რეზონანსი
28.12.2022

 

მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ჟურნალისტის კითხვას - შეიწყალებს თუ არა, ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს.

აღნიშნული განცხადება პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

მისივე განცხადებით, უკვე გამოიკვეთა და ძალიან ნათელია, რომ არის ერთობლივი თამაში ძალებს შორის, რომლებიც თითქოსდა ერთმანეთთან ძალიან დაპირისპირებულები არიან.

„ამ აქციას თან ახლდა სხვადასხვა მესიჯბოქსები, რომლებიც ვრცელდებოდა ამ დღეებში და ეს იყო მიზანმიმართული იმისთვის, რომ მომხდარიყო ზეწოლა პრეზიდენტზე, იმ ადამიანებისგან, იმ პარტიისგან, რომლის მეთაურებიც არსად არ იყვნენ 2007 წელს. 2007 წელს ვამბობ იმიტომ, რომ ეს არის პერიოდი როცა უკვე ყველაფერი მომხდარი იყო და ყველაფერი ნათელი იყო. ეს ადამიანები, რომლებიც დღეს მემუქრებიან სხვადასხვა ფორმით, კარიერით, თუ არ ვიცი რა ფორმით თვლიან, რომ შეიძლება დამემუქრონ, არსად არ იყვნენ მაშინ და ახლა მიკითხავენ მორალს და მასწავლიან, როგორ უნდა ებრძოლო სააკაშვილს, რომელიც დღეს უკვე დაცემულია. მე მაინტერესებს 2007 წლის მერე ეს ადამიანები სად იყვნენ? მე გეტყვით - ერთი იყო მიშას შტაბში და დარჩა დიდხანს, ვიღაცა იყო „ქართუ ბანკში“ კარგად მოკალათებული, ვიღაცა კიდევ სხვა თანამდებობებზე და არ მინდა პერსონალური გავხადო ეს ყველაფერი. არსად არ იყვნენ და რას მიკითხავენ მორალს და რას მასწავლიან მაინტერესებს?! თუნდაც ის ოთხეულები, რომლებიც დარბიან იქით-აქეთ.

მე ისიც მინდა ვთქვა, რომ აქ ძალიან ნათელი არის, რომ არის ერთობლივი თამაში რაღაც ძალებს შორის, რომლებიც ვითომ ძალიან დაპირისპირებულები არიან, მაგრამ რეალურად ვინ შეიწყალა მურუსიძე და ჩინჩალაძე? მე? როდის? მე მგონი სწორედ იმ ძალამ, რომელიც დღეს ჭკუას მასწავლის. არათუ შეიწყალეს, არამედ განაწესეს ისეთ ადგილებზე, საიდანაც ვერავინ ვერ მოხსნის მათ და საიდანაც ისინი ძალიან ეფექტურად გვიბლოკავენ ევროპის გზას. ვის აწყობს? რატომ არ კითხულობთ ამას, სანამ ჩემთან მოვარდება აქცია.

სხვათა შორის, არ ვიცი, სად არიან არასამთავრობოები, რომლებმაც ბულინგის მიმართ რაღაც უნდა გამოხატონ. შანტაჟი, მუქარა, დამცირება, რუსული სოფელია, აგერ ჩემს კარებთან. არცერთ ქვეყანაში არ იქნებოდა პრეზიდენტის სასახლის წინ, მით უმეტეს ასეთ დაძაბულ პერიოდში ასეთი სოფელი გამართული. სხვადასხვა აზრია და გემოვნება. მემუქრებიან კარიერით, თურმე, ამ კარიერას დავემშვიდობები, სხვა კარიერა მინდა. ავიწყდებათ, რამდენი წლის ვარ. თუ ვინმე მიცნობს ამ ქვეყანაში, ალბათ იცით, რომ კარიერა იქ დავტოვე. მე ეს ქვეყანა მაინტერესებს, ამ ქვეყნის ევროპული მომავალი, რომელსაც რატომღაც ყველა ებრძვის.

ვერ ხედავენ, რომ ჩვენს საზოგადოებას ეს უნდა, ჩვენი საზოგადოება ამას მიიღებს. აქ ვარ მე, აქ ხართ თქვენ. ჩვენ ამ გზაზე წავალთ, რაც არ უნდა ყველას მიერ ზეწოლა და სხვადასხვა ფორმით შანტაჟის მცდელობა იყოს“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×