ნაზი ბერიძე
29.03.2023

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინფინგის ვიზიტმა მოსკოვში შედეგი ვერ გამოიღო. პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" განმარტავს, თუ რატომ ვერ მიაღწიეს კონსენსუსს ორი ქვეყნის ლიდერებმა. რუსეთს არ სურს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის აღიარება, შესაბამისად ვერ სრულდება ოფიციალური პეკინის შუამავლის როლი ორ დაპირისპირებულ მხარეთა შორის და ჩინეთის 12 პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა. თუმცა, სი ძინფინგმა ზელენსკის მიწვევა შეიძლება მიიღოს და მოსალოდნელია უკრაინაში ჩავიდეს.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ჩინეთის ლიდერი სი ძინფინგი უკრაინაში მიიწვია - ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტმა ამერიკულ საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეტედ პრესთან" გააჟღერა.

„ჩვენ მზად ვართ ის აქ ვიხილოთ, მსურს მასთან საუბარი. მე მასთან კონტაქტი მქონდა მანამ, ვიდრე სრულმასშტაბიანი ომი დაიწყებოდა. მაგრამ მთელი ამ წლის განმავლობაში, ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მე არ მქონია კონტაქტი", - განაცხადა ზელენსკიმ.

მან ასევე აღნიშნა, პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადება, რომ რუსეთი გეგმავს ტაქტიკური ბირთვული იარაღი ბელარუსში განათავსოს, იმის ნიშანია, რომ რუსეთის ლიდერს არ მიუღია სასურველი გარანტიები ჩინეთის პრეზიდენტისგან მოსკოვში შეხვედრისას.

ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან" სი ძინფინგის მოსკოვში ვიზიტის არაეფექტური შედეგების მიზეზები განმარტა და თქვა, რომ რუსეთი არ აპირებს უკან დახევას, ამიტომ, ჩინეთის მიერ დასახელებული გეგმაც ვერ შესრულებადია, სანამ რუსეთის სამხედრო ადამიანური და ეკონომიკური რესურსები არ ამოიწურება.

„რაც შეეხება ჩინეთის მიერ წარმოდგენილი უკრაინის 12-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის შესრულებას, დიდი ალბათობით აღნიშნული პუნქტები არ შესრულდება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში რუსეთის მიერ. რადგანაც, მაგალითად, პირველი პუნქტი, რომელშიც გათვალისწინებულია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, ბუნებრივია რუსეთისთვის მიუღებელია.

„მისთვის მიუღებელია რომ ცნოს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა გაეროს მიერ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, 1991 წლის მდგომარეობით, როდესაც დაიშალა საბჭოთა კავშირი, და უკრაინა გადაიქცა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ.

„აქედან გამომდინარე, მე მგონია რომ გეგმა არ შესრულდება და რუსეთი არ აპირებს ჯერჯერობით ამ ომის შეჩერებას. ვინაიდან, პუტინი იმედოვნებს 300 ათასი რეზერვისტის ჩართვას ომში და რუსეთს ჯერ კიდევ გააჩნია გარკვეული ფინანსური რესურსები, მას აქვს ეროვნული კეთილდღეობის ფონდი, რომელშიც აკუმულირებულია სხვადასხვა მონაცემებით, დაახლოებით 11 ტრილიონი რუსული რუბლი. ჯერჯერობით რუსეთს ბოლომდე სურს რომ გამოყოს თანხები და მოახდინოს რეზერვისტების მობილიზაცია.

„ამიტომაც, თუნდაც აქედან ჩანს, რომ ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტი მოსკოვში არ იყო წარმატებული."

„მაგრამ, ჩინეთს, ოფიციალურ პეკინს სხვა განზრახვებიც ჰქონდა. თუნდაც ის, რომ აიმაღლოს საკუთარი საერთაშორისო ავტორიტეტი და იყოს შუამავალი რუსეთ-უკრაინის ომში. მას სურს, რომ თურქეთი ჩაანაცვლოს, ადრე თურქეთს ჰქონდა ეს ფუნქცია.

„რაც შეეხება ბირთვული იარაღის განთავსებას, აქ ნათლად ჩანს, რომ სწორედ რუსეთი არ აპირებს ჩინეთის მიერ გამოცემული 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას. პირიქით, სურს, რომ დააშანტაჟოს დასავლეთი, რომ არ დაეხმაროს უკრაინას. ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ ჯერჯერობით რუსეთი არ აპირებს ომის შეწყვეტას. თუმცა, ვფიქრობ, თუ რუსეთს ადამიანური, სამხედრო და ეკონომიკური რესურსები ამოეწურება, ეს იქნება წინაპირობა იმისა, რომ რუსეთმა უკან დაიხიოს.

„შესაძლებელია ჩავიდეს სი ძინფინგი უკრაინაში, თუმცა, უფრო მოსალოდნელია უკრაინაში ჩავიდეს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. ყოველ შემთხვევაში, კონტაქტები ნამდვილად იქნება უკრაინის მხარესთანაც.

„ჩინეთი ცდილობს, რომ ითამაშოს შუამავლის როლი. შუამავალი ხომ არ ნიშნავს მხოლოდ რუსეთში ჩასვლას, ეს ნიშნავს რომ მხოლოდ რუსეთს ემხრობა. ამიტომაც უკრაინაში, თუნდაც ფორმალურად, ვიზიტი შედგება ან ონლაინ ფორმატში ან შეიძლება გაიმართოს სატელეფონო საუბარი პრეზიდენტებს შორის.

„თეორიულად, შესაძლებელია, რომ სი ძინფინგი ჩავიდეს უკრაინაში. თუმცა, ეს შეხვედრა ომზე ვერ მოახდენს გავლენას, სანამ რუსეთი უარს არ იტყვის თავის იმპერიალისტურ გეგმებზე" - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

შეგახსენებთ, რომ სი ძინფინგი 20 მარტს რუსეთში სამდღიანი ვიზიტით ჩავიდა, სადაც რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×