ნაზი ბერიძე
17.05.2023

აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა, 16 მაისს რეზოლუცია გაიტანა კენჭისყრაზე, შეერთებული შტატების პრეზიდენტისადმი მოწოდებით, მხარი დაუჭირა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ბოროტების დასასჯელად. ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენიც, ასევე აძლიერებს მოწოდებებს სპეციალური ტრიბუნალის შექმნაზე.

რეზოლუცია აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში 2023 წლის 31 სექტემბერს დარეგისტრირდა.

სამშაბათს რეიკიავიკში ევროპელი ლიდერების სამიტის წინ ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ "რუსეთის პასუხისმგებლობა აგრესიის დანაშაულზე" დიდი თემა იქნებოდა. უკრაინა, რომელსაც მხარს უჭერს ევროკომისია და რამდენიმე წევრი ქვეყანა, უხელმძღვანელებს სპეციალური ტრიბუნალის შექმნას, რათა გაასამართლოს ვლადიმერ პუტინი და მისი უმაღლესი თანამდებობის პირები აგრესიის დანაშაულისთვის.

წარმომადგენელთა პალატის კომიტეტის ხელმძღვანელმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კონგრესმენ-რესპუბლიკელი მაიკლ მაკკოლიმ, თქვა, რომ სანამ კონგრესის რეზოლუციას მისცემდნენ ხმას, მოუსმინეს უკრაინის გენერალურ პროკურორს ანდრეი კოსტინს, რომ უშუალოდ ენახათ რუსეთის სამხედრო ბოროტების შედეგები. თუ როგორ დაბომბეს აგრესორებმა, მშვიდობიანი მოსახლეობა და ბავშვები.

კომიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული რეზოლუციის ტექსტში ნათქვამია: „მოვუწოდებთ პრეზიდენტს მხარი დაუჭიროს სპეციალური ტრიბუნალის შექმნას უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის ბოროტების დასასჯელად. რუსეთმა დაიწყო სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში; რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში გაანადგურა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მილიონობით უკრაინელის იძულებით გადაადგილება მოხდა ასევე დაიღუპა ათასობით უკრაინელი, მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო მოსამსახურე".

რეზოლუციაში კონგრესმენები ხაზს უსვამენ, რუსეთის მიერ გაეროს ქარტიის დარღვევას და აცხადებენ რომ რუსეთის ფედერაციის უპრეცენდენტო სრულმასშტაბიანმა შეჭრამ უკრაინაში კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების დაუყოვნებლივ და გადამწყვეტ მოქმედებას მოითხოვს.

პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის სამხედრო დანაშაულებთან მიმართებით, რეალურ კონტექსტში განიხილავს. თუმცა, ყველაფერი დამოკიდებულია უკრაინის ომის შედეგებზე და სხვადასხვა პროცედურულ საკითხებთან, რაც არის დაკავშირებული დანაშაულების გამოკვლევასთან.

„მე მგონია რომ შეიქმნება ტრიბუნალი, იმიტომ რომ ამაზე დიდი ხანია მიდის საუბარი. რუსეთი არ არის ჰააგის ტრიბუნალის წევრი, საერთაშორისო სისხლის სამართლის იურისდიქციას ის არ ცნობს.

„ასეთ შემთხვევებში როგორც წესი იმ დანაშაულების გამოსაძიებლად საჭირო არის ცალკე საერთაშორისო სასამართლოს შექმნა, რომელიც იქნება სპეციალურად დანიშნული, ამ კონკრეტული ომის შედეგად ჩადენილი დანაშაულების გამოსაკვლევად. რუსეთის შემთხვევაში ეს ალბათ იქნება აუცილებელი

„ტრიბუნალის შექმნა შეიძლება ცოტა დროში გაიწელოს, შეიძლება ბაიდენი დაელოდოს უკრაინის კონტრშეტევის განვითარებას და მერე მიიღოს გადაწყვეტილება.

„მაგრამ, რეალურად ტრიბუნალი თუ შეიქმნება, ის ვერ აღასრულებს თავის ფუნქციას სანამ ომი არ დასრულდება, იმიტომ, რომ საჭირო იქნება ყველა სამხედრო დამნაშავის დაკავება, მათი ჩამოყვანა დაკითხვა და ა.შ. ეს ყველაფერი სანამ ომი მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, ჯერ ვერ მოხერხდება. რაც შეეხება დამნაშავეების პასუხისმგებლობის საკითხის აღსრულებას ომის შედეგები განაპირობებს" -განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" ამბობს რომ ტრიბუნალი შეიქმნება, იმიტომ რომ ამაზე დიდი ხანია მუშაობს საერთაშორისო თანამეგობრობა, მაგრამ, სად და როგორ აგებს პასუხს პუტინი და მისი რეჟიმი ჩადენილ დანაშაულებებზე, ამას დრო გვიჩვენებს.

„მაგაზე მარტო წარმომადგენელთა პალატა არ ლაპარაკობს, ტრიბუნალის შექმნაზე მიმდინარეობს ახლა მუშაობა, და მიმდინარეობს კონსულტაციები, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტებსა და ექსპერტებს შორის როგორ უნდა შეიქმნას ეს მექანიზმი, იმიტომ რომ დღეისათვის ეს არ არსებობს და როგორ უნდა მოხდეს ტრიბუნალის შექმნა, უფლებამოსილება, პროცედურა და ა.შ.

„დიდი ალბათობით შეიქმნება, იმიტომ რომ ეს პროცესი არა მხოლოდ შეერთებულ შტატებში არამედ ევროკავშირის მასშტაბითაც მიდის და ამაზე ინტენსიური კონსულტაციებია

„პუტინი აგებს თუ არა პასუხს ეგ მეორე საკითხია იმიტომ, რომ ტრიბუნალის შექმნა ერთია მაგრამ ფიზიკური პასუხისმგებლობა სხვა საკითხია. სასამართლო პროცესი ნებისმიერ შემთხვევაში შედგება, მაგრამ ნიურბერგის სასამართლო პროცესიც გაიმართა მაგრამ ნაცისტების ხელმძღვანელობის დიდმა ნაწილმა სუიციდი ამჯობინა.

„ფიზიკურად დაეკისრება თუ არა თუ პუტინს სხვა სასჯელს დააკისრებს საკუთარი გარემოცვა, ეს სხვა საკითხია. მაგრამ, ზოგადად ეს რეჟიმი უნდა გასამართლდეს. იმიტომ რომ ეს არის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ რასაც ახლა პუტინის რეჟიმი სჩადის. ფიზიკურად მოესწრება ის სასჯელს, თუ ვერ მოესწრება, ეს სხვა საკითხია" - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×