ელზა პაპოშვილი
27.06.2022

ბიზნესმენ ლევან კაჭარავას მკვლელობის ირგვლივ ახალი დეტალები ხდება ცნობილი - სავარაუდოდ გამოძიება ორ ვერსიაზე მუშოაბს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბიზნესმენი ვენდეტის მსხვერპლია. ეს კი შესაძლოა უკავშირდებოდეს 90-იან წლებში ძმებ თორაძეების მკვლელობას ან ნიკო კვარაცხელიას მკვლელობას. 

საქმეში ასევე  გამოჩნდა ავოტბუსის მძღოლი, რომელმაც კაჭარავაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირები დაინახა. ის ავტობუსით სწორედ მაშინ გდაადგილდებოდა, როცა ბიზნესმენი წყნეთის გზაზე ჩაცხრილეს. 

ასევე გამოძიებას ჰყავს კიდევ ორი მოწმე, მგზავრები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ავტობუსიდან ბორცვზე გაქცეული ორი ადამიანი დაინახეს. ისინი შემთხვევის ადგილას პოლიციაზე ადრე მივიდნენ. მათ არ იცოდნენ ვინ იყვნენ აღნიშნული პირები, თუმცა ახლა ხვდებიან, რომ ისინი,  სავარაუდოდ, მკვლელები უნად ყოფილიყვნენ. არ არის გამორიცხული მათ ფოტორობოტის შედეგნაც შეეძლოთ. 

თუმცა, ამ დეტალებზე გამოძიება ჯერჯერობით არ საუბრობს. მძღოლი და მისი მგზავრები უკვე გამოკითხულები არიან და შესაძლოა გამოძიებისთვის გარკვეული დეტალები უკევე ცნობილი იყოს.   

ბიზნესმენის ოჯახი ამ დანაშაულს კვარაცხელიას მკვლელობასთან ვერ აკავშირებენ.  აღნიშნულ ვერსიას ასევე კვარაცხელიებიც კატეგორიულად უარყოფენ. თუმცა, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია რომ კაჭარავას განაჩენი შვილის  მკვლელების დახმარებისთვის ე.წ. კანონიერმა ქურდმა გია კვარაცხელიამ გამოუტანა. 

რაც შეეხება ძმებ თორაძეების მკვლელობის საქმეს, კაჭარავას  ოჯახს ეს ვერსია უფრო სარწმუნოდ მიაჩნია. საქმე 1990-იანი წლების  გახმაურებულ მკვლელობას და ერთი ოჯახის სრულად ამოხოცვას ეხება, სადაც ბიზნესმენის გვარიც ჟღერდებოდა და თორაძეების  და მას ამ მკვლელობაში თანამონაწილედ  ასახელებდა. 

რაც შეეხება კვარაცხელიას საქმეს, კრიმინალურ წრეებში საუბრობენ იმაზე, რომ ლევან კაჭარავამ კვარაცხელიას მკვლელობაში ეჭვმიტანილ ძმებ კაკულიებს დახმარება გაუწია და ისინი საქართველოდან ერევანში გადაიყვანა. ასევე ის იყო ფიგურა, რომელიც მათ ფინანსურად ეხმარებოდა. სწორედ ამის გამო კვარაცხელიამ მას განაჩენი გამოუტანა. თუმცა კაჭარავას ოჯახს ამის არ სჯერა. 

“თუკი რამეში შეიძლება ადამიანი 100 პროცენტით იყოს დარწმუნებული, ეს არის სწორედ ამ ვერსიის აბსურდულობა. ლევანი არ იყო ის ადამიანი, რომ მსგავს საქმესთან რაიმე სახით ყოფილიყო დაკავშირებული. კატეგორიულად გამოვრიცხავ“, - ამბობს მოკლული ბიზნესმენის დეიდაშვილი, სალომე კობალაძე. 

რაც შეეხება თორაძეების საქმეს, ბიზნესმენის დეიდაშვილი კაჭარავას ძმების მკვლელობაში  მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს. 

