რეზონანსი
08.12.2023

[ამომრჩეველთა] მხარდაჭერის თვალსაზრისით „ნაციონალური მოძრაობა" დასუსტდა, მისი განხილვა, როგორც ერთადერთი ოპოზიციური ძალის, უკვე აბსურდია - ნიკა მელიას ის თვისებები აქვს, რომლებიც პოლიტიკას ძალიან სჭირდება, პოლიტიკა არის რკინის ქალამნებით სოფელ-სოფელ სიარული და პოლიტიკური დინამიკის აკრეფა, მას ეს თვისებები აქვს, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას პარტიიდან წასვლაზე და მის მომავალ პოლიტიკურ გეგმებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ" და „ნაციონალურმა მოძრაობამ" ათწლეულის განმავლობაში ერთგვარი სიმბიოზი შექმნეს" და „ნაციონალური მოძრაობის" დასუსტებით, „ქართული ოცნებაც" დასუსტდა.

„დიდი ხანია, პარტია [„ნაციონალური მოძრაობა"] ელექტორატული თვალსაზრისით გაყოფილი იყო, უბრალოდ, იქ რაღაც მანევრები მიმდინარეობდა თუ რა ფორმით და როდის მოხდებოდა ეს ყველაფერი. გუშინ, საბოლოოდ, მიიღეს გადაწყვეტილება. რაც შეეხება შედეგებს, მას თავისი პოზიტიური და ნეგატიური მხარე აქვს. ნეგატიური ის არის, რომ პარტიის გაყოფა მის დასუსტებას უკავშირდება, ბუნებრივია. რა პროპორციით გაიყო არ ვიცით, მაგრამ რა პროპორციითაც არ უნდა გაიყოს, ელექტორატული თვალსაზრისით, მხარდაჭერის თვალსაზრისით „ნაციონალური მოძრაობა" დასუსტდა. მეორე მხრივ, პოზიტივი მხარე ის არის, რომ გარკვეულობა შევიდა. ეს ბუნდოვანება და გაურკვევლობა მთლიანად ყველაფერს აზიანებდა. პოზიტიური აგრეთვე ის არის, რომ ორივე ფრთა, რა პროპორციითაც არ უნდა გაიყოს, ოპოზიციურ ფლანგზე რჩება, შესაბამისად, ჯამურად, ოპოზიცია მთლიანობაში ამით არ დაზიანებულა. გარდა ამისა, ამ პროცესის პოზიტივი ის გახლავთ, რომ „ქართულ ოცნებას" მთავარი პროპაგანდისტულ ხაზთან დაკავშირებით პრობლემები უჩნდება. საქმე ისაა, რომ „ქართულმა ოცნებამ" და „ნაციონალურმა მოძრაობამ" ამ ათწლეულის განმავლობაში ერთგვარი სიმბიოზი შექმნეს, ისინი ერთმანეთს კვებავდნენ და აძლიერებდნენ. „ქართული ოცნება" საარჩევნო შედეგს მხოლოდ ნეგატიური გზავნილის შედეგად იღებდა. ის ამას ეუბნებოდა ამომრჩეველს - მე შეიძლება არ ვვარგივარ, მაგრამ ჩემი ალტერნატივა „ნაციონალური მოძრაობის" სახით, ჩემზე უარესია. ამით იღებდა შედეგს.

ეს ორპოლუსიანობა ფაქტია, რომ ირღვევა. „ნაციონალური მოძრაობის" განხილვა, როგორც ერთადერთი ოპოზიციური ძალის, უკვე აბსურდია. იმიტომ, რომ კიდევ უფრო დასუსტებულია, ამ ყველაფრით მულტიპარტიულ დემოკრატიისთვის სივრცე გაიხსნა და ეს „ქართული ოცნებისაც" უქმნის პრობლემებს. კი ბატონო, „ნაციონალური მოძრაობა" დასუსტდა, მაგრამ შესაბამისად, დასუსტდა „ქართული ოცნებაც". მათ წაერთვათ მთავარი საარჩევნო იარაღი, რასაც ნეგატიური ჰქვია. საბოლოოდ, რაც ხდება ეს გაწმენდა სიტუაციის ამ პარტიაში და მის ირგვლივ, მხოლოდ წაადგება მომავალ პოლიტიკურ პროცესს",- განაცხადა „ინტერპრესნიუსთან" გია ხუხაშვილმა და დასძინა, რომ „ნიკა მელიას, „ნაციონალური მოძრაობისგან" განსხვავებით, ელექტორატული ზრდის პოტენციალი აქვს".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×