თამთა ჩაჩანიძე
24.11.2023

ევროკავშირის გაფართოებისთვის არცთუ სახარბიელო ტენდენცია ვითარდება - ევროპის ქვეყნებში თანდათან წინაურდებიან მემარჯვენე და ულტრა-მემარჯვენე პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ან ევროკავშირიდან გასვლას ითხოვენ, ან უკრაინის დახმარების წინააღმდეგ გამოდიან, უფრო ხშირად კი ორივეს ერთად. ბოლო თვალსაჩინო მაგალითი ნიდერლანდებია, სადაც ულტრა-მემარჯვენე პარტიის გამარჯვება, მთელი პოლიტიკური სპექტრისთვის ნამდვილი შოკი იყო. მანამდე კი ეს სცენარი სლოვაკეთში განვითარდა.

მიუხედავად ამისა, ანალიტიკოსი თენგიზ ფხალაძე მიიჩნევს, რომ უახლოეს პერსპექტივაში ეს ტენდენცია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს ვერ შეაფერხებს. კორნელი კაკაჩია კი ამ კონტექსტში იტალიის პრეცენდენტს იხსენებს, როცა ულტრა-მემარჯვენეებმა გაიმარჯვეს, თუმცა „მთავრობის ჩამოყალიბების მერე სიტუაცია სხვანაირად წავიდა."

ნიდერლანდების საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა ანტიისლამისტმა და მიგრაციის მოწინააღმდეგე გერტ ვილდერსის პარტიამ, რომელიც ევროკავშირიდან გასვლის მომხრეა. თუმცა, მიუხედავად ვილდერსის გამარჯვებისა, სავარაუდოდ ყველა სხვა პარტია მის წინააღმდეგ გაერთიანდება და მთავრობას ისევ ძველი, ლიბერალურ-ცენტრისტული ძალა დააკომპპექტებს. მაგრამ, თავად ის ფაქტორი, რომ ულტრა-მემარჯვენეების პოპულარობა ძალიან სწრაფად იზრდება, ბევრისთვის დასავლეთში შემაშფოთებელია.

ვილდერსი პოლიტიკაში დაახლოებით 30 წელია მოღვაწეობს, ერთ-ერთი ცნობილი პოლიტიკოსია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, იგი საკმაოდ ემოციური გამოსვლებით და განცხადებით ხასიათდება, რის გამოც მას მეტსახელად „ჰოლანდიელი ტრამპიც" დაარქვეს. მისი პოზიციის გამო, საზოგადოების დიდი ნაწილი და თავად უილდერსიც თითქმის დარწმუნებული იყო, რომ მას მთელი პოლიტიკური ცხოვრება ოპოზიციაში უნდა გაეტარებინა. კატეგორიულმა ანტი-ისლამურმა პოზიციამ, არა მხოლოდ დააშორა მეინსტრიმ პარტიებს, არამედ ისლამური ექსტრემისტების სამიზნე გახდა. შედეგად, ვილდერსი თითქმის 20 წლის განმავლობაში 24-საათიანი დაცვის ქვეშ ცხოვრობდა. ამასთან, მან განაცხადა, რომ არანაირი მუქარა არ აიძულებს გაჩუმდეს. 2009 წელს ბრიტანეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა და განაცხადა, რომ ის საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. 2014 წელს კი დამნაშავედ ცნეს მაროკოელების შეურაცხყოფაში.

ვილდერსი მხარს უჭერს უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანის პოლიტიკურ კურსს და ეწინააღმდეგება უკრაინის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას. მას ასევე მიაჩნია, რომ სამხედრო დახმარება, რომელიც ნიდერლანდებმა უკრაინას გაუწია, შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო ქვეყნის შიგნით სამხედრო შესაძლებლობების გასაძლიერებლად და გაფართოებისთვის. ცნობისთვის, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, ნიდერლანდები გახდა უკრაინის ერთ-ერთი უდიდესი მხარდამჭერი და დონორი - ამ მაჩვენებლით მხოლოდ აშშ-ს, ბრიტანეთსა და გერმანიას ჩამორჩება.

მანამდე, 30 სექტემბერს სლოვაკეთში ჩატარებულ არჩევნებში გაიმარჯვა მემარცხენე პარტიამ „კურსი - სლოვაკური სოციალ-დემოკრატია". მისი ლიდერი რობერტ ფიცო უკვე ორჯერ იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ის კატეგორიულად ეწინააღმდეგება უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას და არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრების მომხრეა. რადიო „თავისუფლების" ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ სლოვაკეთის არჩევნების შედეგი, „უკრაინით დაღლამ" განაპირობა.

ჯიპას ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეს პროცესი საქართველოსთვის კანდიდატის მონიჭებას ხელს არ შეუშლის რიგი მიზეზების გამო.

„ამ პარტიამ თუ გაიმარჯვა, მაინცდამაინც არ ნიშნავს, რომ ის (ვილდერსი) პრემიერ-მინისტრი გახდება, რადგან ჯერ უნდა ვნახოთ როგორ შეიქმნება კოალიცია. კოალიციის შექმნა გულისხმობს მათ შორის შეთანხმებას არა მხოლოდ პრემიერობაზე, არამედ საგარეო პოლიტიკის პრინციპებზე, არ მგონია, რომ დღეს ნიდერლანდებში ის რეალობა იყოს, რომელიც მართლა დააყენებს საკითხს ევროკავშირიდან ნიდერლანდების გამოსვლის თაობაზე.

