რეზონანსი
27.01.2024

გვსურს, ოპოზიცია შემოუერთდეს რეკომენდაციებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრას, რადგან პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური. ჩვენ არ ვაკეთებთ პარტიულ საქმეს, ჩვენ ვაკეთებთ ქვეყნის მომავლის საქმეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ ცხრაპუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით 29 იანვარს პოლიტიკურ ჯგუფებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრის შესახებ საუბრისას განაცხადა.

ოდიშარიას თქმით, ოპოზიციისთვის ახლა არის ბოლო შანსი, ზღვარი, სადაც მოხდება ლუსტრაცია, მართლა უჭერენ თუ არა მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს.

„პარლამენტში 29 იანვრის ღონისძიების დღის წესრიგი გასაგებია და ის მოიცავს რეკომენდაციებს. რა წინადადებით დავხვდებით, ნება მიბოძეთ, არ ვისაუბრო, ეს პარლამენტის თავმჯდომარის პრეროგატივაა. ეს პლატფორმა იძლევა საშუალებას, ყველამ გამოთქვას აზრი. ბუნებრივია, „ქართული ოცნება" 29-ში არ იწყებს მუშაობას, მუშაობა დიდი ხანია, დაწყებულია და ჩვენ ყველა მიმართულებით გვაქვს პოზიციები. ველოდებით ოპოზიციას, არასამთავრობოებს, ველოდებით ყველა დაინტერესებულ ჯგუფს თუ ინდივიდს, რომელსაც მართლა გული შესტკივა საქართველოს ევროპულ მომავალზე.

ჩვენ გვესმის ოპოზიციური პარტიების მხრიდან ვარაუდი, რომ ფიქრობენ, შემოუერთდნენ პროცესს. ამას მხოლოდ მივესალმებით. ეს თუ იქნება კონსტრუქციული შემოერთება პროცესში და არა დესტრუქციული, მე მართლაც ვიწამებ, რომ სასწაულები ხდება ამ ქვეყანაზე. არ მინდა, წინასწარ დავაზიანო პროცესი და ვთქვა, არ მჯერა, რომ შემოუერთდებიან. გვსურს, შემოუერთდნენ, რადგან პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური. ჩვენ არ ვაკეთებთ პარტიულ საქმეს, ჩვენ ვაკეთებთ ქვეყნის მომავლის საქმეს. ჩემი აზრით, ოპოზიციისთვის ახლა არის ბოლო შანსი, ზღვარი, სადაც მოხდება ლუსტრაცია, მართლა უჭერენ მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს თუ არა, როგორც ეს დადასტურდა პირველ ეტაპზე, როდესაც ჩვენ 12 რეკომენდაციაზე ვიმუშავეთ", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

კითხვაზე, რომ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" განცხადებით, მიწვევა არ მიუღიათ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა:

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" გადასარევად იცის, რომ ასეთი ღონისძიება ტარდება. 21-ე საუკუნეა და მედიასაშუალებებით ეს ინფორმაცია ტრიალებს. ვინმეს თუ სურვილი აქვს, კარი ცხვირწინ არავის დაეხურება", - აღნიშნა ოდიშარიამ.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ცხრაპუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით 29 იანვარს პოლიტიკურ ჯგუფებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართება. მისი თქმით, სამუშაო ფორმატში საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების მონაწილეობის და დისკუსიის შესაძლებლობა იქნება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×