რეზონანსი
22.10.2022

რელეს საკითხი რჩება მთავარ კითხვად, გამოძიება ჯერჯერობით მიმდინარეობს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დავადგინოთ, რატომ არ იმუშავა უსაფრთხოების ნორმებმა, რომელიც იდო პროექტში და შემდგომ იყო განხორციელებული სამუშაოების დროს,- ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ ვაკის პარკის რეაბილიტაციასა და მომხდარი ტრაგედიის შესახებ საუბრისას განაცხადა.

რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ბასილაია ამასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და მისი დასრულების შემდეგ გაკეთდება დასკვნები.

„დაველოდოთ გამოძიებას, უკვე როდესაც დასრულდება გამოძიება, შემდეგ უკვე შეიძლება გავაკეთოთ დასკვნები იმასთან დაკავშირებით, რას უნდა ემუშავა და რამ არ იმუშავა",- განაცხადა ბასილაიამ.

ის ასევე გამოეხმაურა შპს „ელ ემ სის" წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განცხადებას, თითქოს მათ მიერ წარდგენილ პროექტში, ვაკის პარკის შადრევნის ე.წ. ტუმბოები გარეთ იყო გატანილი და პროექტი შეცვლილია და აღნიშნულ განცხადებას სიცრუე უწოდა.

„ეს არის სიცრუე! რა თქმა უნდა, სამუშაოები გაკეთდა ისე, როგორც იყო პროექტში, მეტსაც გეტყვით, თვითონ ავტორს ხელშეკრულებით ევალებოდა საავტორო ზედამხედველობა და ის ვალდებული იყო მონიტორინგი გაეწია პროექტისთვის. პროექტის მსვლელობისას რამდენიმე შეხვედრა ჩატარდა უშუალოდ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, ავტორს და შემსრულებელ კომპანიას შორის და არც ერთხელ არ დაფიქსირებულა რაიმე პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმე არ კეთდება პროექტის მიხედვით", - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

რაც შეეხება კითხვას, რატომ მიიღო მერიის სამსახურმა ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც გამოძიებით დადგინდა, რომ ყალბი იყო, ანდრია ბასილაიამ განმარტა, რომ მერიის თანამშრომელს ეჭვის შეტანის საფუძველი არ ჰქონდა და ამ შემთხვევაში კითხვები თავად ამ დასკვნისკენ უნდა იყოს მიმართული.

„ეს კონკრეტული დასკვნა არის 500 გვერდზე მეტი, მოიცავს არა მხოლოდ ხარჯთაღრიცხვას, არამედ უამრავ ტექნიკურ დოკუმენტაციას, მათ შორის, მაღალი ძაბვის ტესტებს. ასევე მოიცავს სამ მნიშვნელოვან რამეს დასკვნით ნაწილში - ის ამბობს, რომ სამუშაოები განხორციელდა პროექტის მიხედვით, მეორე ის, რომ ხარჯთაღრიცხვა განხორციელდა პროექტის მიხედვით და მესამე, ის, რომ პროექტი განხორციელდა ყველა არსებული სტანდარტისა და ნორმის მიხედვით. არც ერთ ეტაპზე ჩვენს თანამშრომელს არ ჰქონია რაიმე გონივრული ეჭვი, რომ რაიმეში შეეტანა ეჭვი და რაიმე საფუძველი ჰქონოდა, ყველაფერი იყო ცალსახად დადებითი. შესაბამისად, აქ პირდაპირ საექსპერტო დასკვნასთან მიდის კითხვები", - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვი, 13 წლის გოგონა, მარიტა მეფარიშვილი კლინიკაში გარდაიცვალა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულ 9 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×