ლაშა გელოვანი
01.03.2024

სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ავდიივკას აღების შემდეგ, რუსეთის შენაერთებმა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კიდევ სამი დასახლება დაიკავეს და შეტევას პრინციპში ფრონტის მთელ პერიომეტრზე აწარმოებენ. სულ უფრო მეტი ინფორმაცია მოდის უკრაინელი სამხედროებისგან, რომ მათ შეიარაღებისა და ტყვია-წამლის მწვავე დეფიციტი აქვთ. ამის საფუძველზე ბევრი უკრაინასა და დასვლეთშიც შიშობს, რომ დროული დახმარების გარეშე ზაფრულისათვის რუსებმა შეიძლება ფრონტი გაარღვიონ, ოდესის ბლოკირება მოახდინონ და მერე მოლდოვას მიადგნენ.

ბრძოლის ველიდან გავრცელებული ბოლო ცნობებით, რუსულმა შენაერთებმა დაიკავეს სოფელი სტეფოვოე, რომელიც ავდიივკიდან 10 კმ-ითაა დაშორებული. უკრაინის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ მათმა შეიარაღებულმა ძალებმა სტეფოვოიე, ასევე მეზობელი სოფლები სევერნოიე და სტოჩკინო. ამ დასახლებულ პუნქტებს  დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაგრამ რუსების წარმატებები მიუთითებს იმაზე, რომ ისინი კარგად იყენებს მათ ხელში არსებულ უპირატესობას.

„უკრაინაში ვითარება „უდავოდ რთულია“ და ამას ამძიმებს ის ფაქტი, რომ მის შეიარაღებულ ძალებს „აქვთ სირთულეები საბრძოლო მასალისა და მარაგის მხრივ“, - ასე აფასებს შექმნილ ვითარებას ბრიტანეთის თავდაცვის შტაბის უფროსმა ადმირალმა ენტონი რადაკინი. 

„ტაქტიკურ დონეზე თქვენ ხედავთ გარკვეულ წარმატებას,რუსეთი იკავებს შედარებით მცირე ტერიტორიებს... ვფიქრობ, რომ ეს გაგრძელდება სულ მცირე მომდევნო რამდენიმე თვეში”, - აცხადენს ადმირალი.

თავის მხრივ თეთრი სახლის პრესმდივანი ჯონ კირბიც ადასტურებს, რომ „სიტუაცია ძალიან რთულია... რუსები ნამდვილად იწყებენ ადრე დაკარგული ტერიტორიის დაბრუნებას, უკრაინელები ვერ ახერხებენ მათ  უკუგდებას.“

უკრაინის ოფიციალური პირები შეშფოთებულნი არიან, რომ,  თუ მოკავშირეები ვერ გაზრდიან საბრძოლო მასალის მიწოდებას, რუსეთის შეტევამ ზაფრულისათვის შეიძლება წარმატებით დამთავრდეს და ფრონტის გარღვევა შეძლონ. კიევში სულ უფრო და უფრო  ისადგურებს უიმედობა.

აშკარაა, რომ პუტინი არ აპირებს უკრაინაში შეჭრისას გაცხადებული „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნების შესრულებაზე უარის თქმას. უკრაინის დაზვერვის შეფასებით, რუსები კვლავ შეეცდებიან დიდი ქალაქების დაკავებას, მათ შორის, რა თქმა უნდა, არის ოდესაც. თუ რუსული ჯარები ოდესამდე ჩააღწევენ, მათ შეუძლიათ გადაკეტონ უკრაინის მარცვლეულის საექსპორტო საზღვაო მარშრუტები, ასევე იერიში მიიტანონ მოლდოვაზე და დნესტრისპირეთის სეპარატისტული რეგიონისკენ გაჭრან გზა.

როდემდე აპირებს მაიკ ჯონსონი უკრაინის დახმარების განბლოკვას

აშშ-ის კონგრესის ქვედა, წარმომადგენლობითი პალატის სპიკერმა, რესპუბლიკელმა მაიკ ჯონსონმა თეთრ სახლში პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან და კონგრესის სხვა ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მის მთავარ პრიორიტეტს კვლავ ამერიკის საზღვრის უსაფრთხოება წარმოადგენს.

