ნაზი ბერიძე
09.05.2023

მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავ დაკავშირებით გამართული ზეიმი ბოლო წლებში, და შესაძლოა საერთოდაც 9 მაისი აღნიშვნის ისტორიაში, ყველაზე მოკრძალებული და ხანმოკლე გამოდგა. არ გამოუყვანიათ საბრძოლო ავიაცია და აუხლესი წარმოების მძიმე ტექნიკა. გაუქმდა ტრადიციული „უკვდავი პოლკის" მსვლელობა და აღლუმის მონაწილეთა საერთო რაოდენობაც მნიშვნელოვნად შეამცირეს. სოხუმსა და ცხინვალში კი გაოცებასა და უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ წელს მოსკოვში დე ფაქტო ლიდერები - ასლან ბჟანია და ალან გაგლოევი არ მიიწვიეს.

დასავლური მედიის შეფასებით, ეს იყო ყველაზე „ნერვული" სამხედრო აღლუმი რუსეთის ისტორიაში, რომელმაც ნათლად ასახა რუსეთის სრული იზოლაცია. თავად პუტინი კი კვლავინდებურად ცინიკური იყო - რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომი მან რუსეთის წინააღმდეგ დაწყებულ ომად გამოაცხადა.

რუსეთის სახელმწიფოს მეთაურთან ერთად წითელ მოედანზე სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო, ყაზახეთის პრეზიდენტი კასიმ ჯომარტ ტოკაევი, ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჯაფაროვი, ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონოვი, თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი და უზბეკეთის პრეზიდენტი შავქათ მირზიოევი იმყოფებოდნენ. აღსანიშნავია, რომ აქედან აღლუმის შემდეგ გამართულ საზეიმო სადილს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, არ დაესწრო ალექსანდრე ლუკაშენკო.

აღლუმს სახმელეთო ჯარების მთავარსარდალი, არმიის გენერალი ოლეგ სალიუკოვი მეთაურობდა და ის თავდაცვის მინისტრმა, არმიის გენერალმა სერგეი შოიგუმ ჩაიბარა.

აღლუმში მონაწილეობდა 8 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე ომიდან საგანგებოდ ჩამოყვანილი 530 მებრძოლი. სამხედრო ტექნიკის კოლონას სიმბოლურად თავში ედგა „გამარჯვების ტანკი" „ტ-34". წითელ მოედანზე გამოიყვანეს ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემები „ისკანდერ-მ", საზენიტო-სარაკეტო სისტემები „ს-400 ტრიუმფი" და მობილური სახმელეთო სარაკეტო სისტემები „იარისი". აღლუმში პირველად მონაწილეობდა უახლესი რუსული ჯავშანტექნიკა „სპარტაკი" და „3-სტს ახმატი". წინა აღლუმებისაგან განსხვავებით, წელს მასში არ მონაწილეობდა ავიაცია.

პუტინმა გამოსვალაში მიმართა ჯარისკაცებს ოფიცრებსა და გენერლებს, ვეტერანებსა და რუსეთის მოქალაქეებს. აღნიშნა, რომ რუსეთისთვის არ არსებობენ არამეგობრული და მტრული ხალხები და რომ მისი სურვილია მშვიდობა და სტაბილურობა. კვლავ დაადანაშაულა დასავლეთი რუსოფობიასა და სისხლიანი კონფლიქტების პროვოცირებაში.

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვში შეიკრინენ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების ლიდერები: „ამაში მე ვხედავ მადლიერ დამოკიდებულებას ჩვენი წინაპრების ღვაწლისადმი. ისინი ერთად იბრძოდნენ და ერთად გაიმარჯვეს - საბჭოთა კავშირის ყველა ერმა წვლილი შეიტანა საერთო გამარჯვებაში".

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პრეზიდენტ პუტინის საზეიმო მიმართვა ცინიზმის გამოვლინება იყო.

„წელს ეს ღონისძიება ტარდება შედარებით შეცვლილი ფორმატით და უამრავი გაუგებრობით. მაგალითად, ე.წ. უკვდავი პოლკის ტრადიციული მსვლელობა თითქმის ყველგან გაუქმდა სწორედ იმ შიშის გამო, რომელიც მოსკოვზე დრონების თავდასხმის შემდეგ გაჩნდა.

„რაც შეეხება ბატონი პუტინის გამოსვლას, მე ვთვლი, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა ისტორიულ მნიშვნელობას ანიჭებს რუსეთი ამ დღეს, როდესაც რუსული სამხედრო მანქანა ამდენ უკრაინელს ანადგურებს უკრაინაში, ყველა ის ნაბიჯი, რომელიც რუსეთის მიერ არის გადადგმული, არის ცინიზმი. გასაგებია, პატივი უნდა სცე წარსულის გმირებს, მაგრამ იმ ქვეყნის ხალხს, რომლებიც იგივე რუსების გვერდით იბრძოდნენ იმ მძიმე ომში და რომლებმაც ასევე უზარმაზარი წვლილი შეიტანა ფაშიზმის დამარცხებაში, დღეს რუსეთის სამხედრო მანქანა ანადგურებს და ეს არის კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული.

„სწორი იქნებოდა გამოეძებნათ ამ ღონისძიების აღნიშვნის ისეთი ფორმა, რომელიც ამგვარი კრიტიკის საფუძველს არ მისცემდა მსოფლიო საზოგადოებას. თუმცა, რუსეთის ხელმძღვანელობა დღესაც მიიჩნევს, რომ ისინი ფაშიზმს ებრძვიან უკრაინაში.

„რაც შეეხება აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერების არმიწვევას აღლუმზე, ახლა რუსეთს ამის თავი არ აქვს და გულახდილად რომ გითხრათ, არც აინტერესებს რას იტყვიან, მის მიერ დასმული მარიონეტები. საკუთარი თავი გასჭირვებია, როგორც უკრაინაში, ასევე მსოფლიო არენაზე", - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×