რეზონანსი
23.05.2022

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, მაიმუნის ყვავილის ვირუსთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს, სადაც ვკითხულობთ, რომ ნატურალური ყვავილის საწინააღმდეგო აცრა საკმაოდ ეფექტიანად იცავდა მაიმუნის ყვავილის ვირუსისგანაც და მისი მკურნალობა ყვავილის საწინააღმდეგო პრეპარატებითაც შეიძლება.

"მაიმუნის ყვავილით ადამიანის დაავადების პირველი შემთხვევა აღწერილ იქნა 1970 წელს, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. მაიმუნის ყვავილი ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ადამიანს უპირატესად გადაეცემა მღრნელებისა და პრიმატებისგან. ადამიანებს შორის ვრცელდება რესპირატორული გზით, ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით ან დაინფიცირებულ საგნებთან შეხებისას. გადაცემის შემთხვევები ასევე აღწერილია არასაკმარისად დაუმუშავებელი ხორც-პროდუქტების მიღებისას.

2022 წლის 22 მაისის მდგომარეობით, მსოფლიოში იდენტიფიცირებულია მაიმუნის ყვავილის 92 დადასტურებული და 28 სავარაუდო შემთხვევა (უპირატესად ევროპაში), რომლებშიც ჯერჯერობით არ ვლინდება მოგზაურობის ისტორია დაავადების ენდემურ ქვეყნებში. მაიმუნის ყვავილით გამოწვეული გარდაცვალების არცერთი შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა.

2021 წელს ოთხი კონტინენტის 15 ქვეყანაში დაფიქსირდა ადამიანების მაიმუნის ყვავილით დაინფიცირების შემთხვევები, რომელთა უმრავლესობა დაფიქსირდა მაიმუნის ყვავილის ენდემურ ქვეყნებში: ნიგერია, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, კამერუნი და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა.

მაიმუნის ყვავილის კლინიკა უპირატესად ყვავილის კლინიკის მსგავსია, თუმცა გაცილებით მსუბუქად მიმდინარეობს. ინკუბაციური პერიოდი 5-დან 21-დღემდეა (უპირატესად 7-14 დღე).

ამ ეტაპზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სავარაუდო შემთხვევების გამოვლენას. ჯანმო-ს მიერ შემუშავებულია მაიმუნის ყვავილის შემთხვევის განსაზღვრების სამუშაო ვერსია:

შესაძლო შემთხვევა

ცხელებით (>38.3⁰C) მიმდინარე მწვავე დაავადება, რომელსაც თან ახლავს თავის ძლიერი ტკივილი, ლიმფოადენოპათია, წელის ტკივილი, მიალგია, ძლიერი სისუსტე და 1-3 დღის შემდეგ განვითარებული პროგრესული გამონაყარი, რომელიც ხშირად სახიდან იწყება და შემდეგ ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზე, მ.შ. ფეხის ტერფებსა და ხელის გულებზე. გამონაყარი იწყება მაკულებით, რომლებიც გარდაიქმნება პაპულებად, ვეზიკულებად, პუსტულებად და შემდეგ ქერქად.

სავარაუდო შემთხვევა

შესაძლო შემთხვევის განსაზღვრებასთან თავსებადი შემთხვევა, რომელიც არ არის ლაბორატორიულად დადასტურებული, მაგრამ გააჩნია ეპიდემიოლოგიური კავშირი დადასტურებულ ან სავარაუდო შემთხვევასთან.

დადასტურებული შემთხვევა

კლინიკურად თავსებადი შემთხვევა, რომელიც დადასტურებულია ლაბორატორიული კვლევის შედეგად.

ნატურალური ყვავილის საწინააღმდეგო აცრა საკმაოდ ეფექტიანად იცავდა მაიმუნის ყვავილის ვირუსისგანაც.

მკურნალობა შესაძლებელია ყვავილის საწინააღმდეგო პრეპარატებით," - ვკითხულობთ NCDC-ს განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×