რეზონანსი
09.07.2026

კარს ვუხსნით ყველას და მზად ვართ, პარტია სიღრმისეულად გარდავქმნათ, მოვახდინოთ მისი ტრანსფორმაცია და ინსტიტუციური გაჯანსაღება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ექვსთვიანი პერიოდი იქნება ამ პროცესის მოსამზადებლად, ამის შემდეგ კი პარტიაში ჩატარდება როგორც პრაიმერისები, ისე შიდაარჩევნები.

„პარტია კანონის მოთხოვნებს არ დაარღვევს. საუბარია ექვსთვიან პერიოდზე, რომელიც იქნება ერთგვარი შესაძლებლობა ჩვენი საზოგადოებისთვის, ახალი ადამიანებისთვის, აქტივისტებისთვის, რომ მონაწილეობა მიიღონ პარტიულ ცხოვრებაში. ჩვენ გვსურს, კარი გავუხსნათ ფართო საზოგადოებას, იმ ადამიანებს, რომლებიც იბრძვიან ქვეყანაში რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. მათ აქვთ ხოლმე ინიციატივები – რაღაც არ მოსწონთ, რაღაც მოსწონთ. ამიტომ, გახსნილია კარი, ყველას შეუძლია, თავისი ინიციატივით შემოვიდეს. ამის აღმასრულებელი იქნება ნანუკა ჟორჟოლიანი, მიხეილ სააკაშვილთან ერთად. სადაცაა მიშა, იქაა პარტია და პარტია შესაბამის ჯგუფს შექმნის, რომელიც ამ ინიციატივების იმპლემენტაციას მოახდენს. კარს ვუხსნით ყველას და მზად ვართ, პარტია სიღრმისეულად გარდავქმნათ, მოვახდინოთ მისი ტრანსფორმაცია და ინსტიტუციური გაჯანსაღება. რა თქმა უნდა, ექვსი თვის შემდეგ პარტიაში ჩატარდება როგორც შიდაპრაიმერისები, ისე შიდაარჩევნები. ესაა ექვსთვიანი ციკლი პროცესის მოსამზადებლად. ამ დემოკრატიულ ტესტს კეთილსინდისიერად ჩავაბარებთ. რა თქმა უნდა, ვიღაცებისთვის ეს მიუღებელია, მაგრამ პირადად ჩემთვის მიუღებელია პარტიის შიგნით თანამდებობისთვის ბრძოლა, როდესაც ქვეყანაში არის პოლიტიკური ტერორი, ჩვენი თანამებრძოლები არიან ციხეში. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს საქმით ამ ადამიანების დახსნა და არა რაღაც ბრძოლა პარტიული თანამდებობისთვის.

სამართლებრივად პარტიაში ჩამოყალიბდება მმართველობის ფორმატი, რომელიც უზრუნველყოფს რეფორმათა საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებასა და იმპლემენტაციას. სამართლებრივი ფორმა შესაძლოა, რეფორმათა საბჭოს არ ჰქონდეს, თუმცა იქ მიღებულ გადაწყვეტილებებს პარტია უზრუნველყოფს სრულ დონეზე, მოახდენს ამ გადაწყვეტილებების იმპლემენტაციას. სამართლებრივი სტრუქტურა მოერგება კანონის განაწესს და არ იქნება შეუსაბამობა. ამას ყველას ვპირდებით. ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული პარტიის ყრილობაზე. იქნება ერთიანი სტრუქტურა, უბრალოდ, ამას სამართლებრივად აღასრულებს „ნაციონალური მოძრაობა“ შესაბამისი ფორმატითა და მექანიზმით, რომელიც ჩამოყალიბდება პარტიაში. რაც შეეხება რეფორმატორთა საბჭოს, კონკრეტულ ადამიანებსა და ინიციატივებს – ამაზე ზედამხედველობას განახორციელებს მიხეილ სააკაშვილი და აღასრულებს ნანუკა ჟორჟოლიანი. იქნება ღია, გახსნილი ფორმატი. სრული კოლაბორაცია გვექნება საბჭოსთან. ამას ექნება სამართლებრივი ფორმა თუ არ ექნება, სამართლებრივი მექანიზმი იარსებებს პარტიაში, რათა იქ მიღებული გადაწყვეტილებები აღსრულდეს პარტიაში“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 8 ივლისს სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ სთავაზობს, აირჩიონ დროებითი მართვის ორგანო, შეიქმნას რეფორმატორთა საბჭო, რომლის თავმჯდომარე თავად იქნება, ნანუკა ჟორჟოლიანი კი – აღმასრულებელი მდივანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×