რეზონანსი
15.06.2023

მოსახლეობის დემოგრაფიულ დინამიკას ორი ფაქტორი განსაზღვრავს - ბუნებრივი და მექანიკური მოძრაობა. იმის და მიხედვით, თუ როგორია მოსახლეობის ბუნებრივი და მექანიკური მოძრაობა, იზრდება ან მცირდება მოსახლეობა.

მოსახლეობის რიცხოვნობა, სახელმწიფოს სიძლიერეა. ერის ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო სიძლიერე ძირითადად მისი მოსახლეობის რიცხოვნობაშია. მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობა განაპირობებს ასევე ქვეყნის დემოგრაფიულ უსაფრთხოებას. მოსახლეობის ასეთი დაბალი ბუნებრივი მატება, როგორიცაა პოსტსაბჭოთა საქართველოში, მას არ ჰქონია მთელი მისი ისტორიის მანძილზე. მიუხედავად მრავალი გამანადგურებელი შემოსევისა, შობადობის დონე და ბუნებრივი მატება ყოველთვის უზრუნველყოფდა მოსახლეობის გაფართოებულ კვლავწარმოებას, როდესაც შვილების თაობა რიცხობრივად აღემატებოდა მშობლების თაობას. პოსტსაბჭოთა საქართველოში სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა. შვილების თაობა მშობლების თაობასთან შედარებით ნაკლები იბადება. თუ გავითვალისწინებთ მოსახლეობის ინტენსიურ ემიგრაციასაც, მივიღებთ მწვავე დემოგრაფიულ კრიზისს. მაგრამ მივყვეთ თანმიმდევრულად. საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობა და კვლავწარმოება ისტორიულად იყო ევროპული ტიპის. XIX საუკუნესა და თვით XX საუკუნეში, ეკონომიკურად გაცილებით დაბალი დონის მქონე საქართველო განვითარებული ქვეყნების დემოგრაფიული პარამეტრებით ხასიათდებოდა, რაც საქართველოს თავისებურებას წარმოადგენდა. კონკრეტულად, ეს იმას ნიშნავდა, რომ შობადობის დონე XIX საუკუნის საქართველოში ევროპის ქვეყნებთან და რუსეთთან შედარებით დაბალი იყო, მაგრამ უფრო დაბალი იყო სიკვდილიანობაც, რის შედეგადაც მოსახლეობის ბუნებრივი მატება აღნიშნულ ქვეყნებზე დაბალი არ იყო. შესაბამისად, მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობა საქართველოში ევროპის ქვეყნებთან შედარებით, ეკონომიურია, ე.ი. საქართველოში შობადობის და მოკვდაობის ჯამის უფრო მეტი წილი მიდიოდა ბუნებრივ მატებაზე, ვიდრე ევროპაში.

 

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობასთან დაკავშირებული ძირითადი ისტორიული ასპექტები

ისტორიოგრაფიაში მიღებული მონაცემებით XIII საუკუნეში საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 5 მილიონს აღწევდა. უცნობია XIV-XVII საუკუნეების მონაცემები. XVIII საუკუნის შუა ხანებში საქართველოს მოსახლეობას (დღევანდელ საზღვრებში) 761 ათასით ანგარიშობენ, აქედან 5% ცხოვრობდა ქალაქებში. 1800 წლისთვის საქართველოს (დღევანდელ საზღვრებში) მოსახლეობა 675 ათასზე მეტი იყო, აქედან აღმოსავლეთ საქართველოზე მოდიოდა მოსახლეობის 45,6%, ხოლო დასავლეთზე - 54,4%. 1832 წელს ის 840 ათასამდე გაიზრდა, ხოლო 1865 წელს 1 289 200-ს გადააჭარბა. 1897 წელს საქართველოს მოსახლეობა იყო 1 919 400 ადამიანი, 1914 წელს კი 2 600 400. ერთი საუკუნის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა 3,4-ჯერ გაიზარდა. დემოგრაფთა ცნობის თანახმად, 1916 წელს საქართველოს მოსახლეობა შეადგენდა 3 365 000 ადამიანს. საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 200 ათასით შემცირდა პირველი მსოფლიო ომის დროს და საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921) წლებში, რაც გამუდმებული ომებით და ტერიტორიების დაკარგვით იყო განპირობებული. 1921 წელს საქართველოს მოსახლეობა 2410 ათასამდე დავიდა. XX საუკუნიდან მოსახლეობის რაოდენობის დადგენა მოსახლეობის საყოველთაო აღწერის საშუალებით ხდება. პირველი აღწერა საბჭოთა საქართველოში 1926 წელს ჩატარდა, უკანასკნელი 1989 წელს.

