რეზონანსი
29.09.2023

დანაშაული, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორდში მოხდა.

ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს 28 წლის ბიჭის ქმედება, რომელმაც მამა საკუთარ სახლში, სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა, ამის შემდეგ კი კვალის დაფარვას შეეცადა: მამის ცხედარი პლედში გაახვია, გვიან ღამით საკუთარი მანქანით გორიდან თბილისში, ავჭალაში, აგარაკზე მიიტანა და იქ დამარხა, შემთხვევის ადგილი სისხლისგან მოასუფთავა და ასე შეეცადა კვალის დაფარვას.

განგაში მეზობლებმა მეორე დღეს, მას შემდეგ ატეხეს, როცა 68 წლის უშანგი ინაური სახლში ვერ ნახეს. ვინ წარმოიდგენდა, შვილს მამა მოკლული რომ ჰყავდა და, პირველ რიგში, მამის გაუჩინარების ამბავი შვილებს შეატყობინეს. დამნაშავე შვილი სოფელში ჩამოვიდა, თურმე და მეზობლებთან ერთად დაიწყო მამის ძებნა. საქმეში მეზობლებმა პოლიციაც ჩართეს, ძალოვნებმა დანაშაული ოპერატიულად გახსნეს.

მალევე გაირკვა, რომ მკვლელობა 28 წლის შვილის - ალექსანდრე ინაურის ჩადენილი იყო.

როგორც ჩანს, მან დანაშაული აღიარა, ძალოვნებს აჩვენა თბილისში ის ადგილიც, სადაც მამის ცხედარი დამარხა... იქიდან ამოასვენეს, შემდეგ კი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

მომხდარით შეძრულია მთელი სოფელი. მათი თქმით, უშანგი ინაურმა შვილებს ყველანაიარად უზრუნველყოფილი ცხოვრება შეუქმნა - უყიდა ბინები, აგარაკები, მანქანა და ა.შ. თუმცა უმცროსმა შვილმა მამა სადისტურად მოკლა...

მერის წარმომადგენელი დიცის ადმინისტრაციულ ერთეულში გია ჯალაბაძე:

- ძალიან მძიმე ამბავი მოხდა. უშანგი ინაურს პირადად ვიცნობდი. ძალიან კარგი ადამიანი იყო, უწყინარი, მშრომელი, არც ეკონომიკურად უჭირდა და შვილებსაც შეუქმნა ყველანაირი პირობები. უშანგის შარშან გარდაეცვალა მეუღლე, შემდეგ კი - დედინაცვალი. კვირას დედინაცვალს წლისთავი გადაუხადა, სადაც ჩამოსული ყოფილა მისი 28 წლის შვილი. მე პირადად არ ვიცნობ, რადგან, ძირითადად, თბილისში ცხოვრობდა, სოფელში იშვიათად ჩამოდიოდა. როგორც ვიცი, დაოჯახებულია. ის ამჟამად მამის მკვლელობაშია ბრალდებული... როგორც ამბობენ, სანადირო თოფიდან გასროლით მოუკლავს მამა...

უშანგი ორი შვილის მამა იყო, მის უფროს ბიჭს ვიცნობ. ის იმ დროს თბილისში იყო და ეს საშინელი ამბავი პოლიციისგან გაიგო. დანაშაულის გახსნის შემდეგ სახლში ჩხრეკა რომ ჩატარდა, უფროსი შვილი პოლიციელებმა ჩხრეკას დაასწრეს და მერე ისევ თბილისში წაიყვანეს. მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

უმცროსმა ვაჟმა რატომ მოკლა მამა, ჩვენთვის უცნობია. მეზობლებს ჩხუბის ხმა ან რაიმე ხმაური არ გაუგონიათ. როგორც აღვნიშნე, კვირას წლისთავი ჰქონდა, მკვლელობა სამშაბათს არის, მგონი, ჩადენილი და ეტყობა, გვიან ღამით წაიღო ცხედარი. მეზობლები ახლოს ცხოვრობენ, მაგრამ ეტყობა, ეს შემთხვევა ღამით მოხდა და იარაღის გასროლის ხმა არავის გაუგია.

