ჩაატარა, ხოლო „გამარჯვებულების“ (3 - სასამართლოს, ხოლო 2 - პარლამენტის მესვეურების შერჩეულის...) მიერ წარდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამებოდა კონკურსის პირობებს, მისი გაუქმების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელები იქნა შეტანილი. გასაგები მიზეზების გამო, საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც 2016 წელს არჩეულ დეპუტატებს და მათ მიერ იუს-ში „არჩეულ“ არამოსამართლე წევრებს უფლებამოსილების 4-წლიანი ვადები ამოეწურათ. ამასთან, სადავო შემადგენლობის იუს მიერ შერჩეულმა და პარლამენტის მიერ საკასაციო ინსტანციაში 2019 წელს უვადოდ არჩეულმა მოსამართლეებმა, ფაქტობრივად, საკუთარი თავის მიმართ „დაადგინეს“, რომ თანამდებობაზე კანონიერად გამწესდნენ... 

ფაქტია ისიც, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში დღემდე არ დაწყებულა უშუალოდ იუს წინააღმდეგ 2019 წლის 16 ივლისს შეტანილი სარჩელის განხილვა, რომლითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევი კონკურსის შეჩერება პროცედურის გაუმართაობის და იუს არამოსამართლე წევრთა ლეგიტიმურობის თაობაზე სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე იყო მოთხოვნილი. მოსამზადებელი სხდომა მხოლოდ მ. წ. 23 მაისს, თითქმის 4 წლის შემდეგ, ჩატარდა, ხოლო საქმის განხილვას მოსამართლე თამარ მეშველიანი 27 ივნისს, 4 საათზე დაიწყებს... 

იმ გარემოებასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ საქმეების განსახილველად კანონით, მხოლოდ ხუთ თვემდე ვადაა გამოყოფილი, გამოდის, რომ პარლამენტთან ან იუს-თან დაკავშირებული სამართლწარმოება არაგონივრული ვადით სწორედ მოპასუხეების ინტერესებში ჭიანურდება. ამასთან, ვინაიდან სასამართლომ სრულად გაიზიარა პარლამენტის აბსურდული პოზიცია იმის თობაზე, რომ თურმე კონკურსის დაწყების თაობაზე თავმჯდომარის განცხადება მხოლოდ მისი აზრის გამოხატვაა და არ საჩივრდება, ამით დაასტურა, რომ საქართველოში ხელისუფლების ორივე შტო, ფაქტობრივად, შეთანხმებულად მოქმედებს და სასამართლო არ არის დამოუკიდებელი, რაც ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტად მიჩნეულ ხელისუფლებათა დანაწილების პრინციპს.

ვინაიდან პარლამენტმა არ გაიზიარა საკანონმდებლო წინადადებები იუს წევრების შესარჩევი კრიტერიუმების დაზუსტებისა და ასარჩევი პროცედურის მოწესრიგების თაობაზე, პარკლამენტის თავმჯდომარის მიერ 2022 წლის 29 სექტემბერს დაწყებული კონკურსის პირობის ორი ფორმულირებაც (ერთი პარლამენტის რეგლამენტის 208-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან არის აღებული, მეორე - „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-5 პუნქტიდან) ერთმანეთის საწინააღმდეგო აღმოჩნდა, რაც თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებთა ფაკულტეტის ქართული ენის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ოფიციალური დასკვნითაც დასტურდება. ფაქტია ისიც, რომ ორგანული კანონიდან (მუხლი 47.5) სიტყვა „შესაბამისი" არ არის გადატანილი კონკურსის პირობაში (მის ნაცვლად სიტყვა „შემდეგია“ ჩასმული, რაც მოთხოვნის ნორმატიულ შინაარს არსებითად ცვლის...), რის გამოც გამოდის, რომ რამდენიმე წევრიან ე. წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს უნივერსიტეტებსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაზე გაცილებით ფართო უფლებამოსილება გააჩნიათ (ვინაიდან რომელიმე საწარმოს იურისტის გარდა, კონკურსზე იმ პროფესორებისა და ადვოკატების წარდგენაც შეუძლიათ, რომლებსაც კოლეგები იუს წევრობის ღირსად არ მიიჩნევენ...). შედეგად, კონკურსის პირობა კანდიდატების წარმდგენი სუბიექტების მიმართ აშკარად დისკრიმინაციული ხასიათისაა. 

