რეზონანსი
16.04.2024

კანონი სახელწოდებით – „უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი“ ადამიანების გამჭვირვალობა, არ არის ახალი მოგონილი ტერმინი, თუ საქართველოს უახლეს ისტორიაში ვინმე გვყავს საამაყო, ყველა ამ მუხლით გახლავთ გასამართლებული და დახვრეტილი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ეკა ხერხეულიძემ პარლამენტის სესიაზე განაცხადა.

ხერხეულიძის თქმით, არც ერთი დიდი სახელი საქართველოს ისტორიაში არ დარჩენილა, რომელსაც წინააღმდეგობა არ გაეწია რუსეთისთვის.

„ასეთი ადამიანები იყვნენ სწორედ ამ იარლიყით გაშავებულები იმ პერიოდში, როდესაც მათთვის განაჩენი გამოჰქონდათ. მინდა, გკითხოთ, ფსევდონიმი „ოტელო“, ხომ არ გახსენდებათ ვისი ფსევდონიმი გახლდათ?! ეს გახლდათ სანდრო ახმეტელის ფსევდონიმი. დღეს, ადამიანები, ვისაც თქვენ აბულინგებთ, რომლებიც თეატრის სცენებიდან მიმართავენ ქართულ საზოგადოებას ქართული ინტერესების დაცვისთვის, დღეს ეს ხალხი გახლავთ სანდრო ახმეტელის მემკვიდრეები. დღეს ეს ადამიანები, ნებისმიერი მუსიკოსი, რომელიც გამოდის და საქართველოს იცავს რუსული ინტერესებისგან, გახლავთ დახვრეტილი უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარის იარლიყით გაშავებული ევგენი მიქელაძის მემკვიდრეები. დღეს, ნებისმიერი ექიმი, რომელიც დგას მოედანზე და რომელიც იცავს საქართველოს ინტერესს, გახლავთ გოგი ელიავას მემკვიდრე. ნებისმიერი ინჟინერი, რომელიც იცავს დღეს საქართველოს მემკვიდრეობას, გახლავთ სწორედ ჯიქიას მემკვიდრე. ნებისმიერი სამღვდელო პირი, რომელიც დღეს იცავს საქართველოს რუსული გავლენისგან, გახლავთ პავლე დაშნიანის მემკვიდრე, კირიონ საძაგლიშვილის მემკვიდრე, ამბროსი ხელაიას მემკვიდრე. ბიოლოგიური ნათესაობა და მემკვიდრეობა არაფერს არ ნიშნავს, არსებობს ასევე იდეური მემკვიდრეობაც, რომელიც გვაიძულებს, გავერთიანდეთ ყველა და ვიდგეთ რუსთაველზე ქართული ინტერესების დასაცავად.

ნებისმიერი პოეტი, ნებისმიერი მწერალი დღეს გახლავთ ინტერესის გამტარი უცხო ქვეყნის კი არა, პირდაპირი მემკვიდრე მიხეილ ჯავახიშვილს, ნიკოლო მიწიშვილის, მიხა ხელაშვილის. ნებისმიერი სპორტსმენი, რომელიც დღეს იცავს ქართულ ინტერესს და ევროპულ ინტერესს, გახლავთ შალვა ერისთავის მემკვიდრე. ადამიანის, რომელიც დახვრიტეს საქართველოს ინტერესის დაცვისთვის რუსეთთან წინააღმდეგობის დროს. ნებისმიერი იუნკერი, რომელიც უკვე ქაშუეთის ეკლესიიდან გაასვენეს და დღეს მათი მემკვიდრეები დგანან, ჯარისკაცები და საქართველოს იცავენ, სწორედ მათ ხსოვნას იცავენ. გენერლები, ბატონებო, მაზმიაშვილი, ჩოლოყაშვილი, კვინიტაძე, მათი მემკვიდრეა ყველა ჯარისკაცი და ყველა ის პოლიციელი, რომელიც დღეს დაიცავს ქართულ ინტერესს და ხელს არ აღმართავს ევროპული მომავლის დამცველების წინააღმდეგ. ამიტომ, ნებისმიერი თქვენი მავნე გამოვლინება, რომელიც იძულებულს ხდის ქართულ საზოგადოებას შეიკრიბოს რუსთაველზე, აქვს ერთადერთი სიკეთე. თქვენ თავიდან გვანახებთ ლამაზ საქართველოს. საქართველოს, რომელიც გვაიძულებს გავიხსენოთ დიდი ქართველის, ვახტანგ ბოჭორიშვილის სიტყვები, რომელიც აი ამ ტრიბუნიდან ითქვა – განთიადია, გრძნობს ეს გული. გრძნობს ეს ტვინი. განთიადია, ადამიანო, განთიადია. გაიგეთ. მშფოთვარე აპრილის დროს, რუსეთი მარცხდებოდა აი ამ მოედანზე, სადაც დღესაც შეიკრიბება ხალხი. ახლაც, ნებისმიერი აპრილის მსგავსად, რუსეთი დამარცხდება სწორედ ამ მოედანზე. არ გქონდეთ იმედი, რომ საქართველო ოდესმე გახდება რუსეთის მოკავშირე“, – განაცხადა ხერხეულიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×