ჯონსონმა დაადასტურა. რომ მან არა მარტო მონაწილეობა მიიღო  ერთობლივ შეხვედრაში, არამედ  შემდეგ ასევე ცალკე ესაუბრა პრეზიდენტს.

„როდესაც დღეს აქ მოვედი, ჩემი მიზანი იყო გამომეთქვა ის, რისიც მე მჯერა: ჩვენ უნდა ვიზრუნოთ პირველ რიგში ამერიკის საჭიროებებზე და განსაკუთრებით ჩვენს ღია საზღვრებზე“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.

ჯონსონმა ასევე კომენტარი გააკეთა სენატის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტზე, რომელიც უკრაინის დახმარებასას შეიცავს.

„მე ნათლად ვუთხარი პრეზიდენტს და დანარჩენებს, რომ წარმომადგენლობითი პალატა აქტიურად სწავლობს ყველა შესაძლო ვარიანტს, მაგრამ მთავარ პრიორიტეტად კვლავ საზღვარი და მისი უსაფრთხოება რჩება“, - განაცხადა სპიკერმა, რომელიც უძლიერეს წნეხს განიცდის რეპუბლიკური პარტიის რადიკალური ფრთისგან და პირადად დონალდ ტრამპისგან, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაჰყვეს დემოკრატების წნეხს და საზღვრის დაცვის კანონპროექტი არ დათმოს.

მაიკ ჯონსონმა იანვარში მიცეულ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა კიდეც, რომ ამ საკითხზე ხშირად მსჯელობს ტრამპთან, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ნებისმიერ შეთანხმებას სენატის მომლაპარაკებლებსა და ბაიდენის ადმინისტრაციას შორის. ჯონსონი ამბობდა, რომ ის ტრამპთან ერთად განიხილავს ამ საკითხს „საკმაოდ ხშირად“ და „ყოველ რამდენიმე დღეში“.

ამერიკის კონგრესში არსებული უცნაური წესის მიხედვით, მხოლოდ სპიკერს აქვს კანონპროექტის კენჭრისყრაზე დაყენების უფლება. ხოლო „გაჯიუტებული“ ჯონსონი უკრაინის დახმარების საკითხის განხილვას კვლავ არ აპირებს.

ახლა იმედი მხოლოდ რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენების შეთანხმებაზეა. თუ ისინი შეძლებენ უმრავლესობის მოგროვებას და მოითხოვენ სენატის მიერ მიღებული უკრაინისა და ისრაელის დახმარების კანონპროექტის კენჭისყრაზე დაყენებას, ჯონსონი ვერ შეძლებს ამის დაბლოკვას. ბოლო მონაცემებით კონგრესში ხელმოწერები უკვე გროვდება.

პენტაგონი განიხილავს რეზერვებიდან დახმარების გამოყოფას

დახმარების შეწყვეტიდან 2 თვის შემდეგ პენტაგონი განიხილავს მისი რეზერვიდან უკრაინის სამხედრო დახმარების გაწევის შესაძლებლობას. საერთო თანხა დაახლოებით 4 მილიარდს შეადგენს. არსებული წესით ამ რეზერვების დახარჯვა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ის კონგრესის მიერ მიღებული დაფინანსების პაკეტით კომპენსირდება. 

იმის გამო, რომ უკრაინის დაფინანსების შესახებ კანონპროექტი კონგრესშია „გაჭედილი“, პენტაგონმა დახმარების გამოყოფის განხილვა თანხების კომპენსაციის გარანტიის გარეშე დაიწყო. რადგან უკრაინის ჯარების მდგომარეობა სულ უფრო და უფრო უარესდება, დახმარების ახალ პაკეტში მხოლოდ „კრიტიკული საბრძოლო მასალები“ იქნება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×