ნაზი ბერიძე
11.05.2023

ბახმუტთან უკრაინის ჯარმა „ვაგნერის" დაჯგუფებას ფლანგებიდან დაარტყა და რამენიმე კილომეტრით უკან დაახევინა, რაც მნიშვნელოვანი ტაქტიკური გამარჯვებაა, რადგან ერთი მხრივ ქალაქის მცველებს, რომლებიც კრიტიკულ მდგომარეობაში არიან, დიდ შვებას მისცემს, მეორე მხრივ კი შეიძლება დიდი უკრაინული კონტრიერიშის ერთგვარი რეპეტიცია იყოს, რომელსაც მთელი მსოფლიო 2-3 კვირაში ელის.

თადარიგის გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ეს კონტრშეტევა კარგია, მაგრამ არ არის საკმარისი ქალაქის დებლოკირებისა და რუსებისთვის სერიოზული მარცხის მისაყენებლად. რაც შეეხება დიდ კონტრიერიშს, სიტუაციას ართულებს ის გარემოებაც, რომ ამ დღეებში უკრაინის სამხრეთში წვიმებია გამოცხადებული.

„ბახმუტის მიმართულებით კარგად გააზრებული თავდაცვის წყალობით, ვიღებთ ჩვენი ქვედანაყოფების ქმედითი მოქმედებების შედეგებს. მათ შორის, ჩვენ ვატარებთ ეფექტურ კონტრშეტევებს. ფრონტის ზოგიერთ რაიონში მტერმა ვერ გაუძლო უკრაინელი დამცველების შემოტევას და 2 კილომეტრამდე მანძილზე უკან დაიხია," - წერს ტელეგრამზე უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური ოლექსანდრ სირსკი.

სირსკის თქმით, სწორედ თავდაცვითი ოპერაციის კომპეტენტურმა წარმართვამ ამოწურა „ვაგნერის" გაწვრთნილი სამხედრო ძალები. მიუხედავად რუსული ჯარების მნიშვნელოვანი კონცენტრაციისა და ხმამაღალი განცხადებებისა ბახმუტის 9 მაისამდე აღების განზრახვის შესახებ, მტერმა მაინც ვერ შეძლო ამის გაკეთება.

მანამდე, 9 მაისს რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა ტელეგრამზე დაწერა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ცდილობენ გაარღვიონ რუსეთის ფლანგები ბახმუტის მიმართულებით, გადაჯგუფდებიან ზაპოროჟიეში და უახლოეს მომავალში დაიწყებენ კონტრშეტევას.

პრიგოჟინი ამტკიცებდა, რომ ამ მოქმედებების შედეგად რუსულმა ძალებმა ფრონტზე 3 კმ დაკარგეს. როგორც უკვე გავრცელდა ინფორმაცია, უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ბრძოლები ასევე მიმდინარეობს გრიგოროვკასა და ივანოვსკოეის დასახლებებში, რომლებიც მიეკუთვნებიან ბახმუტის მიმართულებას.

თადარიგის გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" უკრაინელების საბრძოლო ტაქტიკასა და კონტრიერიშის განხორციელების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

„უკრაინა ცდილობს, რომ სწორედ ამ ფლანგებზე მოახდინოს დარტყმა, ბახმუტის ალყაზე, რომ შემდეგ თვითონ ბახმუტში „ვაგნერის" დაჯგუფება მოაქციოს ალყაში. 2 კილომეტრი კარგია, მაგრამ ძალიან ცოტაა. ბახმუტის 98%-ს რუსები აკონტროლებენ. კარგია, რომ უკრაინელებმა ალყის შემხვედრი მარწუხებიდან გარკვეულწილად გაათავისუფლეს, მაგრამ თვითონ ბახმუტში აგრძელებს რუსეთი შეტევას, გარკვეულწილად წინსვლაც განახორციელეს ქალაქის ჩრდილო დასავლეთითაც.

„როგორი ბრძოლებია, იცით, ან 2 კმ იქნება ან 500 მეტრი... ეს კონტრდარტყმა მნიშვნელოვანია, მაგრამ მე როგორც ვხვდები, უკრაინელები არ აპირებენ რაღაც ერთი მძლავრი კონტრდარტყმის განხორციელებას, რადგანაც სამხედრო ძალების კონცენტრაცია ვერ მოახდინეს. ამიტომ უკრაინელები ცდილობენ სხვადასხვა მიმართულებაზე მცირე კონტრშეტევებით, გარკვეული სათანადო ადგილის ნახვას, რომ შემდეგ განახორციელონ კონტრიერიში. თუმცა რამდენიმე დღეში ისევ წვიმები დაიწყება უკრაინაში და ისევ გაურთულდებათ მოქმედება," - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ კაპანაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×