რეზონანსი
04.03.2023

საბერძნეთში, სარკინიგზო ავარიის გამო დაწყებულ საპროტესტო აქციებს სტუდენტებიც შეუერთდნენ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ათენის ქუჩებში 2000-მდე სტუდენტი გამოვიდა და ტრაგიკულად გარდაცვლილი ადამიანების მიმართ პატივისცემის წუთიერი დუმილის გამოხატვის დროს პარლამენტთან გზა გადაკეტა.

ათენში შეტაკება მოხდა სამართალდამცავებსა და აქციის რამდენიმე მონაწილეს შორის, რომლებმაც მოლოტოვის კოქტეილები ისროლეს და ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდეს. პოლიციამ მათ ცრემლსადენი გაზით უპასუხა.

სტუდენტებმა საპროტესტო აქცია გამართეს ქალაქ ლარისაშიც, სადაც სარკინიგზო ავარია მოხდა. სტუდენტებს შავი ბუშტები და სხვადასხვა შინაარსის წარწერებიანი პლაკატები ეჭირათ.

„ეს არ იყო უბედური შემთხვევა, ეს იყო მკვლელობა", ეწერა ერთ-ერთ პლაკატზე.

ამასთან, აქციის მონაწილეებმა ქუჩაში წითელი საღებავით დააწერეს სიტყვა „მკვლელები".

საბერძნეთში საზოგადოების უკმაყოფილება და პროტესტი 28 თებერვალს მომხდარი სარკინიგზო ავარიის შემდეგ არ ცხრება, როდესაც სამგზავრო და სატვირთო მატარებლები ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც მინიმუმ 57 ადამიანი, მათ შორის სტუდენტები, დაიღუპნენ.

ქვეყნის ხელისუფლებამ ავარიის მიზეზად ადამიანური შეცდომები დაასახელა, თუმცა პროფკავშირების თქმით, მომხდარი ტექნიკურმა გაუმართაობამ და არასათანადო ტექმომსახურებამ გამოიწვია.

პროტესტის ნიშნად, საბერძნეთში რკინიგზის მუშაკებიც გაიფიცნენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×