ნატალია ჯვარიძე
15.05.2026

კუბის ხელისუფლებამ, აშშ-ის მხრიდან ნავთობის ბლოკადისა და ქვეყანაში მწვავე ჰუმანიტარული კრიზისის დაწყების ფონზე, აშშ-ის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკება დაიწყო. 15 მაისს ჰავანაში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს („სი-აი-ეი") ხელმძღვანელი იყო ჩასული და ადგილობრივი მედიის ცნობით, კუბის ხელისუფლებამ მას წარუდგინდა მტკიცებულებები, რომ კუბა არ წარმოადგენს საფრთხეს აშშ-ის აეროვნული ინტერესებისათვის.

მედიის ცნობით, კუბა მძიმე ეკონომიკურ კრიზისშია და დახმარებას ყველგან ეძებს, მათ შორის დასავლეთიდან, ჩინეთიდან, ევროკავშირიდან და ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან. მის მთავარ მოკავშირე რუსეთს კი, უკრაინის ომის ფონზე რესურსები და შესაძლებლობები მნიშვნელოვნად შეეზღუდა, რის გამოც კუბისთვის იმ მასშტაბის მხარდაჭერის გაწევა უჭირს, რაც აქამდე იყო. ამიტომ ჰავანა ცდილობს მხოლოდ მოსკოვზე დამოკიდებული აღარ იყოს.

კუბის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანაში დიზელისა და საწვავის მარაგი სრულად ამოიწურა, რის გამოც ეროვნული ენერგოსისტემა კრიტიკულ მდგომარეობაშია. დედაქალაქის ბევრ უბანში მოსახლეობას შუქი დღე-ღამეში 22 საათის განმავლობაში არ მიეწოდება.

ენერგოკრიზისი აშშ-ის მიერ დაწესებულმა საწვავის ბლოკადამ გამოიწვია, რომელიც უკვე მეოთხე თვეა გრძელდება.

  • კუბზე საწვავის მარაგი სრულად ამოიწურა, ენერგოსისტემა კრიტიკულ მდგომარეობაშია და დედაქალაქის ბევრ უბანში მოსახლეობას შუქი დღე-ღამეში 22 საათის განმავლობაში არ მიეწოდება.

ჯერ კიდევ 18 თებერვალს გამოცემამ „აქსიოს" თავის წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მხარს უჭერს რაულ კასტროს შვილიშვილთან და დროებით მეურვესთან, გილერმო როდრიგეს კასტროსთან საიდუმლო მოლაპარაკებებს.

მას შემდეგ აშშ-ის მხრიდან კუბაზე ზეწოლა გაძლიერდა. პრეზიდენტმა ტრამპმა კი მარტში განაცხადა, რომ კუბა „აღარ მიიღებს ნავთობსა და ფულს".

ნავთობის ბოლო პარტია კუბამ მარტის ბოლოს მიიღო. 30 მარტს რუსულმა ტანკერმა „ანატოლი კოდოლკინმა", ამერიკული ბლოკადის მიუხედავად, კუბაზე 10- ათასი ტონა ნედლი ნავთობი ჩაიტანა.

ამჟამად კუბის ენერგოსისტემა მხოლოდ ადგილობრივ ნედლ ნავთობზე, ბუნებრივ აირსა და განახლებად ენერგიაზე მუშაობს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ქვეყანამ 1 300 მეგავატი სიმძლავრის მზის პანელები დაამონტაჟა, საწვავის დეფიციტით გამოწვეული სისტემური გაუმართაობის გამო, მათი ეფექტიანობა მინიმალურია.

ამ ვითარებას ამძაფრებს ირანთან მიმდინარე ომის ფონზე მსოფლიო ბაზარზე ნავთობისა და ტრანსპორტირების ფასების ზრდაც. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 2026 წლის იანვრის ბრძანებულების შემდეგ, რომელიც კუბისთვის საწვავის მიმწოდებელ ქვეყნებს ტარიფებით ემუქრება, ჰავანასთვის ნავთობის მიწოდება მექსიკამ და ვენესუელამაც შეწყვიტეს.

