რეზონანსი
27.02.2024

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, მემორანდუმს ხელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა, დავით ფაცაციამ და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორმა, მურთაზ დევაძემ მოაწერეს.

ინფორმაციის თანახმად, მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები შეთანხმდნენ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე უფასოდ სწავლებისა და შემდგომში მათი დასაქმების ხელშეწყობაზე.

„ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორ, მურთაზ დევაძესთან.

შეხვედრაზე ვისაუბრეთ პრიორიტეტულ მიმართულებებსა და თანამშრომლობის განვითარებაზე, მათ შორის აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების მხარდაჭერის საკითხებზე. შევთანხმდით აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე უფასოდ სწავლებისა და შემდგომში მათი დასაქმების ხელშეწყობაზე.

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში ისწავლება, შესაძლებლობას მისცემს სხვადასხვა ასაკის აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს დაეუფლონ თანამედროვე შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებს.

მინდა, განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორს, ბატონ მურთაზ დევაძეს თანადგომისა და აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების სხვადასხვა პროფესიების დაუფლებაში მხარდაჭერისთვის.

ჩვენ აფხაზეთში აუცილებლად დავბრუნდებით და ძლიერი, ერთიანი ქვეყანა აფხაზებთან ერთად უნდა შევქმნათ იმისთვის, რომ ეს მოხერხდეს, მნიშვნელოვანია ძლიერი, განათლებული მომავალი თაობა გვყავდეს და მჯერა, რომ ეს მემორანდუმიც ამ დიდ საქმეში გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია", - განაცხადა დავით ფაცაციამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×