მკვლელობის შემდეგ ცხედარი პლედში გაუხვევია, მანქანაში ჩაუდვია და თბილისში, ავჭალაში, კუთვნილ ნაკვეთში წაუღია და იქ დაუმარხავს. მეზობელმა მეორე დღეს მიაკითხა უშანგის სახლში, კარი ღია დახვდა და თვითონ რომ ვერსად ნახა, შვილისთვის დაურეკავს, უშანგი არ ჩანსო. ამის შემდეგ ჩამოსულა დამნაშავე შვილი სოფელში, იცოდა, რაშიც იყო საქმე, მაგრამ მეზობლებთან ერთად ეძებდა. ისე გაითამაშა, თითქოს მან არაფერი იცოდა. მეზობლებმა ჩართეს პოლიცია და მერე გაირკვა, რომ ამის ჩადენილი იყო ეს საშინელი დანაშაული. სახლში სისხლის კვალი წაშლილი ჰქონდა, ეტყობა, მოწმინდა იქაურობა, მაგრამ კრიმინალისტები რომ მოვიდნენ, შემთხვევის ადგილიდან და მანქანიდან სისხლის ნაკვალევი ამოიღეს. დამნაშავე დაკავებულია, რა უთხრა მან პოლიციას, არ ვიცი. ჩვენთვის უცნობია, რატომ მოკლა მამა. ეს არის სადიზმი, არადა, ისეთი მშრომელი კაცი იყო უშანგი, არ ვიცი, რატომ გაიმეტა.

- რამე თანხაზე ხომ არ ჰქონდათ უთანხმოება? რა პრობლემები იყო მათ შორის, ხომ არ იცით?

- არ ვიცით მიზეზი, ალბათ, გამოძიება დაადგენს ყველაფერს. შეძლებული კაცი იყო. 4 თუ 5 ბინა ჰქონია თბილისში, ასევე - აგარაკი, აქაც კარგად ცხოვრობს. მისი არ იყო ეს ქონება? რატომ უნდა მოეკლა ეს უწყინარი კაცი, არ ვიცი. უშანგის ზედმეტი ხმა სოფელში არავის გაუგია, გაოგნებულები და შეწუხებულები ვართ. არც მამა-შვილს შორის კონფლიქტზე იციან რამე მეზობლებმა. პოლიციამ ეჭვი მიიტანა მასზე და ცხელ კვალზე გახსნა ეს დანაშაული. სანადირო თოფით ჰყავს მოკლული, პოლიცია მუშაობს. ძალიან მძიმე ამბავია, სოფელი აღფოთებულია".

მეზობლები გაოგნებულები არიან დამნაშავის ქცევით, მათი თქმით, ისე იქცეოდა, რომ ვითომ არაფერი იყო მომხდარი. ერთ-ერთი მეზობლის თქმით, მამა-შვილს შორის უთანხმოებას ადგილი ხშირად ჰქონდა.

„ეს ბიჭი თბილისში ცხოვრობდა და სოფელში ხშირად არ ჩამოდიოდა, თუმცა, ოჯახის წევრებს შორის არსებულ ურთიერთობაზე გვქონდა ინფორმაცია. უცნაური ბიჭია ეს, თორემ უშანგი ძალიან კარგი ადამიანი იყო, ყველას უყვარდა სოფელში. ერთმა მეზობელმა მითხრა, კონფლიქტები ჰქონდა მამა-შვილსო, მაგრამ რაზე, ეს არ ვიცი. სანადირო თოფით მოუკლავს, მერე კი, კვალი რომ დაეფარა, მამის ცხედარი გაუხვევია პლედებში, საკუთარი ავტომანქანის საბარგულში მოუთავსებია და ასე გადაუტანია თბილისში.

გაოგნებულია ყველა, მართლა საუკეთესო ადამიანი იყო უშანგი ინაური, ყველაფერი გააკეთა შვილებისთვის, სახლი, აგარაკები, მანქანა - ყველაფერი შეუძინა, მაგრამ ამ შვილის, 28 წლის ბიჭის ხელით დაიღუპა. ერთ-ერთი მეზობელი იმასაც ამბობს, ამ უმძიმესი დანაშაულის შემდეგ ეს ბიჭი რომ გამოჩნდა სოფელში, ხელში ერთი ბოთლი ლუდი ეჭირაო.

საერთოდ, არანაირი ხმა არ გაგვიგია, ერთი ბოთლი ლუდი მოიტანა, თან იცინოდა, ამ დროს უკვე მოკლული ჰყავდა თურმე კაცი. ძეხვი და ლუდი უყიდია, ეტყობა, მოშივდა. სახლში იყვნენ მამიდა და ნათესავები, უშანგის ეძებდნენ. მერე გავიგეთ, რომ შვილმა მოკლა.

ოფიციალური ინფორმაცია უკვე გაავრცელა შს სამინისტრომ, უწყების ინფორმაციით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემობაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ვადით ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო: კვირის პალიტრა

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×