რეზონანსი
25.03.2024

ჩვენი ყველა ინიციატივა ქართული სახელმწიფოსა და ქართული საზოგადოების საუკეთესო ინტერესებს დაუკავშირდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ საარჩევნო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

კერძოდ, მან კომენტარი გააკეთა ცესკოს პროფესიული წევრებისა და თავმჯდომარის ასარჩევად განხორციელებულ ცვლილებებზე.

„ჩვენი ევროპელი პარტნიორების თხოვნით, გადავდგით ნაბიჯი, რომ პოლარიზაცია შეგვემცირებინა. თუმცა, სამწუხაროდ, ისევ იმ რადიკალიზმის გზას დაადგნენ - ისევ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, ისევ ქაოსი და არეულობა. მაშინ ვთქვით, რომ მოდით, გავაუქმოთ, ეს არ არის კონსტიტუციური. რაც არის ევროპაში მიღებული, სწორედ იმ ჩარჩოსა და მაგალითებს დავუბრუნდით.

შემდეგ საარჩევნო ცვლილებებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო და შესაბამისი სამართლებრივი არგუმენტები ვერ მოვისმინეთ, პრინციპში, მას არც ჰქონდა. ეს ვეტო გადავლახეთ და დღეს ბატონმა შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა ცვლილების შესახებ კანონპროექტს და მას კანონის ძალა მიენიჭა.

კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენი ყველა ინიციატივა ქართული სახელმწიფოსა და ქართული საზოგადოების საუკეთესო ინტერესებს დაუკავშირდება", - განაცხადა ზარქუამ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დღეს ხელი მოაწერა „საარჩევნო კოდექსში" ცვლილების შესახებ კანონს. აღნიშნული „საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს, თითქმის 3 წლის განმავლობაში, „19 აპრილის შეთანხმების" მიერ შექმნილი ჩიხი და აირჩიოს ცესკოს პროფესიული წევრები და თავმჯდომარე".

პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე დადებული ვეტო 19 მარტს დაძლია, რის შემდეგაც პარლამენტმა კენჭი უყარა კანონპროექტის თავდაპირველ რედაქციას და მხარი დაუჭირა მის პირვანდელ ვერსიას. პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი პროექტით, ძალაში რჩება საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებები, რომლის მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების შესარჩევ კონკურსს პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს და კანდიდატურებს პარლამენტს, პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს. „საარჩევნო კოდექსში" ცვლილების შესახებ კანონს 25 მარტს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მოაწერა ხელი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×