„რაც შეეხება ჩვენს ინტეგრაციას, კანდიდატის სტატუსის მონიჭებას ხელს არ შეუშლის, თუ ჩვენ არ დავუშვით რაიმე განსაკუთრებული შცდომები. კანდიდატის სტატუსიდან წევრობამდე ძალიან დიდი გზაა გასავლელი და ძალიან ბევრი რამაა გასაკეთებელი. ამ მხრივ არ მგონია, რომ ეს რაღაცა ეგზისტენციალური საფრთხე იყოს. ნუ ვიჩქარებთ, რადგან ეს ჯერ მხოლოდ არჩევნების შედეგია. მით უმეტეს მთავრობის ფორმირების პროცესი ამ შემადგენლობით, როგორიც არჩევნების შდეგებით დაჯდა, ეს ნამდვილად ერთ და ორ დღეში არ იქნება, საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკებები უწევს და 15 დეკემბრისთვის დღეს მოქმედი პრემირ-მინისტრი იქნება გადაწყვეტილების მიმღები", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

კითხვაზე, რას უნდა ველოდოთ 15 დეკემბერს და საქართველოს კანდიდატის სტატუსზე წევრ ქვეყნებს რა განწყობები აქვთ, ფხალაძემ განაცხადა:

„ევროკავშირის რეკომენდაცია არსებულ განწყობებს ფაქტიურად ასახავდა, ახლა რამე განსაკუთრებული შეცდომა არ უნდა დავიუშვათ", - განაცხადა ფხალაძემ „რეზონანსთან".

თსუ-ს პროფესორი და ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ 2024 წელი ზოგადად ევროპასა და მსოფლიოში საარჩევნო წელია, რაც ბევრ რამეს გადაწყვეტს. რაც შეეხება ნიდერლანდებს, მსგავსი მოლოდინი იყო იტალიის შემთხვევაშიც, მაგრამ მთავრობის ჩამოყალიბების მერე სიტუაცია სხვანაირად წავიდა.

„2024 წელი საარჩევნო წელიწადია, ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით უკრაინისთვის და ჩვენთვის იმ გაგებით, რომ ევროპარლამენტის არჩევნებიცაა და შემდეგ რა ტიპის პარტიები გაიმარჯვებენ და რა ტიპის პოლიტიკური სტაფი იქნება ევროპარლამენტში, ეს ბევრ რაღაცას განსაზღვრავს. რაც შეეხება ნოდერლანდცების არჩევნებს, მემარჯვენე პარტიების მოსვლა, ბუნებრივია, გადაწყვეტილების მიღებას გაართულებს გაფართოებისა და უკრაინის დახმარების საკითხებზე, მაგრამ ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იგივე მოლოდინები იყო, როცა იტალიაში მემარჯვენეების ხელისუფლება მოვიდა, მაგრამ ახლა ისინი მეტ-ნაკლებად ზომიერი პოზიციებით არიან წარმოდგენილები და თუ იტალიის ხელისუფლებას გადავხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ მემარჯვენე მთავრობაა, ისინი არაფრით არ განსხვავდებიან წინამორბედებისგან და დანარჩენ ევროპულ დემოკრატიებს კრიჭაში არ უდგაგან.

„ამ პარტიას წინასწარ პროგრამაშიც უწერიათ, რომ ისინი გაფართოების წინააღდეგნი არიან, ასევე ზოგადად თანხების დახარჯვის, მაგრამ დაველოდოთ, საბოლოოდ ალბათ მნიშვნელოვანი იქნება თუ რა ტიპის კოალიციაში შევლენ ისინი და მათი პრიორიტეტები რა იქნება. ერთია, როცა პარტიის პრიორიტეტი გაქვს და მეორეა, როცა სახელმწიფო ხელისუფლებაში მოდიხარ სხვა პარტიებთან ერთად, ბუნებრივია მათ სხვა პარტიების პროგრამების და ხედვების გათვალისწინება.

„კანდიდატის სტატუსზე მოლოდინი იყო, რომ საქართველო ამას უპრობლემოდ მიიღებდა, მაგრამ როგორც ბოლო დღეებში ჩანს, ეს თემა საკმაოდ რთულად მიდის თვითონ წევრი სახელმწიფოებიდან. მე მაინც იმედი მაქვს, რომ სტატუსს მივიღებთ, მაგრამ აზრები კვლავ გაყოფილია, ერთი შემთხვევა ვიცით, როცა ევროკომისიის რეკომენდაციის შემდეგ სტატუსი არ მიუღიათ, სხვა არ ყოფილა და იმედია, რომ საქართველო ამ სიტუაციაში არ იქნება და დარჩენილ დღეებში ქართული დიპლომატია და ქართული მხარე იმუშავებს იმისთვის, რომ დადებითი გადაწყვეტილება მივიღოთ", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×