რეზონანსი
06.09.2022

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი Credit Suisse-ს სინგაპურის სასამართლოში 1,27 მილიარდი დოლარის ზარალში ადანაშაულებს - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა "როიტერი" და წერს, რომ Credit Suisse Trust Ltd-მ მისი ინვესტიციები არ დაიცვა და არ გადადგა სათანადო ნაბიჯები დანაკარგის თავიდან ასაცილებლად. მათივე ცნობით, ეს დანაკარგი კომპანიის ყოფილ ბანკირს, პატრიკ ლესკადრონის მიერ ჩადენილ თაღლითობას უკავშირდება. 

გამოცემის ცნობითვე, თავად სატრასტო დანაყოფის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოსარჩელეების მიერ მოთხოვნილი ზარალის ოდენობა გადაჭარბებულია და ისინი სასამართლოს სარჩელის უარყოფას სთხოვენ.

"როიტერის" სტატიაში აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილი სინგაპურის საერთაშორისო კომერციულ სასამართლოს ონლაინ ჩაერთო. მისი ადვოკატების განცხადებით კი ბანკის წარმომადგენლობამ თავისი დანაკარგი 818,2 მილიონ დოლარად დაიანგარიშა.

მათივე ცნობით, სინგაპურში სასამართლო პროცესი იმ ფონზე დაიწყო, როდესაც "კრედიტ სვისის" ახალი აღმასრულებელი დირექტორი სკანდალების სერიის შემდეგ ბანკის სტაბილიზაციას ცდილობს. ულრიხ კერნერს ამოცანად დაუსახეს, შეამციროს ხარჯები ერთ მილიარდ დოლარზე მეტით, რათა დაეხმაროს შვეიცარიის უმსხვილეს ბანკს წარუმატებლობებისა და დანაკარგების შემდგომ აღდგენაში.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ივანიშვილის ადვოკატების მიერ სასამართლოში წაკითხულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ "კრედიტ სუისის“ ტრასტში 2005 წელს 1,1 მილიარდი დოლარი განთავსდა.

"როიტერი" ასევე წერს, რომ ბანკირმა პატრიკ ლესკადრონმა, რომელიც სწორედ ივანიშვილის ბიზნესს კურირებდა, ტრასტის ინვესტიციებით თაღლითური გზით არაეფექტიანი მართვა და ტრასტის ფონდებით დაუფლება ჯერ კიდევ 2007 წელს დაიწყო.

"2018 წელს ლესკადრონი შვეიცარიის სასამართლომ დამნაშავედ ცნო რვა წლის განმავლობაში ყოფილი კლიენტების, მათ შორის ივანიშვილის, ხელმოწერების გაყალბებაში. მან აღიარა გარიგებების გაყალბება და დანაკარგების დამალვა. სასამართლო დოკუმენტების თანახმად, მოგვიანებით ლესკადრონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შვეიცარიული ბანკი აღდგენას ცდილობს 2021 წელს მიღებული მილიარდობით დოლარის ოდენობის დანაკარგის შემდეგ, რაც მას წარუმატებელი ინვესტიციებისა და მრავალრიცხოვანი სამართლებრივი საქმეების შედეგად მიადგა, მათ შორის ბერმუდის სასამართლო საქმეა, რომელშიც ასევე ეხება ივანიშვილს და რაც შესაძლოა, ბანკს 600 მილიონი დაუჯდეს" - წერს გამოცემა. 

Reuters-ის ცნობით, ივანიშვილმა დღეს სასამართლოზე განაცხადა: „ვფიქრობდი, რომ მოვედი ექსპერტებთან, რომლებიც დაიცავდნენ ჩემს კაპიტალს და ჩემს ოჯახს“.

ცნობილია, რომ სინგაპურის სასამართლოში მოსმენა 6 სექტემბერს გაგრძელდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×