ნაზი ბერიძე
11.05.2023

ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სიენენზე გამართული დებატების დროს ვლადიმირ პუტინის ომის დამნაშვედ ხსენებას თავი აარიდა, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, ამბობს იგი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი არასდროს მოგვარდება. ტრამპმა თქვა, ახლა პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, თავად შეხვდებოდა პუტინსაც და ზელენსკისაც. იფიცება, რომ კონფლიქტს ერთ დღეში მოაგვარებს.

„თუ პრეზიდენტი ვიქნები, მე მოვაგვარებ ომს ერთ დღეში, 24 საათში. ორივეს აქვს სუსტი მხარეები და ორივეს აქვს ძლიერი მხარეები და 24 საათში ეს ომი მოგვარდება. ის დასრულდება, ის აბსოლუტურად დასრულდება", - თქვა ტრამპმა.

თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პუტინს საკუთარი ხალხი აგებინებს პასუხს, მისი დამნაშავედ ცნობა კი არ არის მაინც და მაინც განმაპირობელი იმისა, დასხდებიან თუ არა მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან.

„ეს არის ლეგალური საკითხი, რომელიც მხოლოდ ტრამპს არ აწუხებს, ეს აწუხებს იგივე სამხრეთ აფრიკის ხელისუფლებას, სადაც უახლოეს ხანებში იქნება სამიტი და სადაც პუტინი აპირებს ჩასვლას. მოგეხსენებათ, სამხრეთ აფრიკა საერთაშორისო სასამართლოს წევრია და მას ფორმალურად ევალება, დააპატიმროს პუტინი და გადასცეს ჰააგის სასამართლოს.

„რამდენად გააკეთებს ამას სამხრეთ აფრიკის ხელისუფლება, ეს კიდევ გასარკვევია, იქიდან გამომდინარე, რომ აფრიკის ხელისუფლებას აქვს კარგი ურთიერთობები რუსეთის ხელისუფლებასთან ამ ეტაპზე, და პუტინსაც სწორედ ეს უნდა, რომ დაანახოს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ როცა ის სამხრეთ აფრიკაში ჩავა, რომ რეალურად საერთაშორისო სამართლის პრინციპები არ მოქმედებს ძლიერ სახელმწიფოებთან მიმართებაში, და მას ეს ილუზია აქვს.

„თუ დადგა საკითხი, რომ მოლაპარაკებებზე წავიდნენ რუსეთთან, და რა ტიპის მოლაპარაკებები იქნება გამარჯვებულ თუ დამარცხებულ რუსეთთან, ეს პრობლემა არ იქნება. იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს მეორე მსოფლიო ომის დროს მაინც და მაინც ჰიტლერთან არ იყო საჭირო მოლაპარაკებები და შტაბიდან მისმა გენერლებმაც მოაწერეს ხელი. აქედან გამომდინარე, არ არის საჭირო პირდაპირ პუტინთან გაიმართოს მოლაპარაკებები. გააჩნია როგორ იქნება ომის შედეგები.

„დანარჩენი რუსეთის ხალხის გადასაწყვეტია, რა განაჩენს გამოუტანს ხელისუფლებას. ძალიან ბევრი დიქტატორი იყო მსოფლიოში, მაგალითად სადამ ჰუსეინი, ლიბიის დიქტატორი მუამარ კადაფი, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში მართავდნენ ქვეყანას და ვერც კი წარმოედგინათ, რომ მათ ხელისუფლებას ვინმე შეეხებოდა, მაგრამ რეალურად საკუთარმა ხალხმა დაამხო ისინი. ასე რომ, მთლიანად არ ვიქნებოდი დარწმუნებული პუტინის მომავალზე, ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, როგორ დამთავრდება ომი. ვიცით ისტორიიდან, რომ რუსი ხალხი დამარცხებულებს არ პატიობს: არც მეფეებს პატიობდა და არც იმპერატორებს. არა მგონია რომ პუტინიც იყოს გამონაკლისი თუ მან ამ ომში ვერ გაიმარჯვა.

„რაც შეეხება მოლაპარაკების მაგიდას, მაინც და მაინც პუტინი კი არ უნდა იჯდეს, იქ ისტორიას ახსოვს, როგორ სხდებოდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან დამნაშავე ხელისუფალნი ან მათი წარმომადგენლები. შეიძლება ვიღაცისთვის ეს მორალური პრობლემაა, განსაკუთრებით უკრაინელებისთვის, რომლებიც რა თქმა უნდა, ხელს არ ჩამოართმევენ არასდროს პუტინს და არა მგონია რომ თვითონ პუტინს უნდოდეს უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრა.

„მაინც დიპლომატიური მოლაპარაკებებია ყველა ომის დასასრული. ასე რომ, რაც არ უნდა მორალური დილემები გაჩნდეს, საბოლოოდ დიპლომატიის არსი იმაში მდგომარეობს, რომ თუ მხარეები მზად არიან მოლაპარაკებისთვის, ისინი იპოვიან გამოსავალს, რომელიც სახეს შეუნარჩუნებს როგორც ერთ ასევე მეორე მხარეს," - განაცხადა „რეზონანსთან" კორნელი კაკაჩიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×