თუ განვიხილავთ აღნიშნულ აღწერებს, შესაძლებელია აღინიშნოს, რომ 1926 წელს საქართველოს მოსახლეობამ შეადგინა 2 677 ათასი, ხოლო 1959 წელს 40 44 ათასი კაცი. მე-20 საუკუნის 60-80-იან წლებში საქართველოში მექანიკური მოძრაობა უარყოფითი გახდა, ე.ი. ქვეყნიდან უფრო მეტი ადამიანი გადიოდა, ვიდრე შემოდიოდა. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის რაოდენობა მაინც იზრდებოდა, ვინაიდან ბუნებრივი მატება საგრძნობლად სჭარბობდა მექანიკურ კლებას. 1989 წელს საქართველოს მოსახლეობამ 5 443 ათასს მიაღწია.

1990-1996 წლებში ბუნებრივი მატება შემცირდა, თუმცა დაბადებულთა რიცხვი მაინც სჭარბობდა გარდაცვლილთა რაოდენობას. 1997-2004 წლებში კი სიკვდილიანობამ გადააჭარბა შობადობას. ამას დაემატა ინტენსიური მექანიკური კლება, ყოველივე ამის გამო საქართველოს მოსახლეობა მკვეთრად შემცირდა. 2011 წლისათვის ქვეყნის მოსახლეობამ შეადგინა 4469,2 ათასი კაცი (აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე), რაც თითქმის მილიონით ნაკლები მცხოვრებია 1989 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა შემდგომ წლებში. 2014 წლის აღწერის მონაცემების მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) მოსახლეობა 3 713 804 ადამიანს შეადგენდა. მოსახლეობის 57,2% ცხოვრებდა ქალაქში.

საქართველოში არსებული დღევანდელი დემოგრაფიული ვითარება

2023 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 736 400 კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.3 პროცენტით მეტია. მათივე ცნობით, აღსანიშნავია, რომ 2022 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (-6 799) და დადებითი მიგრაციული სალდო (54 509).

„2023 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 60.4 პროცენტი ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში. ამასთან, თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედს შეადგენს.

2023 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 20.7 პროცენტს შეადგენს, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) - 63.8 პროცენტს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი - 15.6 პროცენტს.

2023 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, კაცების რიცხოვნობამ 1 793 800 შეადგინა, ხოლო ქალების რიცხოვნობამ - 1 942 500. ამასთან, საქართველოს მოსახლეობის 48 პროცენტი კაცი, ხოლო 52 პროცენტი - ქალია. სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 92-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 92 კაცი მოდის. აღსანიშნავია, რომ 35 წლამდე ასაკში კაცების რიცხოვნობა აღემატება ქალების რიცხოვნობას, ხოლო 35 წლის ასაკიდან სახეზე გვაქვს საპირისპირო სურათი, რაც გამოწვეულია კაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით.

წინა წელთან შედარებით, 2022 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 2.3 ერთეულით გაიზარდა და 73.7 წელი შეადგინა, მათ შორის კაცებისათვის - 69.4 წელი, ხოლო ქალებისათვის - 78.1 წელი.

2023 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის მედიანური ასაკი შეადგენს 38 წელს.

2022 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 125 269 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 25.3 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 142.9 პროცენტით გაიზარდა და 179 778 კაცი შეადგინა. ამავე პერიოდში, იმიგრანტების 84.3 პროცენტი და ემიგრანტების 86.7 პროცენტი, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ.

2022 წელს, იმიგრანტების 30.3 პროცენტს, ხოლო ემიგრანტების 80.5 პროცენტს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ.

გაეროს გათვლებით, 2030 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 3,8 მილიონი უნდა ყოფილიყო, თუმცა 2014 წლის აღწერით საქართველოს მოსახლეობა 3,7 მილიონს ოდნავ აღემატება. გაეროსვე პროგნოზით საქართველოს მოსახლეობა 2050 წლისთვის 3,4, ხოლო 2100 წლისთვის 2,4 მილიონი იქნება.

ნიკა ჩიტაძე არის შავი ზღვის საერთაშორისო უნივესიტეტის პროფესორი, საერთაშორისო საკითხების კვლევითი ცენტრის დირექტორი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×