კონკურსის პირობის გაუმართაობის გამო, კანდიდატების მიერ არც მიმდინარე კონკურსზე წარდგენილი დოკუმენტები შეესაბამებოდა მოთხოვნებს. ამასთან, კანდიდატებთან გასაუბრების პროცესში დაირღვა სამართლიანი კონკურენციის (თანასწორობის) პრინციპი, ვინაიდან კონკურსის მონაწილეები არათანაბარ პირობებში იყვნენ ჩაყენებული. გარდა ამისა, ვინაიდან, პარლამენტის მიერ მკაფიოდ არ არის განსაზღვრული „სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტის“ ცნება იუს-ში, ისევე როგორც 2017 წელს, სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტებისთვის, ფაქტობრივად, უცნობი და არასაკმარისად დამოუკიდებელი იურისტები გამწესდნენ, თანაც სრულიად არაგამჭვირვალე პროცედურით და დაუსაბუთებლად. 

ვინაიდან, ჩავთვალე, რომ მორიგი კონკურსი, რომლის 3 „გამარჯვებული" კონკურსის დაწყებიდან მხოლოდ ნახევარი წლის შემდეგ გამოვლინდა, ფიქტიურად ჩატარდა და იუს ახალი არამოსასამრთლე წევრები პარლამენტისა და სასამართლოს მესვეურებმა ისევ კულუარული გარიგების საფუძველზე შეარჩიეს, სასამართლოში 17 ივნისს მორიგი სარჩელი შევიტანე და ახალი კონკურსის ჩატარება მოვითხოვე. ფაქტია ისიც, რომ პარლამენტმა უარი განაცხადა გამარჯვებული კანდიდატების მიერ კონკურსზე წარდგენილი დოკუმენტების სრული სახით გადმოცემაზე, რაც, ფაქტობრივად, ადასტურებს კონკურსის პირობის არაგანჭვრეტადობას და კონკურსში მონაწილე კანდიდატების მიერ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების მოთხოვნილი დოკუმენტების წარდგენის შეუძლებლობას. 

ლოგიკურია ისიც, რომ ადრე ჩატარებულ და მიმდინარე კონკურსზე კანდიდატების მიერ წარდგენილი დოკუმენტებში ხარვეზების სიმრავლე, სწორედ სამართლებრივი რეგულაციების და კონკურსების პირობების არაგანჭვრეტადობის ბრალია და არა კონკურსის მონაწილეების. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ კონკურსის ჩატარების ინიციატორს მკაფიოდ აქვს ჩამოყალიბებული მოთხოვნები, ძნელი დასაჯერებელია, კონკურსში მონაწილე კვალიფიციურმა იურისტმა გონივრულ ვადაში ვერ მოუყაროს თავი საჭირო დოკუმენტებს. 

ვინაიდან, სამართლის დარგში დისერტაციის დაცვამდე, თსუ-ის მათემატიკური ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული, თავს უფლებას მივცემ პარლამენტში დასაქმებულ იურისტებს შევახსენო, თუ რა არსებითი განსხვავებაა ე. წ. ზუსტ და არაზუსტ მეცნიერებებს შორის. მაგ., თუ ფიზიკის კანონი, რომელიც სამყაროში არსებულ კანონზომიერებას ასახავს, ექსპერიმენტით დასტურდება (მაგ., ზემოთ ასროლილი ქვა, დროზე თუ არ გამოეცალე, აუცილებლად თავში დაგეცემა...), ევროპულ სამართალში, რომელიც სახელმწიფოს მიერ დადგენილ წესებს შეისწავლის, საზოგადოების განვითარების კონკრეტულ ეტაპზე ჭეშმარიტებად (კანონიერად), ფაქტობრივად, ის მიიჩნევა, რასაც ე. წ. პოლიტიკური (მმართველი) ელიტა დემოკრატიული პროცედურების დაცვით გადაწყვეტს...

