განათლების მინისტრს პირვეკლასელთა რეგისტრაციის დისკრიმინაციული წესის შეცვლას ურჩევენ
რეზონანსი
14.06.2023

8 ივნისს დილის 9 საათიდან, ფაქტობრივად, ყველა თბილისელი, რომელთაც აქვთ ინტერნეტთან წვდომა, ჩაერთო სკოლებში პირვეკლასელების ელექტრონული წესით დარეგისტრირების პროცესში. მანამდე, ბავშვების მშობლებმა, ნათლიებმა, ბებია-ბაბუებმა და დეიდა-ბიძიებმა ნათესავებს, მეგობრებს, მეზობლებს და თანამშრომლებს მიმართეს სასურველ სკოლაში დარეგისტრირებაში დასახმარებლად... ზოგიერთ მშობელს გაუმართლა კიდეც და მისი პირმშო საცხოვრებელ სახლთან უახლოეს სკოლაში ივლის, ხოლო ზოგიერთს ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში მოუწევს ტარება...

მიუხედავად იმისა, რომ ერთი „ლეპტობით“ ვიყავით შეიარაღებული, ხოლო მეორე - გლობალურ ქსელთან „სილკნეტის“ ოპტიკურბოჭკოვანი სადენით მიერთებული კომპიუტერით, ჩვენი ბავშვები თვითონ ვერც ბაღში დავარეგისტრირეთ და ვერც სკოლაში... რამდენიმე წლის წინ ბაღში ნათესავმა მოახერხა ბავშვის დარეგისტრირება, ხოლო გასულ წელს სკოლაში მეგობრის შვილმა ამერიკული წარმოების თანამედროვე კომპიუტერიდან... არადა, როდესაც მეუღლის ნოუთბუქის მონიტორზე რეგისტრაციის დასრულების თაობაზე გამოჩნდა ინფორმაცია, ჩემი კომპიუტერის მიხედვით, რეგისტრაციის დაწყებამდე რამდენიმე წამი ჯერ კიდევ იყო დარჩენილი... მაშინვე დავინტერესდით, სად იყო თავისუფალი ადგილები. აღმოჩნდა, რომ ბავშვი მთაწმინდიდან თემქაზე უნდა გვეტარებინა... საგულისხმოა, როდესაც რეგისტრაციის დაწყებამდე, ერთ გავლენიან ახლობელს „პრობლემის“ თაობაზე შევჩივლე, მირჩია „პრესტიჟულ“ სკოლებში დარეგისტრირების მცდელობაზე დროს ნუ დაკარგავო და მერე „მივხედოთო“...

ცხადია, დავინტერესდი რით იყო გამართლებული ან დასაბუთებული მსგავსი, აშკარად არაგონივრული (პრობლემური) რეგულაციის შემოღება, რამდენიმე ექსპერტსაც დავეკითხე და, როდესაც მათ შორის არავინ აღმოჩნდა ისეთი, ვინც რეგისტრაციის არსებულ პროცედურას მოიწონებდა, განათლების მინისტრსაც მივმართე და დედაქალაქის მერსაც ვთხოვე ჩარევა, ვინაიდან ჩავთვალე, რომ ხარვეზიანი ნორმატიული ბაზის შეცვლით, შანსი ჩნდებოდა, ე. წ. საავტომობილო საცობებისა და პიკის საათებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადატვირთვის პრობლემაც მოგვარებულიყო... 

ცხადია, თუ პერსონალური ვერტმფრენებით არ გადაადგილდებიან, შესაბამისი გადაწყვეტილებას მიღებაზე უფლებამოსილ პირებს თავადაც მოეხსენებათ თბილისში სატრანსპორტო პოლიტიკით მოქალაქეთა მზარდი უკმაყოფილების თაობაზე, რაც, მაღალი ალბათობით, მომავალი საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებზეც ადეკვატურად აისახება. 

დარწმუნებული ვარ, დედაქალაქის სატრანსპორტო არტერიებზე შექმნილ, შეიძლება ითქვას, კატასტროფულ ვითარებაში, მხოლოდ თბილისის მერიის მესვეურებს არ მიუძღვით ბრალი და განათლების სამინისტროსაც ხელეწიფება თბილისში პიკის საათებში პირადი ავტომობილებითა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლეთა რიცხვის საგრძნობლად შემცირება (ეტაპობრივად, მაგრამ მინიმუმ 10 %-ით მაინც), რისთვისაც, ფაქტობრივად, მხოლოდ საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში მიღების (რეგისტრაციის) არსებული რეგულაციებია შესაცვლელი. 

