რეზონანსი
11.06.2026

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰელიმ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

მინისტრმა სამხედრო ხარჯებთან დაკავშირებით ქვეყნის მთავრობის შიგნით არსებული უთანხმოების გამო დატოვა.

უკვე ყოფილმა მინისტრმა პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი დაადანაშაულა, რომ ქვეყნის თავდაცვის გასაძლიერებლად საჭირო ფინანსური რესურსების გამოყოფის მიმართ საკმარის ვალდებულებას არ იღებს, უსაფრთხოების საფრთხეები კი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„თქვენ ვერ მოახერხეთ, ხოლო ხაზინამ უარი თქვა იმ ფინანსური რესურსების უზრუნველყოფაზე, რომელიც ქვეყანას მზარდი საფრთხეების ფონზე თავდაცვის გასაძლიერებლად სჭირდება. თავდაცვის საინვესტიციო გეგმის ფარგლებში შემოთავაზებული ფინანსური პაკეტი, რომლის სრული ვერსიაც მხოლოდ ამ კვირის ორშაბათს მივიღე, მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება იმ დონეს, რაც თავდაცვისა და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ამ განსაკუთრებით სახიფათო პერიოდში აუცილებელია“, – აღნიშნავს ჯონ ჰილი პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერისადმი მიწერილ გადადგომის შესახებ წერილში.

როგორც „როიტერი“ წერს, მინისტრის მოულოდნელმა გადადგომამ, რომელსაც თან ახლდა მწვავე საჯარო წერილი, კიდევ უფრო გაზარდა ზეწოლა სტარმერზე, რომელიც გამოწვევების წინაშე დგას.

ბრიტანეთის თავდაცვისა და ფინანსთა სამინისტროები უკვე მრავალი თვეა, მოლაპარაკებებს აწარმოებენ, როგორ უნდა დაკმაყოფილდეს მზარდი მოთხოვნა სამხედრო დანახარჯების გაზრდაზე. სწორედ ამ უთანხმოების გამო გადაიდო ბრიტანეთის თავდაცვის საინვესტიციო გეგმის გამოქვეყნება, რომელიც თავდაპირველად გასულ წელს უნდა წარედგინათ.

სამხედრო ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ აღნიშნული გეგმა აუცილებელია მზარდი საფრთხეების საპასუხოდ, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რუსეთის სამხედრო აქტივობა და ბრიტანეთის ტერიტორიულ წყლებში შეჭრის შემთხვევები გახშირდა. თუმცა, მთავრობა პარალელურად სახელმწიფო ვალის შემცირებას ცდილობს, მაშინ როდესაც ქვეყნის გადასახადი ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×