ელზა პაპოშვილი
29.12.2023

უძრავი ქონების მოტყუებით დაუფლების თაღლითობის უპრეცედენტო  სქემა -  უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე პროკურატურამ 9 პირს ბრალი წაუყენა. ცხრა დაკავებულს შორის ერთი ქალია. ცხრავე დაკავებულს ჯამში სამ მილიონიანი ქონების უკანონო მითვისებას ედავებიან.  

გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, საჯარო რეესტრში ყალბი მინდობილობები წარადგინეს, ამ დოკუმენტების საფუძველზე კი მიიღეს უფლება, განეკარგათ ირანის მოქალაქეების უძრავი ქონება. ბრალდებულებმა სულ 19 დაზარალებულის 15 უძრავი ქონების მითვისება შეძლეს, რამაც 3 მილიონ 200 ათასი ლარის ზიანი გამოიწვია. ექვს ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მიესაჯა, მათგან ხუთი იძებნება. სამ ბრალდებულს გირაო შეეფარდა.     

ირანის მოქალაქეების ბინების უკანონოდ მითვისების ბრალდებით დაკავებულთა წრე  კი შესაძლოა გაფართოვდეს. დაზარალებულების უფლებადამცველი ფიქრობენ, რომ საქმეში სხვა პირებიც ფიგურირებენ. ადამიანები, ვინც თაღლითური დაჯგუფების წევრებს თბილისსა და ბათუმში დაკეტილი ბინების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა.  

ადვოკატებს ასევე კითხვები აქვთ საჯარო რეესტრთანაც. მათი თქმით, სწორედ საჯარო რეესტრს უნდა გადაემოწმებინა მინდობილობები, რომლებსაც ბრალდებულები,  სავარაუდოდ,  აყალბებდნენ. 

„ეს პიროვნებები საერთოდ ერთმანეთს არ იცნობდნენ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი საერთოდ საქართველში არ იმყოფებოდა. მას უძრავი ქონება ჰქონდა დაკეტილი და თავისი მეზობლებისგან, ამ ფაქტიდან რამდენიმე დღეში სრულიად შემთხვევით გაიგო, რომ მისი უძრავი ქონება არის გასხვისებული. ამის შემდეგ ჩამოვიდა საქართველოში და საკუთარ სახლში აღმოაჩინა სხვა ადამიანები. ამის შემდეგ დაიწყო გამოძება, გრძელდება და ძალიან ბევრი რამაა დასადგენი, თუ საიდან გახდა ცნობილი ბრალდებული პირებისთვის აღნიშნული ქონების შესახებ, თუ ვინ მიაწოდა მათ ინფორმაცია, რომ ქონებას ამ ეტაპზე არ ჰყავდა მფლობელი საქართველოში და სწორედ ეს ფაქტები არის დასადგენი და იმედი გვაქვს, რომ გამოძიება ამ კუთხითაც აქტიურად იმუშავებს, სქემას გახსნის და ყველა პირს გამოავლენს, ვინც ამ თაღლითურ სქემაში მონაწილეობდა,“ - ამბობს ადვოკატი. 

თაღლითური ჯგუფის მიერ დაზარალებული ერთ-ერთი პირის ადვოკატი კი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი საქართველოში არ იმყოფებოდა, როდესაც საკუთარი ბინის გასხვისების შესახებ ინფორმაცია მოულოდნელად, მეზობლებისგან შეიტყო. მისივე ინფორმაციით, ამ ეპიზოდზე ბრალდებული არის თურქეთის მოქალაქე, რომელმაც თურქეთში დამზადებული ყალბი მინდობილობით ისარგებლა და ბინა გადაიფორმა.

„როდესაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი საქართველოში არ იმყოფებოდა (ის საქართველოს მოქალაქე არ არის), მას დაკეტილი ჰქონდა ბინა, საკუთრებაში ჰქონდა აღნიშნული უძრავი ქონება. მოულოდნელად, მეზობლებისგან გაიგო, რომ მისი ბინა იყო გასხვისებული. როდესაც ის ჩამოვიდა საქართველოში, აღმოაჩინა, რომ ვინმე თურქეთის მოქალაქემ, მისთვის უცნობმა პიროვნებამ თურქეთში გაცემული მინდობილობის საფუძველზე, რომელიც არის ყალბი, საქართველოში საკუთარ სახელზე დაირეგისტრირა ბინა და შემდეგ. რამდენიმე დღეში სხვა პიროვნებაზე გადააფორმა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა დაკარგა ბინა, რომლის საბაზრო ღირებულებაც არის, დაახლოებით, 60 000 დოლარი,“ - აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებულის ადვოკატი.

ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს.

„ფულის გათეთრებას ედავება ბრალდების მხარე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს. ორი ეპიზოდია ორ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, რომელთა საერთო ღირებულება არის 900 000 ლარი. ამ ეტაპზე, იყენებს დუმილის უფლებას, რადგან მოგეხსენებათ, საქმე არის მოცულობითი, 25 ტომისგან შედგება,“ - აცხადებს ადვოკატი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×