ამდენად, გონივრული (ანუ სამართლიანი და ლოგიკური) რეგულაციების (კანონების, პროცედურების) დასადგენად, კანონშემოქმედების პროცესი არანაკლებ ინტელექტუალურ რესურს და ძალისხმვევას მოითხოვს, ვიდრე უმაღლესი მათემატიკის ფორმულებში გარკვევა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუნდაც სამართლის ნორმის ფორმულირების მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ და სამართლებრივმა ნიჰილიზმმა (სამართლის ნორმების არცოდნამ და/ან აბუჩად აგდებამ), შეიძლება, უფრო მეტად დაგვაზარალოს ვიდრე ბუნების კანონების იგნორირებამ, ხოლო, როდესაც საქმე საკანონმდებლო ორგანოს და სასამართლო ხელისუფლებას ეხება, მაღალი ალბათობაა, არა მარტო „რევოლუციონერის“ ნასროლი ქვა მოგვხდეს თავში, არამედ სახელმწიფოც ზედ დაგვემხოს...

არადა, ევროპული სამართლებრივი სისტემა, რომელშიც კონსტიტუციით ვაპირებთ ინტეგრირებას, სწორედ სამართლიანი კონკურსებსის ჩატარების კულტურით და სამართლის ნორმების განჭვრეტადობით გამოირჩევა, რაც, პირველ რიგში, იმ იურისტების დამსახურებაა, რომლებიც კანონშემოქმედებით არიან დაკავებული. ისიც ლოგიკურია, სახელმწიფოს მიერ დადგენილი ნორმის შინაარსი მოქალაქეებს ოფიციალურად სწორედ იმ დეპუტატებმა განუმარტონ, რომლებმაც ის დააკანონეს. ამასთან, სადავო ნორმების შინაარსის დაზუსტება ან გაფართოება სამართლის თეორიაში ცნობილი მეთოდების და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინებით უნდა ხდებოდეს. 

ფაქტია, რომ საქართველოს პარლამენტი, რატომღაც, უარს ამბობს მის მიერვე მიღებული ნორმების განმარტებაზე და, ფაქტობრივად, არც დაინტერესებული პირების მიერ შეთავაზებულ საკანონმდებლო წინადადებებს ითვალისწინებს (როგორც წესი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები წინადადებების ავტორებს განხილვაზე არ იწვევენ და კენჭისყრისას ერთხმად „თავს იკავებენ“...). შედეგად, კანონმდებლობაში „გაპარული ხარვეზების“ გამო, მე-10 მოწვევის პარლამენტმაც იუს-ში არამოსამრთლე წევრებად „სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტების“ ნაცვლად, ფაქტობრივად, მოსამართლეების ინტერესების დამცველი რიგითი იურისტები, ფაქტობრივად, კონკურსის გარეშე გაამწესა... ამასთან, იუს ახალ წევრებს „სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტის“ სტატუსი, ისევე, როგორც 2017 წელს, ფაქტობრივად, მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების მესვეურებმა (3-4 კაციანმა გამგეობებმა....) მიანიჭეს... 

ცხადია, იძულებული ვარ, პარლამენტის მიერვე არაერთგზის რეფორმირებული ქართულ სასამართლოში „სამართლიანობის აღდგენას“ დაველოდო, რასაც, როგორც ჩანს, 4 წელი მაინც დასჭირდება... აქედან გამომდინარე, თავს ვალდებულად ვთვლი, პოლიტიკოსებს და მათ ამომრჩევლებს კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ სამართლიანი კონკურსების და არჩევნების ჩატარება თუ ვერ ვისწავლეთ, ევროპული სივრცის ნაწილად არავინ გვაღიარებს...

ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×