ნაზი ბერიძე
24.11.2023

ხუთშაბათს, 23 ნოემბერს მინსკში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ოდეკაბეს 2-დღიან სამიტზე სომხეთმა უარი თქვა მონაწილეობაზე, თუმცა გამორიცხა ალიანსის დატოვება. ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე არ გამორიცხავს, ერევანი დასავლეთსა და რუსეთს შორის ორმაგ თამაშს თამაშობდეს.

„ყველა მოცემულობა ისეთია, რომ ტოვებს, მაგრამ არ გამოვრიცხავ რომ ვაჭრობს - თამაშობს დასავლეთსა და რუსეთს შორის. საგულისხმოა, რომ 10 იანვარს ჩასატარებელ წვრთნებზე, რომელიც სომხეთის ტერიტორიაზე უნდა ყოფილიყო და მონაწილეობა უნდა მიეღო კოლექტიური უსაფრთხოების ძალების კონტინგენტს, სომხეთმა უარი თქვა. რუსეთისთვის ამ წვრთნებს ჰქონდა უზარმაზარი მნიშვნელობა, რადგან ამით ხაზს უსვამდა თავის დასწრფებას სამხრეთ კავკასიაში, და მოწინააღმდეგეებს აჩვენებდა, რომ არა მარტო უკრაინის პრობლემებით არის დაკავებული, არამედ კავკასიითაც და მისი მიდგომები ამ რეგიონის მიმართ არ იცვლება. მაგრამ, აი, აქ სომხეთმა უცებ ასეთი ნაბიჯი გადადგა და მძიმე დარტყმა მიაყენა რუსეთს. ამ გადასახედიდან ჩანს, რომ ოდეკაბეს სომხეთი ტოვებს.

„მე მაინც ვფიქრობ, რომ დღეს სომხეთის ტერიტორიაზე ორი რუსეთს ბაზა აქვს განთავსებული. ერთი დიდი გიუმრის ბაზა, მეორე შედარებით მცირე სამხედრო-საჰაერო ბაზა და კიდევ, გარდა ამისა, სომხეთ-თურქეთის საზღვარს რუსეთის მესაზღვრეები აკონტროლებენ. უნდა ითქვას, რომ დასავლეთი პირდაპირ მოითხოვს სომხეთიდან რუსეთის ჯარების გაყვანას, რისთვისაც ერევანს ძალიან სერიოზულ პრეფერენციებს სთავაზობს - ფინანსური თუ სამხედრო დახმარების თვალსაზრისით. 13 ნოემბერს საქართველოს გავლით სომხეთმა უკვე მიიღო იარაღის ნაწილი, რომელიც საფრანგეთმა გამოაგზავნა. საერთოდ საფრანგეთია დღეს ერთ-ერთი მთავარი მედროშე სომხეთის დახმარების თვალსაზრისით," - განაცხადა „რეზონანსთან" მამუკა არეშიძემ.

მანამდე, ინტერნეტ-გამოცემა „ტაბულას" ინფორმაციით, 2009 წლიდან დღემდე სომხეთს კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს სესია არ გამოუტოვებია. ასევე, სომხეთმა ოდეკაბეს პარტნიორებს სთხოვა, სამიტის დღის წესრიგიდან ამოეღოთ დოკუმენტი, რომელშიც სომხეთისთვის დახმარება განიხილება. თუმცა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მნაცაკან საფარიანმა თქვა, რომ სომხეთი ამჟამად არ განიხილავს არც ოდეკაბეს და არც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის დატოვებას. ამბობს, რომ ასევე არ განიხილება გიუმრიდან რუსული სამხედრო ბაზის გაყვანა.

2023 წლის იანვარში ფაშინიანმა სომხეთის ტერიტორიაზე ოდეკაბეს სამხედრო წვრთნების ჩატარებაზე უარი თქვა. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ "მექმნება შთაბეჭდილება, რომოდეკაბეს სომხეთს ტოვებს. ასევე იტალიურ გაზეთ La Repubblica-სთან ინტერვიუში პრემიერმა თქვა, რომ უშიშროების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულება შეცდომა იყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×