“ეს ვერსიას არის ჭორი და აბსურდი. მაშინ სპეცოპერაცია ჩაატარა ოფიციალურმა სტრუქტურებმა, მათ შორის, მხედრიონმა და არც ლევანი, არც მისი საახლობლო წრიდან ვინმე ადგილზე არ ყოფილა“, - ამბობს სალომე კობალაძე.

მისივე თქმით, ბიზნეს წილებთან დაკავშირებით ლევან კაჭარავას არ ჰქონია არანაირი პრობლემა ,არც საქართველოში და არც საზღვარგარეთ, აქედან გამომდინარე, ოჯახი ვერ აკონკრეტებს, თუ ვინ შეიძლება იდგეს შეიარაღებული თავდასხმის უკან.

ოჯახის ინფორმაციით, ბიზნესმენი საქართველოში რამდენიმე დღის წინ, მამის ორმოცზე დაბრუნდა და არასდროს ჰქონია ეჭვი, რომ ვინმე უთვალთვალებდა. როგორც გარდაცვლილის დეიდაშვილი ჰყვება, ლევან კაჭარავა იარაღს არ ატარებდა და არც დაცვით გადაადგილდებოდა.

ოჯახს, ჯერჯერობით, კომუნიკაცია არ ჰქონია პირთან, რომელიც შემთხვევის დროს ლევან კაჭარავასთან ერთად გადაადგილდებოდა, შესაბამისად, მათთვის უცნობია, თუ რა ინფორმაცია მიაწოდა 32 წლის ბუღალტერმა, ირაკლი აბულაძემ გამოძიებას, რომელიც ავტომობილს თავდასხმის დროს მართავდა. მან თავს გაქცევით უშველა, თუმცა, მისთვის თავდამსხმელებს არც უსვრიათ.  

ოჯახი დარწმუნებულია, რომ საქმე დაქირავებულ ქილერებთან აქვთ, რადგანაც მათ საქმე იმდენად პროფესიონალურად გააკეთეს, რომ ამას ჩვეულებრივი შურისმაძიებელი ადამიანი ვერ იზამდა. არ გამორიცხავენ, რომ მკვლელებმა ქვვეყანაც უკვე დატოვეს.      

რაც შეეხება ავტობუსის მგზავრებს, რომლებიც მკვლელობის ადგილზე, პოლიციის მისვლამდე აღმოჩნდნენ, სავარაუდოდ, გამოძიებამ უკვე გამოკითხა. წყნეთის გზატკეცილზე აღნიშნული ავტობუსი მკვლელობიდან რამდენიმე წუთში გეგმიური მარშრუტის დროს აღმოჩნდა. ორმა მგზავრმა სავარაუდო დამნაშავეები მიმალვის მომენტში დაინახა.  ეს ინფორმაცია ავტობუსის მძღოლმა გამოძიებასაც მიაწოდა, ისევე როგორც ტრანსპორტის სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული ჩანაწერები. სავარაუდო დამნაშავეები, შესაძლოა, ჩანაწერებშიც ჩანდნენ. მოწმედ რამდენიმე მძღოლი გამოჰკითხეს.

დანაშაულის ადგილას მიმდებარე ტერიტორიაზე სათვალთვალო კამერები არ არის, თუმცა როგორც ჩანს, გამოძიებამ ტერიტორიიდან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიპოვა.

გარდაცვლილი ბიზნესმენის ცხედარი ექსპერტიზის შემდეგ, წყნეთში, საკუთარ სახლში გადაასვენეს. ვინ და რატომ მოკლა 53 წლის ბიზნესმენი ლევან კაჭარავა, რომელიც საქმიანი შეხვედრიდან მძღოლის გარეშე, სახლში თანამშრომელს მიჰყავდა - შეკითხვებს მიმდინარე ძიებამ უნდა უპასუხოს, რომელიც განზრახ მკვლელობის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლებით გრძელდება.              

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×