ნაზი ბერიძე
01.12.2023

ხმებს პრეზიდენტ ზელენსკისა და გენშტაბის უფროს ვალერი ზალუჟნის შორის არსებულ განხეთქილებაზე, ნავთი დაასხა უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა ზელენსკის „ხალხის მსახურის" პარტიიდან, რომელიც ბოლო დღეებია სულ უფრო და უფრო აქტიურად ესხმის თავს არმიის სარდლობას და პირადად ზალუჟნის. საუბარია ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის საპარლამენტო კომიტეტის წევრ მარიანა ბეზუჰლაზე, რომლის აქტივობა სოციალურ ქსელებში უკრაინაში და მის ფარგლებს გარეთაც განხილვის მთავარი თემა გახდა.

ბეზუჰლა მოითხოვს ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობის გადადგომას, რადგან მან ვერ წარმოადგინა ომის გაგრძელების დამაჯერებელი გეგმა. „რა გეგმა აქვთ? რატომ გააკეთეთ ახალი ბრიგადები არსებულის გაძლიერების ნაცვლად? რა ეღირება ახალი ბრიგადის შექმნა? რაც შეეხება სახსრებს ისეთი რამისთვის, როგორიცაა როტაცია, დემობილიზაცია და ტრენინგი?" - დაწერა მან ფეისბუქზე.

„ახლა სიტუაცია ისეთია, რომ თუ სამხედრო ხელმძღვანელობა ვერ უზრუნველყოფს 2024 წლის გეგმას და მათი მობილიზაციის ყველა წინადადება იმაზე დავა, რომ მეტი ადამიანია საჭირო, უკრაინის შეიარაღებული ძალების სისტემის შეცვლის ყოველგვარი გეგმის გარეშე, მაშინ ასეთმა ხელმძღვანელობამ უნდა დატოვოს პოსტი," - განაცხადა დეპუტატმა თავის ერთ-ერთ პოსტში.

საქმე ისაა, რომ ბეზუჰლას სოციალური აქტივობა ერთ-ერთ სიმპტომად იქნა აღქმული ზელენსიკისა და ზალუჟნის შორის არსებულ რეალურ თუ გამოგონილ დაპირისპირებაში. თავიდან ამ თემას აქტიურად ამუშავებდა რუსული პროპაგანდა, თუმცა ბოლო ორი თვის განმავლობაში, უკრაინული კონტრშეტევის ჩავარდნის ფონზე, ის თავად უკრაინულმა და დასავლურმა რესურსებმა აიტაცეს. ზელენსკის ბევრი ოპონენტი უკრაინაში უკვე პირდაპირ აცხადებს ზალუჟნის მის პოლიტიკურ ალტერნატივად.

ამის არ სჯერა სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიას, რომელიც ფიქრობს, რომ ბეზუჰლას აქტივობა მისი პირადი ინიციატივაა.

„მე მგონი ამ დეპუტატის პირადი ინიციატივაა, რომ თავი გამოიჩინოს. ზალუჟნი არ არის პასუხისმგებელი სამხედრო ბიუჯეტის შედგენაზე და სამხედრო დახმარებების პროცესების მართვაზე. გაურკვეველია ისიც, რატომ უნდა იყოს ზალუჟნი პასუხისმგებელი სამხედრო შეიარაღებაზე,

„რა თქმა უნდა შეიძლება არსებობს ფარული, მაგრამ არა აქტიური დაპირისპირება ქვეყნის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შორის. იმიტომ, რომ ყველას ესმის, მტრის წინააღმდეგ ერთიანობის შენარჩუნება აუცილებელია," - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ მაისაიამ.

გადამდგარ გენერალ ვახტანგ კაპანაძეს მიაჩნია, რომ შეცდომები მხოლოდ სამხედროების მიერ არ არის დაშვებული. რაც შეეხება შიდა უთანხმოებებს, ეს რა თქმა უნდა ნეგატიურად იმოქმედებს ომის ვითარებაზე.

„ომზე რომ აისახება უარყოფითად, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, რადგან არღვევს სამეულს - ხალხი, ხელისუფლება და ჯარი, და იწვევს უკრაინის მდგრადობის და ბრძოლისუნარიანობის დაქვეითებას.

„რა ბრალდებებიც ჩამოთვალა ამ დეპუტატმა, რამდენად შეესაბამება სიმართლეს, საკითხავია. ძირითადად პოლიტიკური პრობლემებია. მე თავიდანვე ვთქვი, რა შეცდომები ჰქონდა დაშვებული ზალუჟნის, მაგრამ თითის გაშვერა მხოლოდ სამხედროებზე არ არის მართებული. ზალუჟნი ერთ-ერთი თანამედროვე სამხედრო ხელმძღვანელია. შეცდომები შეიძლება გამოწვეული იყოს სამხედრო, პოლიტიკური, თუ ემოციური გადაწყვეტილების გარემოებებით," - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ კაპანაძემ

ბეზუჰლამ ერთ-ერთ ტავის პოსტში ვალერი ზალუჟნი დაადანაშაულა იმაში, რომ 2021 წელს აშშ-ის გენშტაბის უფროს გენერალ მარკ მილისთან საზღვრის ნაღმების შესახებ კამათობდა და კომიტეტის მოსმენის დროს უპილოტო საფრენი აპარატების საჭიროება უარყო.

ამ განცხადებების შემდეგ, გამოცემა „უკრაინულმა პრავდამ" „ხალხის მსახურის" პრესსპიკერისგან განმარტება მოითხოვა, წარმოადგენდა თუ არა ბეზუჰლას განცხადებები ფრაქციის ოფიციალურ პოზიციას. პარტიის პრესსპიკერმა, იულია პალიჩუკმა თქვა: „ჰკითხეთ ბეზუჰლას. ის პასუხისმგებელია საკუთარ სიტყვებზე."

დეპუტატის განცხადებების შემდეგ, პარლამენტის კოლეგებმა ბეზუჰლას ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის ქვეკომიტეტის ხელმძღვანელის პოზიციიდან გადაყენება სცადეს, რაშიც განსაკუთრებით აქტიურობს ექსპრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ევროპული სოლიდარობის პარტია.

ამ პარტის წევრმა, ირინა ფრიზმა ფეისბუქზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ კომიტეტი ამ საკითხს სამშაბათს განიხილავს. „ამ პოსტებმა, რომლებიც საზოგადოებაში უთანხმოებას თესავენ და სამხედრო ხელმძღვანელობისადმი ნდობას საომარი მდგომარეობის დროს ანადგურებენ, აიძულა ჩვენი პარტია შესთავაზოს მისი მოხსნა ქვეკომიტეტის ხელმძღვანელობიდან," - განაცხადა ფრიზმა.

მან ხაზი გაუსვა ომის დროს სამხედრო სანდოობის შენარჩუნების აუცილებლობას და მოუწოდა პოლიტიკოსებს თავი შეიკავონ შეიარაღებული ძალების საჯაროდ დისკრედიტაციისგან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×