აღსანიშნავია, რომ გაერომ აშშ-ის მიერ დაწესებული ბლოკადა უკანონოდ მიიჩნია და აღნიშნა, რომ ის არღვევს კუბელი ხალხის უფლებებს საკვებზე, განათლებასა და ჯანდაცვაზე. ჰუმანიტარული კრიზისის გამო, ქვეყანაში დაიხურა სკოლები და უნივერსიტეტები, პარალიზებულია ტურიზმის სექტორი და საფრთხის ქვეშაა სამედიცინო მომსახურება.

კარიბის ზღვის აუზის ქვეყანა, სადაც 10 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, ამჟამად საერთაშორისო დახმარებისა და ალტერნატიული მომწოდებლების ძიების პროცესშია, თუმცა ამერიკული სანქციების შიშით ამ რისკზე არავინ მიდის.

მოლაპარაკება ჰავანაში

15 მაისს, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი ამერიკული დელეგაციის ხელმძღვანელობით ჰავანას ეწვია და კუბის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა.

„ასოშიეითედ პრესის" ცნობით, ამერიკული დელეგაცია კუბის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლაზარო ალვარეს კასასმა, ქვეყნის დაზვერვის უფროსმა და რაულ გილერმო როდრიგეს კასტრომ მიიღეს. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს წარმომადგენელმა მედიასთან დაადასტურა ინფორმაცია მოლაპარაკებების შესახებ, რომელიც მოიცავდა დაზვერვის სფეროში თანამშრომლობის, ეკონომიკური სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხებს.

მოლაპარაკების შესახებ ინფორმაცია „იქსზე" კუბის ხელისუფლებამაც გაავრცელა. მათი ინფორმაციით, შეხვედრის ინიციატორი ამერიკული მხარე იყო, თავად შეხვედრამ კი „რთული ორმხრივი ურთიერთობების ფონზე" ჩაიარა.

„ჰავანაში „სი-აი-ეის" დირექტორის ჯონ რედკლიფის ხელმძღვანელობით დელეგაციის მიღების შესახებ აშშ-ის ხელისუფლების თხოვნის შემდეგ, რევოლუციურმა ხელმძღვანელობამ ეს ვიზიტი დასაშვებად მიიჩნია", - ნათქვამია კუბის ხელისუფლების ოფიციალურ განცხადებაში.

რუსული „რაშა თუდეი" კი ადგილობრივი გამოცემა „გრანმაზე" დაყრდნობით წერს, რომ შეხვედრის მთავარი მიზანი აშშ-სა და კუბას შორის „პირდაპირი პოლიტიკური დიალოგის" მხარდაჭერა იყო.

  • ჰავანაში გამართული კონსულტაციებისას კუბის ხელისუფლებამ ამერიკელ კოლეგებს წარუდგინა მტკიცებულებები, რომ აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას იფიციალური ჰავანის მხრიდან არაფერი ემუქრება.

ამავე წყაროს ცნობით, ჰავანაში გამართული კონსულტაციებისას კუბის ხელისუფლებამ ამერიკელ კოლეგებს წარუდგინა მტკიცებულებები, რომ აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას იფიციალური ჰავანის მხრიდან არაფერი ემუქრება. გარდა ამისა, შეხვედრაზე ითქვა, რომ კუბა არასდროს უჭრდა მხარს ამერიკისადმი მტრულ მოქმედებებს და არ არსებობს არანაირი ობიექტური საფუძველი, რომ ის იმყოფებოდეს ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიაში.

„კუნძული თავშესაფარს არ აძლევს, მხარს არ უჭერს, არ აფინანსებს და არ უშვებს მის ტერიტორიაზე ტერორისტულ და ექსპრემისტულ ორგანიზაციებს", - ითქვა შეხვედრაზე.

მოლაპარაკების შედეგებზე და სხვა დეტალებზე არცერთ მხარეს დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×