რეზონანსი
21.11.2023

თბილისის სასქალაქო სასამართლოში დავით გარეჯის საქმეზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის დაკითხვა ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა.

როგორც სასამართლო პროცესზე ჩვენების მიცემისას ნოღაიდელმა აღნიშნა, სასაზღვრო ზოლთან დაკავშირებული საკითხები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კომპეტენციაში შედიოდა და საბჭოს სხდომებსაც ის იწვევდა.

„როცა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილეს საკითხი ჩემი თანდასწრებით, იქ დაისვა საკითხი, თუ იყო შანსი, დავით გარეჯის ის ნაწილი, რომელზეც იყო მუდმივად საუბარი საქართველოს შემადგენლობაში დარჩენილიყო, მაშინ კომისიის თავმჯდომარემ (მალხაზ მიქელაძემ) თქვა, რომ ნაწილი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რჩებოდა. კომისიის თავმჯდომარის პოზიცია იყო ძალიან მკაფიო. ჩვენი ამოცანა გახდა მონასტერი შენარჩუნებულიყო, როგორც ქართული მონასტერი... უშიშროების საბჭოს სხდომას პრეზიდენტი მართავდა და გადაწყვეტილებას უშუალოდ პრეზიდენტი იღებდა", - განმარტა ნოღაიდელმა.

კითხვაზე, 2006 წელს ბევრი მონაკვეთი შეთანხმდა საქართველოს საწინააღმდეგოდ, ეს ფაქტი თუ იყო მისთვის ცნობილი, ყოფილმა პრემიერმა უპასუხა: „მხოლოდ დაკითხვის დროს გავიგე, რომ ეს შეთანხმება ყოფილა. ეს არ იყო ჩემი კომპეტენცია, მე არ ვიხილავდი, ამ საკითხის შეთანხმება ჩემთან საჭირო არ იყო, ეს კონსტიტუციურად იყო პრეზიდენტის კომპეტენცია", - განაცხადა ნოღაიდელმა.

ადვოკატის კითხვაზე, საქართველოს რა რუკები ჰქონდა აზერბაიჯანთან წარდგენილი, თუ დაინტერესებულა, ნოღაიდელმა უპასუხა, რომ - არა.

„ჩვენი აუცილებელი მოთხოვნა იყო და არის, დავით გარეჯის მთლიანი კომპლექსი საქართველოს ტერიტორიაზე დარჩენილიყო. კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ჩვენს ხელთ არსებული ყველა დოკუმენტით, სამწუხაროდ, კომპლექსის ნაწილი აზერბაიჯანის მხარეს რჩებაო", - განაცხადა ნოღაიდელმა.

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდაა, თუმცა მოგვიანებით ისინი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მელაშვილი და ილიჩოვა წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×