ფაქტია, რომ მავანის „ხუშტურით“ თბილისის საჯარო სკოლასა და ბაღში ბავშვის შესაყვანად სპეციალურ ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციაა საჭირო. ზოგიერთები „ნოვაციას“ მშობლებისთვის თანასწორი შესაძლებლობების შექმნის სურვილით ხსნიან, თუმცა, აღნიშნული წესი, ფაქტობრივად, დისკრიმინაციული ხასიათისაა, ვინაიდან უთანასწორო (არაგონივრულ) „შეჯიბრში“, მხოლოდ ის არის „მოგებული“ ვისაც უფრო მძლავრ კომპიუტერთან აქვს წვდომა (თვითონ ან მის ნაცნობს) ან/და თითები აქვს ტექსტის აკრეფაში უფრო გაწაფული (ან მის ახლობელს)... ამასთან, სრულიად ულოგიკოდ მიმაჩნია, რეგისტრაციის სამუშაო საათებში დაწყება, რა დროსაც მშობლებს, შესაძლებელია, სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულებაც უწევდეთ.

შესაბამისად, იმ მშობელმა ვინც თვითონ ან, უფრო ხშირად კი, ნაცნობ-მეგობრების დახმარებით „მოახერხა“ ბავშვის რომელიმე „პრესტიჟულ“ სკოლაში დარეგისტრირება (მათ შორის, „ქართულ-ჯიგრულად“...), ფაქტობრივად, მთელი სასწავლო წლის განმავლობაში, მაგ. გლდანიდან, დიღმიდან ან ვარკეთილიდან ბავშვი მაგ., მთაწმინდაზე, ვერაზე ან ვაკეში უნდა ატაროს... შედეგად, ბავშვი სკოლამდე (ბაღამდე) პირადი ავტომობილით ან/და საზოგადოებრივი ტრანსპორტით უნდა მიიყვანოს, შემდეგ უკან მოიყვანოს... არადა, როგორც ვიცი, საფრანგეთში, გერმანიასა და აშშ-იც კი საჯარო (სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ) სკოლაში ბავშვი მხოლოდ ტერიტორიული პრინციპით შეიძლება ჩაირიცხოს.

ამდენად, თუ თბილისშიც სკოლის მოსწავლეები და ბაღის აღსაზრდელები (ცხადია, მათი თანხლები პირებიც) უახლოს სკოლამდე (ბაღამდე) ფეხით მივლენ, სხვა უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვის (თუნდაც განათლების მისაღებად...) საკმაოდ დიდ დროს დაზოგავენ. ამასთან, დარწმუნებული ვარ, ე. წ. პიკის საათებში ქალაქში ნაკლები მანქანა იმოძრავებს და საზოგადოებრივი ტრანსპორტიც შესამჩნევად განიტვირთება. ამასთან, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, სკოლებში სწავლების დონეც გათანაბრდება და აღარ იარსებენ „პრესტიჟული“ სკოლები, რომლებშიც მასწავლებლებსაც არანორმალურ პირობებში უწევთ მუშაობა, ვინაიდან კლასებია გადავსებული... რაც შეეხება თანამდებობის პირებს, კეთილი ინებონ და შვილები სახლთან ახლოს არსებულ ან ე. წ. კერძო სკოლაში ატარონ. 

ვინაიდან პასუხები ვერც განათლების სამინისტროდან და ვერც მერიიდან მივიღე, ხოლო წელს რამდენიმე ახლობელმა ისევ მთხოვა პირველკლასელების რეგისტრაციაში დახმარება, თავი ვალდებულად ჩავთვალე, პრობლების არსი საზოგადოებისთვისაც გამეცნო და განათლების მინისტრისთვისაც საჯაროდ მერჩია დაენერგა ტერიტორიული პრინციპი, რომლის მიხედვით უპირატესობა მიენიჭებოდა სკოლების ან ბაღების ახლოს მაცხოვრებლებს, ხოლო დარჩენილი ადგილები, შესაძლებელია, სხვა უბნების მაცხოვრებლებით ან/და სკოლის სიახლოვეს დასაქმებულთა შვილებითაც შევსებულიყო.

დარწმუნებული ვარ, სკოლასა და საბავშვო ბაღში რეგისტრაციის არსებული (არაგონივრული და დისკრიმინაციული) წესის გაუქმება, გარდა იმისა, რომ ე. წ. საცობებსაც და საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც საგრძნობლად განტვირთავს, თბილისელებს დროსაც დაუზოგავს და ფინანსებსაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვეცდები შესაბამისი ნორმატიული აქტები საკონსტიტუციო სასამართლოს დახმარებით გავაბათილო.

ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×